ეს სანქციები ემსახურება ოპოზიციისთვის და მათი მართული ტელევიზიებისთვის დამატებითი ჟანგბადის მიწოდებას, აჟიოტაჟის შემოტანას საზოგადოებაში – ბრიტანეთის ეს მიდგომა, სამწუხაროდ, ძალიან არასერიოზულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის, სტივენ დოუთის განცხადებას გამოეხმაურა.
მაჭავარიანის თქმით, ბრიტანეთში „დიფსთეითის“ ჭარბი გავლენაა და იმედს გამოთქვამს, რომ ისევე როგორც ამერიკაში, ბრიტანეთშიც დამარცხდება „დიფსთეითის“ გავლენები.
„რატომ უნდა დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს სანქციები? – ბიძინა ივანიშვილს დიდ ბრიტანეთში არანაირი აქტივები არ გააჩნია. შესაბამისად ეს ყველაფერი არის იმ თემის გაგრძელება, რომელიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო. ეს სანქციები ემსახურება ოპოზიციისთვის და მათი მართული ტელევიზიებისთვის დამატებითი ჟანგბადის მიწოდებას, აჟიოტაჟის შემოტანას საზოგადოებაში. ბრიტანეთის ეს მიდგომა სამწუხაროდ ძალიან არასერიოზულია. ქალბატონი ლიზ ტრასი, რომელიც გახლდათ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 2-3 წლის წინ, მან უკვე ორჯერ ღიად ისაუბრა, რომ ბრიტანეთში არის „დიფსთეითის“ ჭარბი გავლენა და ღრმად აქვს ფესვები გადგმული. იმაზე უფრო მეტად ვიდრე ეს იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. აშშ-მ ღია ბრძოლა დაიწყო, ვაკვირდები და დონალდ ტრამპს ძალიან ვგულშემატკივრობ, რომ ეს ბრძოლა მისი გამარჯვებით დასრულდეს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბრიტანეთშიც ეს ბრძოლა დაიწყება და იქაც დამარცხდება „დიფსთეითის“ გავლენები. დანარჩენ შემთხვევაში, ვერანაირ მოტივს ვერ ვხედავ რაზე უნდა დასანქცირდეს, როგორ უნდა დასანქცირდეს, როდესაც მას ფიზიკურად არაფერი გააჩნია ბრიტანეთში აქტივების სახით და ბიძინა ივანიშვილს, რომ სანქციების არ ეშინია ეს ყველამ კარგად ნახა, მითუმეტეს ბოლო სამი წლის განმავლობაში, როდესაც ჯერ დე ფაქტო სანქციები დაუწესეს და რამდენიმე მილიარდზე შეეზღუდა მას წვდომა, მაგრამ მაინც, ვერ გადაადგმევინეს ის ნაბიჯი რაც სურდათ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს. მეორე ფრონტი საქართველოში არ გახსნილა და ბიძინა ივანიშვილმა არანაირი ნაბიჯი არ გადადგა, რაც ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. შესაბამისად, რამდენიც არ უნდა ეცადონ ამ რაღაც ხმამაღალი განცხადებებით, ან სხდომებით, პარლამენტის შეკრებებით სხვადასხვა ქვეყნებში, აბსოლუტურად ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების ქმედებების მიმართ „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა. ბრიტანელმა მინისტრმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა „მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაზე“ და აღნიშნა, რომ ეს სრულად მიუღებელია.
ამასთან, ბრიტანელმა მინისტრმა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა: „ყურადღებით ვაგრძელებთ საქართველოში ვითარებაზე დაკვირვებას, კომენტარს არ ვაკეთებთ პოტენციურ სამომავლო სანქციებზე, ვინაიდან, შედეგს შეამცირებს“.
