გია ჯაფარიძე – დღეს ვითარება უკვე სხვა ქმედებებს მოითხოვს, საჭიროა ერთიანობის ახალი პლატფორმის მოფიქრება – რასაც ვხედავ, ჯერჯერობით მომხიბვლელი სიტყვებია, სალომე ზურაბიშვილისგან თვალში მაკლდება კონკრეტული ქმედებები

მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილს სურს პროცესებისგან დისტანცირდეს, რომ ამ პროცესებში ის არ გაისვაროს, მაგრამ შედეგით ყველაზე მეტი სარგებელი მიიღოს – ბევრი რაღაც უნდა გაეკეთებინა, რაც მგონია, რომ არ არის გაკეთებული, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
გია ჯაფარიძემ მეხუთე პრეზიდენტის, ს მიერ გამოქვეყნებულ „ახალი ს გეგმაზე“ საუბრისას აღნიშნა, რომ „ეს ჯერჯერობით არის ძალიან მომხიბვლელი სიტყვები, შეუძლებელია არ დაეთანხმო, მაგრამ ქალბატონი ზურაბიშვილის მხრიდან თვალში ნამდვილად მაკლდება კონკრეტული ქმედებები“.
გია ჯაფარიძის განცხადებით, დღეს ვითარება მოითხოვს უკვე სხვა ქმედებებს და საჭიროა ერთიანობის ახალი პლატფორმის მოფიქრება.
„აქ ახალი არაფერია. ეს ყველაფერი ძალაში იყო 26 ოქტომბრის არჩევნებამდეც. ვერ გეტყვით, რომ რაღაც ნოვაცია მოვისმინე ისეთი, რაც მანამდე არ იყო და ახლა გაჩნდა, ეს ყველაფერი მანამდეც იყო, მაგრამ კითხვა არის, აქამდე როგორ უნდა მივიდეთ? არჩევნებს ნიშნავს „ქართული ოცნება“? საერთოდ რა არჩევნებზეა საუბარი? ახალი არჩევნები იქნება, მაგრამ როგორ უნდა მივიდეთ ამ არჩევნებამდე? დანარჩენი გასაგებია, მანამდეც იყო საუბარი. სიმართლე გითხრათ, ახალს ვერაფერს ვხედავ.
მე მგონია, რომ პოლიტიკურ ძალებს მართებთ რაღაც ახალი პლატფორმის მოფიქრება, ეს პლატფორმა უნდა იყოს ახალი ერთიანობის პლატფორმა. ეს ეხება ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ცვლილება სურს საქართველოში, პირველ რიგში ეს ეხებათ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი 5%-იანი ბარიერი გადალახეს, დღეს ვითარება მოითხოვს უკვე სხვა ქმედებებს. დღეს არის საჭირო ერთიანობის ახალი პლატფორმის მოფიქრება. ამ ერთიანობის ახალ პლატფორმაში, ბუნებრივია, ქალბატონ ზურაბიშვილსაც ექნება და ალბათ, უნდა ჰქონდეს თავისი როლი.
მე, რასაც ვხედავ, ჯერჯერობით არის ძალიან მომხიბვლელი სიტყვები, შეუძლებელია არ დაეთანხმო, მაგრამ ქალბატონი ზურაბიშვილის მხრიდან თვალში ნამდვილად მაკლდება კონკრეტული ქმედებები. მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მას სურს პროცესებისგან დისტანცირდეს, რომ ამ პროცესებში ის არ გაისვაროს, მაგრამ ამ პროცესების შედეგით ყველაზე მეტი სარგებელი მიიღოს. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ბევრ რამეს უნდა აკეთებდეს, ყველაფერს შეიძლება პირდაპირ ეთერში ვერც ვამბობდე, მაგრამ ბევრი რაღაც უნდა გაეკეთებინა, რაც მგონია, რომ არ არის გაკეთებული და ბევრ რაღაცას უნდა აკეთებდეს თუნდაც საერთაშორისო მიმართულებით, მაგრამ მგონია, რომ ის არ არის ისეთი აქტიური, როგორი აქტიურიც შეიძლებოდა ყოფილიყო“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.