„გასაგებია, რომ დახმარებისთვის მიდიან, მაგრამ უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვან“, – ასე ეხმაურება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ გიორგაძე გურიასა და აჭარაში სამაშველო პროცესში მოხალისეების ჩართვას.
როგორც გიორგაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნა, საჭიროა, მოხალისეები დაიყონ ჯგუფებად და თითოეულ მათგანს ერთი სამაშველო საკითხების მცოდნე ხელმძღვანელი მაინც ჰყავდეს, რათა მოხალისეთა უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.
„გასაგებია, რომ დახმარებისთვის მიდიან, მაგრამ უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვან. სურვილი კარგია, მაგრამ სჭირდებათ გამოცდილი ადამიანების გვერდით დგომა, ვინც იცის უსაფრთხოები წესები და სამაშველო სამსახურის მიმართულებები. ერთი კაციც რომ ჰყავდეს ჯგუფს ასეთი, საკმარისია, მითითებები გასცეს და სწორად წაიყვანონ პროცესი, თორემ, არსებობს საფრთხე, რომ თავად გახდებიან საშველები“, – განაცხადა თემურ გიორგაძემ.
მანვე ყურადღება გაამახვილა სტიქიის მართვის პროცესზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ქვეყნის მასშტაბით მობილიზება. გიორგაძის თქმით, სახელმწიფოსთან ერთად პროცესების მართვაში საკუთარი ტექნიკით უნდა ჩაერთოს კერძო სექტორიც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აჭარისა და გურიის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. სამაშველო სამუშაოებში დილიდან ჩაერთნენ მოხალისეები. პროცესში ერთვება საქართველოს თავდაცვის ძალებიც.
დიდთოვლობამ პრობლემები უკვე შექმნა გურიისა და აჭარის რეგიონებში. უამინდობის შედეგად მოქალაქეთა ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ვრცელდება ინფორმაცია 2 გარდაცვლილის შესახებ. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათ ნაწილს არ მიეწოდება გაზი, დენი და წყალი, არ აქვთ წვდომა მედიკამენტებსა და საკვებზე.
ზოგიერთ სოფელში ადგილზე ვერ ახერხებს მისვლას სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ვერ ხერხდება სტიქიის ზონაში მცხოვრებ ახლობლებთან დაკავშირებაც.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
