საიას ცნობით, მზია ამაღლობელს პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ

ონლაინგამოცემების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელსა და დირექტორ მზია ამაღლობელს, რომელიც პატიმრობაშია, კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს, 26 თებერვალს დააბრუნებენ – ინფორმაცია ავრცელებს მისი უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
„დაბრუნება მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც“, – აცხადებენ ორგანიზაციაში და დასძენენ, რომ მზია ამაღლობელს სურს მონაწილეობა მიიღოს 4 მარტს ს საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში.
რადიო თავისუფლება ესაუბრა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურ დირექტორს, ზურაბ ჩხაიძეს. მისი თქმით, მზია ამაღლობელის კვების აღდგენის პროცესი პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს. რადიო თავისუფლება პასუხს ელოდება იუსტიციის სამინისტროდანაც, რომლის დაქვემდებარებაშიც არის პენიტენციური დაწესებულება.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციამ 11 იანვარს, გვიან საღამოს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა სტიკერის გაკვრის გამო, შემდეგ კი 12 იანვარს ხელახლა დააკავა, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
ჟურნალისტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას სინდისის პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ევროკავშირი, ათობით საერთაშორისო ორგანიზაცია და არაერთი ქვეყნის მთავრობა.
მან დაკავების მომენტიდან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 24-ე დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მზია ამაღლობელი რუსთავის მე-5, ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან „ვივამედში“ გადაიყვანეს.
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა პროტესტის ნიშნად დაწყებული შიმშილობა 38-ე დღეს, 18 თებერვალს, შეწყვიტა და ექიმების ჩართულობით კვების აღდგენის პროცესი დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – არაფერი, გარდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნებისა ახალი წესებით, არ დევს მაგიდაზე – იქნება კიდევ უფრო მყარი და მკაფიო მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან