ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ფლობს რესურსს, რომ პროცესები დადებითად განვითარდეს. რა საკვირველია, ამას ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს და პირველ რიგში, უკრაინამ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ვოლსკის შეფასებით, მოლაპარაკებებში შუამავლად ამერიკა გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ევროკავშირი, რადგან „რუსეთზე გავლენა ტრამპს გაცილებით მეტი ექნება“.
„მძიმე სიტუაციაა. ჩვენთვის დამატებითი განცდაა. ვხედავთ, რომ ვითარება საკმაოდ დაიძაბა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის გარკვეულ ნაწილს შორის. ვხედავთ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, საფრთხე და განსაცდელი ჯერ გავლილი არ არის. ამ საკითხებზე თუ დამატებითი ძალისხმევა არ იქნება დასავლელი პარტნიორებისგან, რათა ვითარება დაწყნარდეს და რეალური მოლაპარაკებების პროცესში გადავიდნენ, საქართველო მუდმივად ფრთხილად და იმის მოლოდინში უნდა იყოს, რომ საქართველოსთან მიმართებაში კვლავ აგრესია, „ ევროპის სახალხო პარტიის“ გააფთრებული შეტევები გაგრძელდება ისევე, როგორც ფულადი რესურსის მობილიზებაც. ყველას უნდა გვახსოვდეს, ვისაც სამხრეთ კავკასიის ბედი ედარდება – დღეს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ახალგაზრდებს განსაკუთრებით უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს მომავალი მათია და აქედან გამომდინარე, ნგრევის სცენარში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. ამ პროცესის დადებით კალაპოტში დაბრუნებას ველოდებით. ადრე თუ გვიან, ეს მიღწევადია, რადგან ამერიკას ამისთვის ყველანაირი რესურსი გააჩნია. ევროპას ის რესურსი არ გააჩნია, რომ უკრაინას იმდენი დახმარება აღმოუჩინოს, რომ თავის დაცვა შეძლოს, მაგრამ აქ საუბარი არ არის მხოლოდ პოლიტიკურ და სამხედრო კონტექსტზე, აქ საუბარია ადამიანების ბედზე, რადგან უკრაინა სერიოზული განადგურების პროცესშია იმ დახმარებითაც კი, რომლითაც ამერიკა და ევროპა ერთად უდგანან გვერდში. რუსეთსაც სერიოზული პრობლემები აქვს, სანქციები გაუგრძელა ტრამპმა. ასე რომ, მოლაპარაკების მაგიდასთან ვერავინ უნდა მოვიდეს სრულად დარწმუნებული თავის უპირატესობაში. შუამავალი – ამერიკა, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ევროკავშირი. რუსეთზე გავლენა ტრამპს გაცილებით მეტი ექნება. ზედაპირზე ამოვიდა ყველაფერი, რაც ადრე დამალული იყო ამ განცხადებების და მოქმედებების გამართლების კონტექსტში. ამბობდნენ ერთს, რეალურად სხვა პროცესები მიმდინარეობდა. საუბარია ენერგორესურსებზე, სასარგებლო წიაღისეულზე, მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე გავლენების გადანაწილებაზე და უშველებელ საფრთხეებზე, რაც კაცობრიობას ემუქრება. ეს ყველაფერი აშკარად ითქვა და ზემოთ ამოვიდა. უკანა მხარეს ბრტყელ-ბრტყელმა განცხადებებმა გადაინაცვლა, რომელიც თითქოსდა გამოხატავდა ინტერესებს ადამიანის უფლებების, ლგბტ უფლებების და გამჭვირვალობის თემაზე. ეს ყველაფერი მოგონილი საკითხებია იმისთვის, რათა თავისი გავლენები გაავრცელოს ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ ამა თუ იმ რეგიონში. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია რესურს ფლობს, რომ ეს პროცესები დადებითად განვითარდეს. რა საკვირველია, ამას ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს და პირველ რიგში, უკრაინამ“, – განაცხადა ვოლსკიმ.