“ფარას” კანონი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებით – ვის მიუსჯიან 5-წლიან პატიმრობას
ხელისუფლების სტრატეგია პროტესტზე და ოპოზიციის დასავლეთის “პრინციპულობის” იმედი – “აქტიური გაზაფხულის” მოლოდინში
არც სამშვიდობოები და არც ფრონტის ხაზის “გაყინვა” – მოსკოვი უკრაინაში ევროპული კონტინგენტის განთავსების წინააღმდეგია
* * *
“ფარას” კანონი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებით – ვის მიუსჯიან 5-წლიან პატიმრობას
“ფარა”-ს კანონს, რომელიც “ოცნების” თქმით, ამერიკული კანონმდებლობიდან სიტყვა-სიტყვით თარგმნეს, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები ახლავს თან. კანონპროექტის მიხედვით, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” დარღვევა, გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით. გასული წლის გაზაფხულზე მიღებული ე.წ. რუსულ კანონში ასახული მოთხოვნების შეუსრულებლობა კი ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრებას ითვალისწინებს. დარეგისტრირებულ “ფარა”-ს პროექტში გადმოტანილია ტერმინები – “აშშ-ს პრეზიდენტი”, “კონგრესი”, “სახელმწიფო დეპარტამენტი”, “ხაზინის მდივანი”. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, კანონში ტერმინები “განზრახ არის დატოვებული”, რომ “სპეკულაციებისთვის ერთი გრამი შესაძლებლობაც არ დარჩენილიყო”. როგორც კი ფარას კანონს მიიღებენ, მაშინვე გაუქმდება ძველი კანონი, რომელიც დღეს ფაქტობრივად არ მოქმედებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ფარას” კანონი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებით – ვის მიუსჯიან 5-წლიან პატიმრობას.
“ქვეყანაში რომელიმე კანონის უცვლელად შემოტანა ისე, რომ ის არ იყოს მორგებული ზოგადად ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას, ქვეყნის მდგომარეობას, არანაირად არ შეიძლება და არასოდეს არ მოიტანს სასარგებლო შედეგს. ეს დაახლოებით ისეთია, როცა ავტომობილს თვითმფრინავის ძრავას ჩაუდგამთ, ეს ავტომობილი ვერც იმოძრავებს, ვერც გაფრინდება და უბრალოდ ნაწილებად დაიშლება. არაფრით არ შეიძლება ზოგადად სამართლებრივ სისტემასთან მოურგებლად რაიმეს კოპირება. როცა მორგებაზე ვსაუბრობ, ამაში ბევრი რამ იგულისხმება, იგულისხმება, როგორც სისტემა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ხდება დაფინანსება იმ არასამთავრობო სექტორის, მედიასაშუალებების, ისე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. დღეს კი ეკონომიკური ვითარება იმდენად მძიმეა და სოციალურად დაუცველ ადამიანთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას ფინანსები სჭირდება, შესაბამისად, ეს ფაქტორიც უნდა იქნას გათვალისწინებული. კიდევ მრავალი სხვა ფაქტორია, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.
“ნებისმიერი კანონის მიღებისას, უნდა იქნას განსაზღვრული მიზანი, ეს მიზანი უნდა იყოს ლეგიტიმური და შემდგომ, ამ მიზნის მისაღწევი საშუალებები უნდა იქნას შერჩეული – ასე უნდა კეთდებოდეს. “რუსულ კანონს” რომ უწოდებენ, იმის მიზანი იყო გაცხადებული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მაგრამ ის საშუალებები, რომელიც ამ კანონში იყო ჩართული, არ შეესაბამებოდა ამ მიზანს. საქართველოში “ფარას” კანონის პირდაპირ დანერგვა უბრალოდ შეუძლებელი იქნება, ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც ამ კანონის პირდაპირ გადმოღებისას პრობლემური იქნება, ეს გახლავთ სასამართლოს დამოუკიდებლობა. აშშ-ში სასამართლო დამოუკიდებელია, ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვან – მოგეხსენებათ, რომ ფედერალურმა მოსამართლემ შეაჩერა პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც “იუსაიდის” დაფინანსებისა და მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებდა. დღეს საქართველოში მსგავსი გადაწყვეტილებები სასამართლოს მხრიდან უბრალოდ წარმოუდგენელიც კია”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ამიტომაც საქართველოში გადმოღებული “ფარას” კანონი არ გამოდგება იმ მიზნის მისაღწევად, რაც სჭირდება გამჭვირვალობის უზრუნველყიფას. გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, რომლებიც რუსულ კანონში იყო, აქ შემოაქვთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას. სრულიად აშკარაა, რომ ამ კანონის რეალური მიზანი, ესაა რეპრესიების შესაძლებლობა. კანონის მიღებამდე ვინ რა გააკეთა, ამაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ გავრცელდება, მაგრამ თუ ეს კანონი მიიღეს, მაშინ ამ კანონის ამოქმედების დღიდან უკვე ნებისმიერი ასეთი მოქმედება – რეგისტრაციაზე უარის თქმა, რაღაც ინფორმაციის წარუდგენლობა, ეს უკვე იქნება სისხლის სამართლის დანაშაული, აქედან გამომდინარე რეპრესიებიც”, – დაასკვნის ვახტანგ ხმალაძე.
“ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი თვლის, რომ “ფარას” ქართული ვერსია, ქვეყნის კანონმდებლობასა და სიტუაციასთან შესაბამისობაშია. “კანონები განსაკუთრებით მაშინ მკაცრდება, როდესაც ქვეყანა მძიმე ვითარებაში იმყოფება, ჩვენ 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე ფაქტიურად საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ შექმნა აშშ-ის წინა ხელისუფლების მიერ აღიარებულმა ე.წ.-მა დიფ სტეიტმა ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით. როდესაც საომარი მდგომარეობაა, მაშინ მკაცრდება კანონები, ამის გარეშე სახელმწიფო და ხალხი დაიღუპება. როგორც თევზისთვის წყალი და ადამიანისთვის ჰაერი, ახლაც ეს კანონი აუცილებელია სახელმწიფოს გადარჩენისთვის იმ აგენტურისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აგერ უკვე თითქმის 35 წელია თარეშობს. ეს აუცილებელი გასაკეთებელი იყო და კიდევაც კეთდება”, – განაცხადა გვენეტაძემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი “ფარას” იდენტურია, ახლა კი პარლამენტი მას ტერმინოლოგიურად მოარგებს ქართულ რეალობას”, – აღნიშნავს გამოცემა.
„ჩვენ სიტყვა-სიტყვით დავაინიცირეთ ამერიკული “ფარა”, ყველა ტერმინი, სიტყვა, მძიმე, წერტილი არის იდენტური და ახლა, პარლამენტი უკვე ტერმინოლოგიურად მოარგებს ამას ქართულ რეალობას. მაგრამ მგონი ყველა შეთანხმდა, რომ ეს არის ამერიკული “ფარა”. ამერიკა რომ გამჭვირვალობის პრინციპის კრიტიკოსებისთვის სამაგალითო და მისაბაძი ქვეყანაა, ესეც ყველამ ვიცით. ამიტომ, თუ უნდათ ამერიკის შეერთებული შტატები აკრიტიკონ, იციან, სად არის ამერიკის საელჩო. ვნახეთ, მათ ლიბერალურ ისტორიაში პირველად გუშინ, როგორ შეუვარდნენ აშშ-ის საელჩოს ვებ-გვერდს. ფაქტობრივად, აშშ-ის საელჩომ თავის თავზე იგრძნო ის, რასაც დიდი ხანია მათ მიერ დაფინანსებული “ენჯეოებისგან” ვგრძნობთ ხელისუფლება და საზოგადოება – ბულინგს, ზიზღის ენას, მუქარას, რომელიც მოედინებოდა ხოლმე ქართველი სუბიექტების მიმართ. გუშინ ვნახეთ ეს სრულად გადაღვრილი ამერიკის შეერთებული შტატების “ფეისბუქ” გვერდზე… ”, – განაცხადა პაპუაშვილმა, რომლის თქმით, “მთავარი ერთი რამ – ეს არის იდენტური ამერიკულთან. თუ რაიმე პრეტენზია აქვთ, მაშინ უნდა აკრიტიკონ ამერიკა”, – განაგრძობს გამოცემა.
“ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დღეს ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები დაკავებული არიან საქართველოს ციხის შიგნიდან მსხვრევით და მტვრევით. “უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის, ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დანიშნავს. როცა ამ არჩევნებს დანიშნავენ, პრეზიდენტის და პრემიერის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ და გამოიტანენ სამსჯავროზე თავის სამარცხვინო ქცევას”, – განაცხადა პაპუაშვილმა, რომლის აზრით, “კიდევ ერთხელ, ამ სამარცხვინო ქცევას განაჩენს ქართული საზოგადოება გამოუტანს, რაც არაერთხელ მომხდარა და ეს კიდევ ერთხელ განმეორდება”, – დასძენს გამოცემა.
ხელისუფლების სტრატეგია პროტესტზე და ოპოზიციის დასავლეთის “პრინციპულობის” იმედი – “აქტიური გაზაფხულის” მოლოდინში
“25 თებერვლის აქციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო, თუმცა როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, ვადაზე ადრე არჩევნების ჩანიშვნის საკითხი არ განიხილება. ოპოზიცია კი გაზაფხულზე “გადამწყვეტ ბრძოლას” აანონსებს, პროტესტანტები კი ამბობენ, რომ აქციები უწყვეტი იქნება, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ანალიტიკოსები პოლიტიკურად აქტიურ გაზაფხულს ელიან, თუმცა განსხვავებული პროგნოზები აქვთ. პროტესტის 90-ე დღეს, 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, თბილისში რამდენიმე მარში გაიმართა ჯერ გმირთა მოედნის მიმართულებით, შემდეგ კი გმირთა მოედანზე გაერთიანებული დემონსტრანტები ასევე მსვლელობით გაემართნენ რუსთაველის გამზირისკენ. მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და როგორც განაცხადა, ახალი არჩევნების დანიშვნა უალტერნატივოა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ხელისუფლების სტრატეგია პროტესტზე და ოპოზიციის დასავლეთის “პრინციპულობის” იმედი – “აქტიური გაზაფხულის” მოლოდინში.
“ერთი, რომ უნდა მოვამზადოთ არჩევნების პირობები – ამისთვის მზად ვართ პრაქტიკულად და მომავალ დღეებში გაეცნობით დოკუმენტს, რა უნდა იყოს არჩევნების პირობები. მეორე – უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ დღესვე უნდა მოვამზადოთ კომისიის წევრები და დამკვირვებლები, მთელი ჯარი იმისთვის, რომ მეორედ ვერავინ შეძლოს არჩევნების გაყალბება. ეს ჩვენი ყველას გასაკეთებელია. მესამე – ამაზე ვმუშაობ. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ჩვენი სანდო პარტნიორებისაგან ყველანაირი დახმარება იმისთვის, რომ ის ფორმები გაყალბების, რაც გამოიყენეს, ვეღარ გამოიყენონ. ეს ეხება ტექნოლოგიურ არჩევნებს, ბევრ რამეს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ გაზაფხულზე აქციები იქნება, თუმცა ამით რეალური ცვლილება მოსალოდნელი არაა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ 25 თებერვლის აქცია ყინვის და უამინდობის ფონზე მრავალრიცხოვანი იყო და გაზაფხულზე უფრო მასშტაბური გამოსვლებია მოსალოდნელი”, – აღნიშნავს გამოცემა.
“25 თებერვლის აქციამ დააფიქსირა ის, რომ ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში არაფერი იცვლება, რეალობას აბსოლუტურად აცდენილები არიან. სასოწარკვეთილად იმ სისულელეებს იოთხოვენ, რაც არასოდეს აუსრულდებათ. ე.წ. ვადამდელი არჩევნებს ითხოვენ, მათ შორის ე.წ. სალომე ზურაბიშვილი. როდესაც საქართველოს რეალობაში ამდენი პრობლემა და გამოწვევაა და ამაში მმართველ გუნდს არ ჰყავს არგუმენტირებული და საქმეებზე ორიენტირებული ოპოზიცია, ესაა ქართული დემოკრატიის დიდი ტრაგედია. ნაცაქტივისტები წინ და უკან დარბიან, ეს არიან დაფინანსებულები, თუ შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები, რაღაც სისულელეებს ითხოვენ, მთავრობას ამუნათებენ ე.წ. პრორუსულ პოლიტიკაზე, მაგრამ რეალური პრობლემებისგან ძალიან შორს არიან. ქვეყნის რეალური პრობლემები ძალიან ბევრია თვალნათლივ, თუ კულუარებში, ამაზეა საჭირო ნებისმიერი ოპოზიციური ძალის ყურადღების მიპყრობა. ამბობენ, რომ თითქოს ისინი ნაცოპოზიციას არ მიეკუთვნებიან, მაგრამ რეალურად მათ დაკვეთის ასრულებენ… “ქართული ოცნება”, თუ ნებისმიერი მმართველი პარტია ვერსად ვერასოდეს იქნება იდეალური, მას სჭირდება კონსტრუქციული, არგუმენტებზე დაფუძნებული ოპოზიციური ძალა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“პირადად მე, გაზაფხულზე ამ მავნებელი სამარცხვინო ძალებისგან არაფერს არ ველოდები, გარდა პერფორმანსებისა. ვიღაც საცოდავი ნაცსპიკერები აცხადებენ, რომ ნანული ჟორჟოლიანი თურმე მომავალი პრემიერ-მინისტრია, გესმით რა საცოდავ მდგომარეობაში არიან ის ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ვიღაც ლუზერი ჟურნალისტი თურმე საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს? მე და საქართველოს 99%-ს არ გვსურს ასეთი უბადრუკი ოპოზიცია. ეს ლოზუნგები თებერვალში იქნება, მარტში თუ მაისში, ან ხალხი ამდენი ათასი იქნება თუ იმდენი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციურ სპექტრში ქართველ საზოგადოებაზე ვინც არ ზრუნავს, ის მუდმივად დამარცხებული იქნება. წინ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებია, თუ საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკური აქტორები არიან, მაშინ არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ, მაგრამ როგორ მოემზადებინ, როცა მათი კერპები ნანული ჟორჟოლიანი, ჭიჭე ვაშაძე და სხვები არიან”, – დაასკვნის აბაშიძე.
“25 თებერვლის აქცია ფართომასშტაბიანი იყო, მომიტინგეთა ჯგუფები რვა სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრნენ, მერე გადაინაცვლეს ჯერ გმირთა მოედანზე, შემდეგ რუსთაველზე. თოვლისა და ყინვის მიუხედავად, საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო აქცია. ბრძოლა გაგრძელდება, საქართველოს პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ გაზაფხულიდან ახალი ბრძოლა იწყება, მოსალოდნელია აქციები 3-8 მარტს უფრო ქალთა მარშების სახით, ასევე სხვა ტიპის დიდი აქციებიც იქნება. ძალთა თანაფარდობას რაც შეეხება, სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, უფრო ბევრი ადამიანი უფრო ოპოზიციურად არის განწყობილი, გარკვეული ნაწილი ნეიტრალურს ინარჩუნებს. გაზაფხულიდან, როცა კლიმატური პირობები გაუმჯობესდება, უფრო მეტი ადამიანი გამოვა. ამასთან, მნიშვნელოვანია დემოკრატიული დასავლეთი რამდენად პრინციპული იქნება საქართველოს დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ. დღეს დე ფაქტო ხელისუფლება გარკვეულწილად სარგებლობს იმით, რომ აშშ დაკავებულია ევროპასთან ურთიერთობების გარკვევით, რუსეთ-უკრაინის საკითხით. გარკვეულწილად ისიც უნდა ითქვას, რომ დასავლეთიც ჩვენ გველოდება რამდენად გვაქვს ბრძოლის უნარი, ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ქართული ოცნების” დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს, რომ ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება, მისი თქმით, ყველაზე გონივრული იქნება, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს. “საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება. საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები – 4 ოქტომბერს. შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამ არჩევნებისთვის მზადებას გულისხმობდა. ეუთო-ს დასკვნაში შავით-თეთრზე წერია, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო. ის, რომ ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდა, გაიბუტა და პარლამენტში არ შემოვიდა, ეს რეალობას არ ცვლის – პარლამენტი მუშაობს!” – თქვა ბოჟაძემ. “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ახალ არჩევნებთან ერთად, მნიშვნელოვანია რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებაც”, – დასძენს გამოცემა.
“ახალი არაფერი არ უთქვამს სალომე ზურაბიშვილს. ახალი არჩევნები ეს არის საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. არჩევნები და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. ამიტომ, ეს არის ის, რაზეც არა მხოლოდ ის, არამედ საუბრობს ყველა ადამიანი, რომელსაც აწუხებს საქართველოში იმ რეჟიმის არსებობა, რომელიც არსებობს. ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნები არის აუცილებელი დღეს საქართველოში. რაც შეეხება ქართულ ქარტიას, “ქართული ქარტია” არის პრინციპები, რომელიც აერთიანებს საქართველოს ევროპერსპექტივას. ეს არის რეფორმები, რომელიც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს არის საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის პრინციპები, რაც ქარტიაშია, მნიშვნელოვანია, რომ გაზიარებულია თითქმის, ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ” , – წერს სტატიის ავტორი.
არც სამშვიდობოები და არც ფრონტის ხაზის “გაყინვა” – მოსკოვი უკრაინაში ევროპული კონტინგენტის განთავსების წინააღმდეგია
“უკრაინის ტერიტორიაზე ევროპელი სამშვიდობოების განთავსებაზე მოსკოვის პოზიცია ცნობილი გახდა – საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ამგვარ ვარიანტებს არ განიხილავს. ამასთან, ლავროვმა თქვა, რომ ომის ფრონტის ხაზზე გაყინვა არ მოხდება. “ჩვენ რაიმე სახის ვარიანტებს ვერ განვიხილავთ. არ ვიცი, რა თქვა მაკრონმა, მან ვაშინგტონში თავისი როლი დამაჯერებლად ითამაშა, მაგრამ ტრამპმა თქვა, როგორც ეს მე წავიკითხე, რომ სამშვიდობოების განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ორივე მხარის თანხმობით უნდა მოხდეს და როგორც ჩანს, ჩვენ და უკრაინას გულისხმობდა. ამის შესახებ ჩვენთვის არავის უკითხავს. იყო იდეები, მაგალითად,”მოდით, დავტოვოთ საკონტაქტო ხაზი – ეს რუსული იყოს, ეს კი უკრაინული”. პირველ რიგში, ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ კონსტიტუცია გვაქვს, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს და მეორეც, რაც უკრაინისგან რჩება, რასისტული კანონებისგან ისიც უნდა გათავისუფლდეს”, – აღნიშნა ლავროვმა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით არც სამშვიდობოები და არც ფრონტის ხაზის “გაყინვა” – მოსკოვი უკრაინაში ევროპული კონტინგენტის განთავსების წინააღმდეგია.
“აღსანიშნავია ისიც, რომ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი ჯერჯერობით არ იგეგმება. “საჭიროების შემთხვევაში საუბარი ყოველთვის შეიძლება შედგეს. დიალოგი განახლებულია. ჯერჯერობით ასეთი გეგმები არ არსებობს, მაგრამ ეს გეგმები შეიძლება სწრაფად შეიცვალოს”, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. პესკოვმა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სავარაუდო შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. “არსებობს გაგება, რომ შეხვედრა უნდა შედგეს, მაგრამ იგი კარგად უნდა იყოს მომზადებული”, – თქვა მან. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის ვახტანგ მაისიას განცხადებით, ამ ეტაპზე სამშვიდობო მისიებზე საუბარი ზედმეტია. როგორც მან განაცხადა, სრულიად გასაგებია, რომ რუსებს ევროპელების ამ მხრივაც ჩართვა არ აწყობთ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“სამშვიდოების განთავსება უნდა გადაწყდეს მაშინ, როცა მომზადდება მოლაპარაკებების შესახებ ზავის შეთანხმება. უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები, როგორც თავის დროზე იყო ნორმადიის ფორმატი, სადაც მონაწილეობდა გერმანია, საფრანგეთი და უკრაინა. ამას ზოგადად ვამბობ, შეიძლება ამერიკელებმაც მიიღონ მონაწილეობა. ამ მოლაპარაკების მიხედვით, მხარეები უნდა შეთანხმდნენ, დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამყარების მიზნით, სამშვიდობოები ჩააყენონ თუ არა, სად განთავსდება, რომელი ქვეყნის სამშვიდობოები იქნებიან და ა.შ. ეს ყველაფერი მოლაპარაკების შედეგად უნდა გადაწყდეს. როგორც ჩანს, რუსები წინააღმდეგეები არიან, რომ ევროპელებმა მიიღონ მონაწილეობა, თუნდაც სამშვიდობო მისიის განხორციელებაში. ეს გასაგებიც არის, რადგან მათ არ აწყობთ ევროპელების ამგვარი ჩართულობაც კი. ჯერჯერობით ეს ყველაფერი ინიციატივის დონეზეა და არაფერი რეალური”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
