არის მოვლენები, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები მიუღებელია, სტიქია არის ასეთი მოვლენა – ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საჭიროა გარკვეული საკითხების, მათ შორის მედიასთან დაკავშირებული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, სპეკულაციები აბსოლუტურად მიუღებელია, „განსაკუთრებით ასეთ პირობებში“.
„ზოგადად, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. არის რაღაც მოვლენები, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები მიუღებელია. სტიქია არის ერთ-ერთი ასეთი მოვლენა. სტიქიის დროს ყველა უნდა იყოს ერთ მუშტად შეკრული, თუმცა აქაც, სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები სპეკულაციების აგებას ცდილობენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საჭიროა გარკვეული საკითხების, მათ შორის მედიასთან დაკავშირებული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება. სპეკულაციები არის აბსოლუტურად მიუღებელი, განსაკუთრებით ასეთ პირობებში“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება უშუალოდ „მაუწყებლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, კობახიძე ამბობს, რომ აღნიშნული კანონის მიღებით, იარსებებს როგორც ობიექტურობის სტანდარტები, ასევე ამ სტანდარტების მიხედვით მოქმედების ინსტიტუციური მექანიზმები.
„ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ობიექტურობის სტანდარტების განსაზღვრას და შემდეგ ამ ყველაფრის აღსრულებას. ეს სტანდარტები ისედაც იყო დადგენილი მანამდე, თუმცა არ არსებობდა ინსტიტუციური მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც აღსრულდებოდა შესაბამისი კანონმდებლობა. ჩვენ ახალი კანონის მიღების შემდეგ გვექნება როგორც სტანდარტები, ასევე ამ სტანდარტების მიხედვით მოქმედების ინსტიტუციური მექანიზმები. აქედან გამომდინარე, ეს კანონპროექტი არის აბსოლუტურად გამართული და პარლამენტი, რა თქმა უნდა, სათანადო ვადებში უზრუნველყოფს მის მიღებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, პრემიერმა ისაუბრა პარლამენტში ამერიკული „ფარას“ ნათარგმნი ვერსიის დაინიცირებაზე და აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღებას ალტერნატივა არ აქვს.
„ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ კონკრეტული მექანიზმები – USAID-ი, NED-ი და სხვები, სხვადასხვა ქვეყანაში მათ შორის, საქართველოში ვითარების ასარევად გამოიყენებოდა. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ალტერნატივა მით უმეტეს არ აქვს NGO-ების გამჭვირვალობას. არ შეიძლება NGO-ები და მათი დაფინანსება გამოყენებული იყოს როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი დააინიციირა. ცვლილებების მიხედვით, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება აიკრძალება. ამასთან, ერთად იკრძალება, უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
რაც შეეხება FARA-ს სიტყვა-სიტყვით ნათარგმნ კანონპროექტს, ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ სახელით პარლამენტში ასევე 24 თებერვალს დაინიცირდა. პროექტში გადმოტანილია ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა „აშშ-ს პრეზიდენტი“, „კონგრესი“, „სახელმწიფო დეპარტამენტი“, „ხაზინის მდივანი“.
