ნებისმიერი სახელმწიფო და ნებისმიერი მმართველობა ფასდება იმით, თუ როგორ რეაგირებს სტიქიების შემთხვევებში და ასეთ მოვლენებზე. ეს არის მმართველი გუნდის მოვალეობა, რომ შენს მოსახლეობას უსაფრთხოების პირობები შეუქმნა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, მართალია, ვერავინ აიცილებს თავიდან სტიქიას, მაგრამ რაღაცები შეიძლება წინასწარ ყოფილიყო გათვალისწინებული, „მაგალითად, წყლის ჭავლის მანქანების ნაცვლად, ის მძიმე ტექნიკა შეეძინა სახელმწიფოს, რომელიც სტიქიების დროს გამოიყენება“.
„ეს არ არის სპეკულაცია, ეს არის რეალობა, რომელსაც ყველა ხედავს და, პირველ რიგში, ამას ხედავს და აფასებს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც იქ არის და განიცდის ამ ვითარებას.
ნებისმიერი სახელმწიფო და ნებისმიერი მმართველობა ფასდება იმით, თუ როგორ რეაგირებს ასეთ შემთხვევებში და ასეთ მოვლენებზე. ეს არის მმართველი გუნდის მოვალეობა, რომ შენს მოსახლეობას უსაფრთხოების პირობები შეუქმნა.
ისიც მართალია, რომ ვერავინ აიცილებს თავიდან სტიქიას, დღევანდელი მოვლენები არის მთელს მსოფლიოში, მაგრამ რაღაცები შეიძლება წინასწარ გაითვალისწინო, მაგალითად, სპეკულაციად თუ არ ჩამითვლით, წყლის ჭავლის მანქანების ნაცვლად, შეიძინო ის ტრაქტორები ან რაც საჭიროა იმისთვის, რომ თოვლის პირობებში შეძლო და მიაღწიო იმ სოფლებამდე, რომლებიც უფრო დიდ საფრთხეში არიან.
ასევე, ყველამ ვიცით, რომ დღეს შეიძლება მოხდეს წყალდიდობა, ხვალ ზვავი და ა.შ. ეს ყველაფერი არ არის ის მოვლენები, რაც სრულიად გაუთვალისწინებელია, ამიტომ არსებობს ქვეყანაში უსაფრთხოების საბჭო, რომელიც სცენარებს უნდა ამზადებდეს ამ შემთხვევებისთვის – ეს არის მისი ფუნქცია, რომ ყველაფერი წინასწარ გათვალოს და ზომები მიიღოს. უნდა არსებობდეს ადგილობრივი ცხელი ხაზები. მე რაც გავიგე, მუნიციპალიტეტში მისამართები და სიებიც არ არსებობს იმ ადამიანების, რომლებიც იმ სოფლებში ცხოვრობენ, სადაც ძნელი მისაღწევია და სადაც ხანში შესული ან მარტოხელა ადამიანები არიან.
დაგეგმარება საერთოდ გამოსულია წყობიდან. არ შეიძლება, რომ რიკოთი ყოველ მეორე დღეს იკეტებოდეს და ქვეყანა ორად იყოს გაყოფილი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის იმპერიის და შემდეგ საბჭოთა კავშირის მთავარი მიზანი მუდმივად იყო საქართველოს ორად გაყოფა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც მეხუთე პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანაში რუსული რეჟიმია დამყარებული. მისი თქმით, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მიერ იყოს დასმული ან უბრალოდ მას თავისი წარსული და კომპრომატები წამოეწია რუსეთისგან.
„ეს უკვე არის რუსული რეჟიმი სწორედ იმით, რომ კი არ მართავს ქვეყანას, არამედ ქვეყანას აყენებს რეპრესიული მანქანის ქვეშ და ეს არის ტიპურად რუსული რეჟიმი. მხოლოდ დიქტატურა კი არ არის, დიქტატურა კიდევ სხვა რამ არის. მე არ ვიცი (ბიძინა ივანიშვილი) რუსეთის კაცია თუ რუსეთის ზეგავლენის ქვეშ არის, ან კომპრომატები არის მასზე – ეს შეიძლება ერთ დღეს ისტორიკოსებმა გაარჩიონ, ჩემთვის ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, არსებითი მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ვცხოვრობთ რუსულ რეჟიმში და ამ რეჟიმს ივანიშვილი მართავს. ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებით არის მიღებული ყველა კანონი.
ჩვენ ვიცით სხვადასხვა ქვეყანაში ჩასმული ადამიანები. მე არ ვიცი, ის (ბიძინა ივანიშვილი) რა დროიდან არის რუსეთის მიერ ჩასმული, თუ იყო ოლიგარქი, რომელსაც უნდოდა რაღაცების გაკეთება ამ ქვეყნისთვის და რაღაც მომენტში დაეწია თავისი წარსული თავისი კომპრომატებით. შეიძლება, რუსეთს მანამდე არ სჭირდებოდა და რაღაც მომენტში გამოჩნდა. ეს მეტ-ნაკლებად უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს, როცა გამოჩნდა, რომ დაჩქარებული არის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, რომ რეალობად იქცა ის, რაც შორეული პერსპექტივა იყო. ამაზე, შეიძლება რუსეთმა თქვა, რომ ჩემი კაცი თუ ხარ, ახლა მაჩვენე, უნდა დამიმტკიცო – ეს არის ერთი ვერსია და შეიძლება, უამრავი ვერსია იყოს.
არ ვიცი, რისი მიღწევა უნდა, ფაქტია, რომ ჩვენ დღეს რუსულ რეჟიმში ვიმყოფებით და ჩვენი მისაღწევია, რომ ეს არ დავუშვათ”, – აღნიშნა მეხუთე პრეზიდენტმა.
