27 თებერვალს, სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცნობით, მაღალი დონის დიპლომატები რუსეთსა და აშშ-ში საელჩოების ნორმალური ფუნქციონირების საკითხებს განიხილავენ.
„ასეთი შეხვედრა ხვალ, სტამბოლში გაიმართება და ვფიქრობ, მისი შედეგებით ცნობილი გახდება, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად შევძლებთ მოქმედებას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია რუსეთის საელჩოს ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიდა.
„ჩვენი მაღალი დონის დიპლომატები და ექსპერტები სისტემურ პრობლემებს შეისწავლიან, რომლებიც წინა ადმინისტრაციის უკანონო მოქმედებების შედეგად, რუსეთის საელჩოსთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნით დაგროვდა. რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუპასუხეთ და მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მუშაობისთვის არასასიამოვნო პირობები შევქმენით“, – აღნიშნა ლავროვმა.
