სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის გამო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, შუახნის მამაკაცი საკუთარ სახლთან ახლოს გაყინული იპოვეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭკათში კი მამაკაცი სახურავიდან გადმოვარდა, როცა მეზობელს სახლის დათოვლაში ეხმარებოდა. ერთი ქალი, რომელიც 86 წლის დედას უვლიდა, ნატანების თემში, სოფელ ჯაფარეულში გარდაიცვალა.
მოსახლეობის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სტიქიას აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა. „ქართული ოცნება“ მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც:
“ინგრევა სახლები , არიან მარტოხელა მოხუცები და სახლის დათოვლა არის სასწრაფოდ საჭირო, ითხოვენ 200 ლარს, სანამ მსხვერპლი იქნება გაუშვით ხალხი” კრისტი მოისწრაფიშივილი, სოფელი ხაჯალია
“რეჟიმი ვერ მართავს ქვეყანას და ამის მაგალითი არის დღეს გურიაში, აჭარაში… ვერაფერს აკეთებენ, ვერ მართავენ და მხოლოდ ტყუილები შეუძლიათ. თითქოს, სამი დღის წინ გაგზავნეს საგანგებო ძალები. არაფერიც, დღეს დაიწყეს, როცა ხალხის მძიმე რეაქცია მოჰყვა. ტყუილად არსებობს უსაფრთხოების საბჭო, საგანგებო დეპარტამენტი, ტყუილად არიან ამდენი ძალოვნები“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა გურიაში, სადაც ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა და ადამიანები გარე სამყაროს მთლიანად მოწყვიტა. ინტენსიური თოვისა და გადამცემი ხაზების დაზიანების გამო, დასახლებების უმრავლესობას დენი მეოთხე-მეხუთე დღეა არ აქვთ. ზოგან ავარიულად გაითიშა ბუნებრივი აირის მიწოდებაც. დაზიანდა სასმელი წყლის მილები.
ამ დრომდე, გაუწმენდავი და ჩახერგილია სოფლებთან მისასვლელი გზები, უხვმა ნალექმა დაანგრია და დააზიანა ათობით სახლი და ნაგებობა. საკვების, წამლების და შეშის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების ნაწილი, ზოგიერთი სოფლიდან ევაკუაციას ითხოვს, ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მარტოხელა მოხუცები. სოციალურ ქსელებში ასობით ოჯახი ითხოვს შველას.
იმხელა თოვლია მეშინია სახურავი არ ჩამოინგრეს. მართლა გვეშინია ამ ღამის ზაზა დუმბაძე, სოფელი აცანა
„ლანჩხუთი. სოფელი აცანა, ქინქლაძნების უბანი! მყავს სამი მცირეწლოვანი ბავშვი პლიუს ნაოპერაციევი დედამთილი. არ არის გზა, არ გვაქვს სასმელი წყალი. უშუქობასაც ავიტანთ, მაგრამ სახლი არის ავარიულ მდგომარეობაში. დასათოვლია. ეს დღეებია როგორ უძლებს ამ სიმძიმეს ისიც მიკვირს, მაგრამ ეხლა გამოსცემს ხმებს და მეშინია არ ჩამოინგრეს. მართლა გვეშინია ამ ღამის, შუქი არ არის, ტელეფონის ბოლო პროცენტებს ვიყენებ პოსტის დასაწერად“ – წერს აცანელი ზაზა დუმბაძე.
“გამოგვიყვანეთ მამათიდან, თუ თოვა ისევ გაგრძელდა, დიდი უბედურება მოხდება” – წერს ილიკო კილაძე.
“ინგრევა სახლები , არიან მარტოხელა მოხუცები და სახლის დათოვლა არის სასწრაფოდ საჭირო, ითხოვენ 200 ლარს ისედაც 300 ლარი აქვს პენსიონერს პენსია რითი გადაიხადოს? სანამ მსხვერპლი იქნება გაუშვით ხალხი” – კრისტი მოისწრაფიშვილი სოფელ ხაჯალიიდან.
ხომ იცოდით ამინდის გაუარესების შესახებ? თუ 112-მა რომ სმს-ები დააგზავნა ეს უშველიდა ყველაფერს?! აქამდე რატომ არ მოხდა საკმარისი მობილიზაცია? ანა დოლიძე, ოზურგეთის მკვიდრი
„გთხოვთ დამეხმარეთ! დედაჩემი ახლა არის აცანაში. ჩვენ დევნილები ვართ უკრაინის ოკუპირებული ნაწილიდან. დედა 80 წლისაა. აცანაში ყოფილ საბავშვო ბაღში მარტო დარჩა. იქ ყველა მოხუცები არიან და მასთან ვერავინ მიდის. შუქი არ არის, წყალი გაყინულია, წამლები გაუთავდა. ბეღელში შეშაა, მაგრამ მისასვლელი გზა არ არის, რადგან თოვლი ძალია დიდია და ვერ ახერხებს გადაადგილებას” – უკრაინიდან, ნოვა კახოვკიდან დევნილი ლუდმილა კურბატოვა.
„ავარიულ სახლებშია გამოკეტილი ხალხი, დენის, წყლის, საჭმლის გარეშე და უშედეგოდ ელოდება როდის მიაღწევთ იქამდე. ხომ იცოდით ამინდის გაუარესების შესახებ? თუ 112-მა რომ სმს-ები დააგზავნა ეს უშველიდა ყველაფერს?! აქამდე რატომ არ მოხდა საკმარისი მობილიზაცია? ოზურგეთში თეატრის წინ და ცენტრალურ გზებზე რომ ტრაქტორს დაარიხინებთ, ეგ საქმე ნუ გგონიათ – ოზურგეთელი ანა დოლიძე.
გურიაში ძალიან ბევრი მოხალისე 23 და 24 თებერვალს ჩავიდა, ლანჩხუთში მათ საგანგებო შტაბიც კი გახსნეს, ჩაიტანეს ჰუმანიტარული დახმარება და დაიწყეს ტრაქტორების ქირაობა, კერძო ფონდების შემოწირულობით.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 25 თებერვალს მიიღო სტიქიის ზონაში თავდაცვის ძალების გადასროლის გადაწყვეტილება. გურიაში ჯარისკაცები სამეგრელოდან, სენაკის სამხედრო ბაზიდან, გერმანიის გრანტით შესყიდული „მანის“ ტიპის სატვირთოებით შეიყვანეს.
