ქარტია „ოცნებას“ მოუწოდებს, უკან გაიწვიოს რეპრესიული ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მაუწყებლობის შესახებ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ პარტიის მიზანი მედიის შეზღუდვაა. ქარტია მოუწოდებს „ოცნებას“, შემოთავაზებული ცვლილებები გაიწვიოს და რეპრესიული მექანიზმების შემოღების ნაცვლად, თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერებასა და ხელშეწყობაზე იზრუნოს.
„წარმოდგენილი წესები ერთადერთ მიზანს ემსახურება – არ მისცეს ჟურნალისტებს საჯარო სივრცეებში, საჯარო პირებისთვის, საჯარო ინტერესით ნაკარნახები კითხვების დასმის შესაძლებლობა, რათა მათ ვერ შეძლონ კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის, სოციალური პრობლემების და სხვა საკითხების გაშუქება და დისკომფორტი არ შეუქმნან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს.
შემოთავაზებული ცვლილებების ერთი ნაწილი უხეშად ერევა სარედაქციო გადაწყვეტილებებში და სარედაქციო გემოვნების საკითხებსაც არეგულირებს“, — ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
ქარტიის განცხადებით, ის თავადაა თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმი და მიუღებელია მედიასთან დაკავშირებულ დავებში არბიტრად საქართველოს კომუნიკაციის კომისიის შემოყვანა, რომლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.
„ჟურნალისტებს შეცდომებზე კოლეგებმა უნდა მიუთითონ და არა ჩინოვნიკებმა, რომელთაც სანქციების დაწესებისთვის ფართო მანდატი ეძლევათ. განვითარებას ხელს უწყობს თვითრეფლექსია და არა სადამსჯელო ღონისძიებები“, – აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.
„ოცნების“ კანონპროექტი, რომლითაც დაგეგმილია რეპრესიული რეგულაციების შეტანა მაუწყებლობის შესახებ კანონში, ბიუროზე 24 თებერვალს დარეგისტრირდა.
“ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ამკვიდრებს ე.წ. ბრიტანულ სტანდარტს, რაც, სხვა სიახლეებთან ერთად, გულისხმობს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მანდატის ზრდას.
კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებათა შორისაა:
· ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას (საავტორო პროგრამების გარდა) იზღუდება პოზიციის გამოხატვა;
· პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება. პასუხი უნდა გაშუქდეს სამართლიანად და ზუსტად;
· კანონით განისაზღვრება ყველა ის შემთხვევა, რა დროსაც ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა გამართლებულია; დამატებით განისაზღვრება კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ფარული ჩაწერის სტანდარტი.
· განისაზღვრება შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევების, საგანგებო ვითარების გაშუქებისას ზუსტი და სარწმუნო ინფორმაციის გადაცემის სტანდარტი და ა.შ.
გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ახალი ცვლილებებით აიკრძალება, დაფინანსების უცხოეთიდან მიღება იქნება. ამ ცვლილების მიზანია, შემცირდეს “უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენა”.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების” დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, , ვიქტორ ჯაფარიძე, ნოდარ ტურძელაძე, , ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა და .