რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამორიცხავს უკრაინაში კონფლიქტის გაყინვას ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე და მიიჩნევს, რომ ჯერ მოსკოვის სრულ კონტროლქვეშ უნდა მოექცეს უკრაინის ოთხივე რეგიონი, რომელიც რუსეთმა თავისად გამოაცხადა.
საუბარია დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე. გარდა ამისა, ლავროვის თქმით, “ანტირუსული კანონები” უნდა გაუქმდეს იმ ტერიტორიაზეც, რაც „უკრაინას დარჩება“.
მან თქვა, რომ კონფლიქტის დასარეგულირებლად საჭიროა მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა. ამ მიზეზებად დაასახელა “ნატოს გაფართოება” და მაიდანის რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლებების “ანტირუსული კურსი”.
„ამ თავდაპირველი მიზეზების გათვითცნობიერება იქნება საუკეთესო შენატანი კონფლიქტის დარეგულირების პირობების შესაქმნელად“, — განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი არ განიხილავს უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ჯარების განთავსების ვარიანტებს.
„არა, ვერანაირ ვარიანტებს ვერ განვიხილავთ. არ ვიცი, მაკრონი რას ამბობდა, ის თავის როლს არც ისე დამაჯერებლად ასრულებდა, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპმა თქვა, რომ სამშვიდობო ძალების გალაგების საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ორივე მხარის თანხმობით. ალბათ, მხედველობაში ვყავართ ჩვენ და უკრაინა. ჩვენ არავინ გვეკითხება [ევროპიდან]. ეს მიდგომა , რომელიც თავსმოხვეულია ევროპელების, პირველ რიგში საფრანგეთის და ინგლისელების მიერ, მიმართულია კონფლიქტის გაღვივებისკენ. მაკრონი აცხადებდა სასწრაფო შერიგების და სამშვიდობო ძალების შეყვანაზე და მერე დავილაპარაკოთ ტერიტორიებზე, ადამიანების ბედზე, სხვა პრინციპებზე…. ეს არის ეშმაკობა. არ შეიძლება წასვლა მოლაპარაკებებზე, რომელიც მიმართულია ერთადერთ მიზანზე, უკრაინის ისევ შეიარაღებაზე“, — განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ სამშვიდობო ჯარებზე ცარიელი საუბრებია.
„მთავარია კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა. ეს მიზეზი სამშვიდობო ძალების არარსებობაში არ მდგომარეობს. ეს მიზეზებია უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთზე დამიზნებული სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ქვეყნის ნატოში შეყვანა და რუსების და რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების ტოტალური უგულებელყოფა. იყო იდეები, რომ დავტოვოთ კონტაქტის ხაზი [ახლა როგორცაა] — აქეთ რუსული, იქით უკრაინული. ასე ვერ მოხდება. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და ის, რაც დარჩება უკრაინისგან, ასევე უნდა გათავისუფლდეს ანტირუსული კანონებისგან. რადგან იქაც რჩება ხალხი , ვისაც სურს რუსულ ენაზე საუბარი და რუსულ კულტურაზე დაფუძნებული ტრადიციების შენარჩუნება. ასე რომ, ასეთი უბრალო მექანიკური ნაბიჯებით, როგორიცაა ჯარების განთავსება, თავის დაძვრენა ვერ მოხდება. საჭირო იქნება ძირეულ მიზეზებზე საუბარი“, — განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი და პუტინის ხელმოწერილი ცვლილებებით, უკრაინის ოთხი რეგიონი: დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, თუმცა მოსკოვი ამ ტერიტორიებს სრულად ვერ აკონტროლებს.
სამწლიანი ომის განმავლობაში მოსკოვმა კონტროლი დაამყარა უკრაინის ტერიტორიის დამატებით 11%-ზე,
სრულმასშტაბიანი ომის სამი წლისთავზე, რუსეთი აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის 18%-ს, (2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით აკონტროლებდა 7%-ს), მათ შორის, ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვისა და ხერსონის სამხრეთ რეგიონებს.
