მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი 8 ადამიანი გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანეს. უწყების თქმით, უხვი ნალექის გამო, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა სამი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფებოდა 8 ადამიანი.
“მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების თოვლის საფარიდან გამოთავისუფლება და მოქალაქეების, უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდა”, – ნათქვამია განცხადებაში.