გუშინ საღამოს საქართველოს 7-კაცა მსოფლიო სერიის შესარჩევი, ჩელენჯერის ორი ეტაპის სათამაშოდ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა.
მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, ჩელენჯერის სერიის პირველ ორ ეტაპს სამხრეთ აფრიკა, კეიპტაუნი უმასპინძლებს. პირველი ეტაპი 1-2 მარტს, ხოლო მეორე 7-8 მარტს გაიმართება და მასში როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის 12-12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ჩელენჯერის სერიის ფორმატი წელს განსხვავებული იქნება და მესამე ეტაპზე 12-12-ის ნაცვლად 8-8 საუკეთესო (პირველი ორი ეტაპის შედეგების ჯამით) გუნდი ითამაშებს. მესამე ეტაპს პოლონეთი, კრაკოვი 11-12 აპრილს უმასპინძლებს და 4-4 საუკეთესო გუნდი მსოფლიო რაგბის 7-კაცა
სერიის ფლეი ოფში გავა, რომელიც 3-4 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს ანჯელესში გაიმართება.
ლოს ანჯელესშიც ქალთა და კაცთა თანრიგში 8-8 გუნდი ითამაშებს. ჩელენჯერის სერიის 4 მოწინავეს, 2025 წლის შედეგების მიხედვით 7-კაცა სერიის ბოლო 4 გუნდი დაემატება და ჯამში 8 ნაკრები, 2025/2026 წლების მსოფლიო რაგბის სერიის 4 საგზურისთვის იბრძოლებს.
არის სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებაც. გუნდები სამ 4-გუნდა ჯგუფის ნაცვლად, ოთხ სამგუნდა ჯგუფში გადანაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველადგილოსნები, მეორე დღეს თასის ნახევარფინალს და პირველ-მესამე ადგილებს გაითამაშებენ; მეორეადგილოსნები მე-5-მე-8 ადგილებისთვის იბრძოლებენ; მესამე ადგილოსნები კი მე-9-მე-12პოზიციებისთვის ირაგბებენ. შედეგად, უწინდელი 6 და 5 თამაშის ნაცვლად, თითო გუნდს მხოლოდ 4 თამაშის გამართვა უწევს.
პირველ ეტაპზე საქართველო ჯგუფში იაპონიასთან და გერმანიასთან მოხვდა. 1 მარტს 13:06 საათზე იაპონიას, ხოლო 16:27 საათზე გერმანიას ეთამაშება და ამის შემდეგ გაირკვევა რომელი ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები.
დათოვლილი მომზადება
იმისათვის, რომ ჩვენი 7-კაცა ჩელენჯერის სერიისთვის უკეთ მომზადებულიყო, 17-21 თებერვალს უკრაინის ნაკრებთან ერთად ერთობლივი ვარჯიშები დაიგეგმა. გუნდებს შეკრება და თამაშები ქუთაისში, „აია არენაზე“ უნდა ჩაეტარებინათ, მაგრამ თოვლის სახით მოსულმა ნალექმა მათი გეგმები შეცვალა.
„უკეთესი იქნებოდა ბევრი თამაშები გამოგვსლოდა, მაგრამ სულ არარაობას ეს ჯობდა, რადგან ბევრი დეტალის გავლა მოვახერხეთ და ვიმედოვნებ, ეს გამოცდილება აფრიკაში წაგვადგება“ – აღნიშნავს 7-კაცას მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე:
„მთლიანობაში ნორმალურად მოვემზადეთ. დაგვიბრუნდნენ ტრავმირებული მოთამაშეები. მათი ნაწილი კარგ ფორმაშია, ნაწილი საშუალოში და ვიმედოვნებთ, ერთიანობაში კარგად ვიქნებით. აფრიკაში ორი ტურნირი გვაქვს და ამის გამო 13 მოთამაშე მიგვყავს, თუმცა თითო ტურნირს 12 მოთამაშე თამაშობს. იმედია ტრავმები არ გვექნება და დამატებით არავის ჩაყვანა მოგვიწევს. ბიჭების მეიმედება და პირველ ეტაპზე ჯგუფში პირველი თუ არა მეორე ადგილის დასაკავებლად ვიბრძოლებთ“.
7-კაცას მეორე მწვრთნელი გია ლაბაძე მზადების დასკვნითი ეტაპის შესახებ უფრო დაწვრილებით გვიყვება:
„პირველ დღეს უკრაინელებთან ერთად ჩვეულებრივ ვივარჯიშეთ, მეორე დღეს კი წამოვიდა თოვლი და მოგვიწია ლოკაციის შეცვლა. წავედით ფოთში, სადაც ადგილობრივი კლუბის წარმომადგენლებმა ყველანაირი პრიობები შეგვიქმნეს და მინი-ტურნირისთვის გუნდიც კი გამოიყვანეს. ჩავატარეთ 3 თამაში, აქედან ორი უკრანის ნაკრებთან და ამინდის გათვალისწინებით, რისი შესაძლებლობაც იყო მაქსიმუმი გავაკეთეთ“.
8 საუკეთესოში მაღალი ადგილით
სამხრეთ აფრიკაში ჩასვლის შემდეგ, ოთხშაბათს ჩვენი ბიჭები პორტუგალიასთან ერთობლივ ვარჯიშს, მართვად თამაშს გამართავენ და 1 მარტს დაელოდებიან.
„თუ რამის პრეტენზია გვაქვს ჯგუფში ორივე თამაში უნდა მოვიგოთ!“ – ამბობს ლაბაძე და განაგრძობს: „ამის პრეტენზიაც გვაქვს და შესაძლებლობაც. ბიჭებიც ფიქრობენ რომ შეუძლიათ და ახლა მნიშვნელოვანია როგორ შევხვდებით კონკრეტულად თამაშის დღეს – როგორ ვიმგზავრებთ, როგორ გავივლით აღდგენას და ადაპტაციას“.
აღსანიშნავია, იაპონიას შარშან ვეთამაშეთ, 17:12 დავამარცხეთ და მწვრთნელებს იგივეს გამეორების იმედი აქვთ, გერმანია კი ბოლო წლებში „აქილევსის ქუსლად“ იქცა და ბიჭებს ნავსის გატეხვის იმედი აქვთ. მეტოქეების შესახებ ხამაშურიძე ამბობს:
„ტურნირის ფორმატი შეიცვალა და მხოლოდ 4 თამაში გვაქვს, რაც ძალიან ცუდია. წინა ფორმატის პირობებში მეტი თამაში გვიწევდა, ჩვენ კი ყველაზე მეტად სწორედ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა გვაქვს. იმედია, ფორმატი საბოლოო სახეს მალე მიიღებს და წინდაწინ გვეცოდინება რა გველოდება“.
„იაპონიის თამაშს ვუყურე. მათთან შარშან ვითამაშეთ და კარგია გამარჯვება რომ მოვიპოვეთ, ეს საკუთარი თავის რწმენას გვმატებს. ის ძალიან კარგია ბურთით ხელში, მაგრამ დაცვაში სუსტი წერტილები მრავლად აქვს. ჩვენი მიზანია ისინი უბურთოდ დავტოვოთ და თუ ეს მოვახერხეთ ვეღარ გაგვიძლებენ. აქედანვე ვამბობ, ჩვენ თუ არ წავაგეთ ეს თამაში, იაპონიას შანსი არ აქვს. ამის შემდეგ გველოდება ის გადაულახავი ბარიერი რასაც გერმანია ქვია. ვფიქრობ, უშანსოდ არც აქ ვიქნებით და თუ ჩვენს შესაძლებლობებს გამოვიყენებთ გამარჯვების შანსიც გვექნება“.
ხამაშურიძეს კიდევ ერთი სურვილი აქვს:
„კარგი იქნება თუ ამ ტურნირების გაშუქება ტელევიზიით მოხდება. ჩვენც საქართველოს ეროვნული ნაკრები ვართ და გულშემატკივრისგან მეტი ყურადღება, თუნდაც კრიტიკა გვჭირდება, რომ უფრო გავიზარდოთ. ჩვენის მხრივ ვეცდებით გულშემატკივარი არ გავაწბილოთ. 7-კაცა ოლიმპიური სახეობაა თუ ჩვენი თამაშების პირდაპირი ტრანსლიაცია იქნება, ვფიქრობ გულშემატკივრების რაოდენობაც გაიზრდება“.
სამხრეთ აფრიკის ჩელენჯერის სერიებზე (1-2 და 7-8 მარტი) ითამაშებენ
ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ბექა გელხვიძე, ირაკლი სიმსივე, ლუკა ალიბეგაშვილი, ლევან ნარიმანიძე, თემურ კოხოძე, სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, ვაჟა მიქაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, გიორგი გამყრელიძე, გიორგი ჯობავა.
Rugby.ge