შალვა პაპუაშვილი – უშვებთ, რომ უკრაინა რუსეთთან ისეთ შეთანხმებას გააფორმებს, რითაც ჩვენ რუსეთს ჩაგვაბარებს?! ან ევროკავშირი რუსეთს ჩაგვაბარებს?!

თუ ომის დასრულება მოხდა, ეს იქნება შეთანხმება, რომლის მთავარი ხელმომწერი თავად იქნება – ფიქრობთ, რომ უკრაინა ჩვენ რუსეთს გადაგვცემს?! უშვებთ, რომ უკრაინა რუსეთთან ისეთ შეთანხმებას გააფორმებს, რითაც ჩვენ რუსეთს ჩაგვაბარებს?! ამ მოლაპარაკების ნაწილი ასევე ევროკავშირი იქნება და ფიქრობთ, რომ ევროკავშირი რუსეთს ჩაგვაბარებს?! – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, უკრაინაში საომარი მოქმედებების კრემლის პირობების გათვალისწინებით შესაძლო შეწყვეტა როგორ აისახება საქართველოზე, ოკუპაციის საკითხზე და რამდენად ნიშნავს ეს იმას, რომ ამით უკრაინის გარდა, საქართველოს ბედიც გადაწყდება.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, “ასეთი კითხვა იმის დაშვებას ეფუძნება, რომ შეიძლება იყოს გეოპოლიტიკური გადანაწილება, რომლის ნაწილი იქნება ის, რომ უკრაინა რუსეთთან წავა შეთანხმებაზე, რომლითაც ჩვენ რუსეთს ჩაგვაბარებს და თვითონ ევროკავშირის ნაწილი იქნება“.
მან ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ “მოლაპარაკების მონაწილეა -ი, უკრაინა, ევროკავშირი და ეს იმის დაშვებას ნიშნავს, რომ უკრაინა და ევროკავშირი საქართველოს რუსეთს ჩააბარებს“.
“ერთ რამ არის მნიშვნელოვანი – ეს არის შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენ არ ვართ არც იმის იმედზე, რა შეთანხმებას მიაღწევს უკრაინა რუსეთთან! ჩვენ ვართ მხოლოდ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ეროვნული ინტერესების იმედზე. ჩვენ ეს გაკვეთილი უკვე ნასწავლი გვაქვს. ეს გაკვეთილი უკვე გამოვლილი გვაქვს. ჩვენ ვიცით ასეთი ომები როგორ იწყება, რაც 2008 წელს ვნახეთ და ახლა გვესმის, რომ თურმე ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ეს ყველაფერი გვესმის, მათ შირის აშშ-დან.
საქართველომ ომში თავისი წილი სისხლი გაიღო. საბედნიეროდ, მას ისეთი დიდი ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, რასაც ახლა უკრაინა განიცდის, რომელმაც ასობით ათასი ადამიანი დაკარგა – ახალგაზრდობა, მთელი თაობა დაკარგა ომში, რომელზეც ახლა ამბობენ, რომ მისი თავიდან არიდება შეიძლებოდა.
ისიც ვიცით, როგორ მთავრდება ასეთი ომები – 2008 წლის ომიდან რვა თავის თავზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ს საგარეო საქმეთა მინისტრს გადატვირთვის წითელი ღილაკი გადასცა. აგვისტოს ომიდან წელიწადნახევრის შემდეგ კი, 9 მაისს, წითელ მოედანზე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთისა და უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის პრეზიდენტს სამხედრო აღლუმს აბარებდნენ.
ჩვენ უახლოესი ისტორიიდან ვიცით, როგორ არის მსოფლიო პოლიტიკა და გეოპოლიტიკა მოწყობილი. ეს რომ ვიცით, სწორედ ამიტომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე მაღლა არაფერს ვაყენებთ!
2022 წლის თებერვალში ოპოზიციამ, მისმა მედიამ და NGO-ებმა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე მაღლა უკრაინის და ზოგმა – ევროპული ქვეყნების ინტერესი დააყენა. ითხოვდნენ უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. ამბობდნენ, რომ ქვეყნის ომში შეყვანა და ეკონომიკის დანგრევა უნდა გაგვერისკა. დღეს იგივე ხალხი გვეუბნება, რომ მათი აზრი უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ რომ 2022 წლის თებერვალში მათთვის დაგვეჯერებინა, დღეს ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით, ხოლო ვისი ტანკი იქნებოდა და ვისი ტყვია გაისვრიდა, ეს უცხოური შეშფოთებების ნაწილი იქნებოდა.
გეოპოლიტიკა და საერთაშორისო პოლიტიკა ცივსისხლიანი საკითხია. ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან ამოდის. ვნახეთ, რომ ორი წლის წინ რომელიღაც სახელმწიფოს რუსეთის აგრესიის მიმართ სხვანაირი ინტერესი ჰქონდა, ხოლო დღეს ეს ინტერესი შეიძლება შეიცვალა. როდესაც სხვების ინტერესებს აჰყვები, საბოლოოდ შენს ინტერესს აზიანებ.
შეიძლება ბევრი რამ მოხდეს – რაღაცაზე გვაქვს გავლენა, რაღაცაზე არა გვაქვს გავლენა. საქართველოს შესაძლებლობების ქვეყანას მსოფლიო პოლიტიკაზე დიდი გავლენა ვერ ექნება, მაგრამ რაზეც ჩვენ გვაქვს გავლენა არის ის, თუ როგორ ვიქცევით ჩვენ და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების აღსრულება უზრუნველვყოთ.
ჩვენი ეროვნული ინტერესი არის ორი მთავარი ამოცანა – ქვეყნის გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობა.
მთავარი გარანტორი არის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე ჯიუტად კონცენტრირება, რაც არის ჩვენი ყველა გადაწყვეტილების მთავარი ფილტრი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.