პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენება ორმა მოწმემ – ექიმმა და ექსპერტმა მისცეს.
ამასთან გადაისინჯა, დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
ბრალდების მხარე აპელირებდა, რომ გასათვალისწინებელი იყო მათე დევიძის ქმედების ხასიათი და მის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში უნდა დარჩენილიყო.
პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობდა.
დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატების თქმით, არც ერთი გარემოება, რაზეც ბრალდება აპელირებდა, გასათვალისწინებელი არ იყო და დევიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უნდა გამოყენებულიყო.
რაც შეეხება სასწრაფო დახმარების დაკითხულ ექიმს, როგორც მან აღნიშნა, მელიქიშვილის გამზირზე სპეცდავალებით იმყოფებოდა და მან დაზარალებულ პოლიციელს დახმარება აღმოუჩინა.
როგორც ექიმმა განმარტა, მას პოლიციელმა უთხრა, რომ მოქალაქემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ კი, უცნობმა პირმა მას გადაატეხა ხელჯოხი.
ექიმის თქმით, მან პოლიციელს პირველადი დათვალიერება ჩაუტარა. მისივე განმარტებით, სამართალდამცავს მხრის არეში სიწითლე ჰქონდა.
ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცავებმა ნოემბერში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.