ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე მცირე ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე სატურნირო დღეს სპორტულმა წყვილებმა მოკლე პროგრამით იასპარეზეს. 20 წყვილს შორის ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ 69,18 ქულა დააგროვეს და მცირე ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.
დღეს, 1 მარტს, დებრეცენში მედლების ბოლო ორი კომპლექტი გათამაშდება გოგონებსა და სპორტულ წყვილებში. თავისუფალი პროგრამის წინ ჩვენი ნაკრების წევრი ინგა გურგენიძე 67,47 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო ანასტასია მეტელკინა – ლუკა ბერულავას წყვილი კი 69,18 ქულით ლიდერობს სპორტულ წყვილთა შორის.
გოგონათა სეგმენტში მსაჯთა შემადგენლობაში იმუშავებს საერთაშორისო კატეგორიის ქართველი მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.