უნგრეთიც და საქართველოც მძიმე შეტევის ქვეშ ვართ, მაგრამ ვითარება აშშ-ის ახალი მთავრობის ხელმძღვანელობით, ორივე ქვეყნის მთავრობებისთვის ძირფესვიანად შეიცვალა – პიტერ სიიარტო
უნგრეთიც და საქართველოც მძიმე შეტევის ქვეშ ვართ, მაგრამ ვითარება აშშ-ის ახალი მთავრობის ხელმძღვანელობით, ორივე ქვეყნის მთავრობებისთვის ძირფესვიანად შეიცვალა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ჟენევაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ უნგრეთმა საქართველოსთან ერთად გაუწია გაერო-ში თანასოპონსორობა აშშ-ის მიერ ინიცირებულ მშვიდობის რეზოლუციას, რომელიც ერთადერთი თავსებადი გზაა მშვიდობის დასამყარებლად.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ შეხვედრის თარიღის შეთანხმება. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მთავრობათაშორისი საბჭოს შეხვედრას, რომელიც გვინდა, რაც შეიძლება მალე შედგეს, ვინაიდან სტრატეგიულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს თანამაშრომლობას საქართველოსთან. ჩვენ პატივს ვცემთ სამუშაოს, რომელსაც საქართველოს მთავრობა უძღვება. ხედავთ, რომ ერთად ძალიან კარგად ვმუშაობთ საერთაშორისო არენაზეც.
გუშინ გაერო-ში ჩვენ ერთად გავუწიეთ თანასოპონსორობა ამერიკის მიერ ინიცირებულ მშვიდობის რეზოლუციას, რომელიც, ჩემი აზრით, ერთადერთი თავსებადი გზაა მშვიდობის დასამყარებლად. როგორც ხედავთ, მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა, იმის მიუხედავად, რომ ორივე მძიმე შეტევის ქვეშ ვართ, ვითარება აშშ-ის ახალი მთავრობის ხელმძღვანელობით, ორივესთვის, უნგრეთისა და საქართველოს მთავრობებისთვის ძირფესვიანად შეიცვალა“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.
ამასთან, მისივე თქმით, ძალიან უსამართლოა ევროკავშირის მიდგომა საქართველოსადმი და საქართველოს მთავრობისადმი.
„ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს – ბრიუსელში ყველა პატრიოტი, კონსერვატიული, მემარჯვენე მთავრობა სძულთ. თქვენს ოპოზიციას არჩევნები რომ მოეგო, ბრიუსელი ძალიან ბედნიერი იქნებოდა. ისინი იტყოდნენ, რომ დემოკრატია საქართველოში საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები მათ გემოვნებას არ მოერგო, ნათელი იყო, რომ თქვენზე შეტევა დაიწყებოდა. ასეა უნგრეთის შემთხვევაში. 15 წელია, ხელისუფლებაში ვართ და ვართ შეტევის ქვეშ, რადგან პატრიოტულ, კონსერვატიულ პოლიტიკას ვატარებთ და ეროვნულ ინტერესებს ვაყენებთ ყველაფერზე წინ“, – განაცხადა სიიარტომ.
როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ და საქართველოს ხელისუფლება შესანიშნავად მუშაობს.
„არ უნდა დანებდეთ იმის გამო, რომ ევროპიდან შეტევაა. ვფიქრობ, ევროპაში მალე პოლიტიკური ცვლილებები იქნება, როგორც შედეგი ახალი ტალღებისა, რომელიც ვაშინგტონიდან მოდის და პატრიოტული კონსერვატორული მთავრობები მომავალში მეტად გაძლიერდებიან. მე გუშინაც მკაფიო ვიყავი იმასთან დაკავშირებით, რომ უნგრეთი გააგრძელებს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით უვიზო მიმოსვლის უზრუნველყოფას. ჩვენ არ ვაპირებთ ამის შეწყვეტას. ევროკავშირს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ წევრმა ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რაც ნიშნავს, რომ წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაა. ამიტომ, ჩვენ ჩვენით ვწყვეტთ. ძლიერი გავლენაა ბრიუსელიდან გაიდლაინზე და ეს ცხადია, მაგრამ ეს არ არის სამართლებრივი ვალდებულება და უნგრეთში ამის იმპლემენტაცია ამიტომაც არ მოხდება. მე ვეტო დავადე ქართველი პოლიტიკოსებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირების სიას, რადგან ჩვენთვის ძალიან მიკერძოებული იყო. მესმის, რომ ვერ მოიძებნა ვერცერთი მტკიცებულება არჩევნების გაყალბებაზე საქართველოში. ჩვენმა დამკვირვებლებმა დადეს დასკვნა, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდა. ასე რომ, არ არსებობს არც იურიდიული და არც პოლიტიკური საფუძველი შეტევებისთვის. ამავდროულად, ვფიქრობ, რომ USAID-ის დაფინანსების შეწყვეტა კარგი ახალი ამბავია. ამასთან, აბსოლუტურად წინააღმდეგი ვარ, რომ ევროკომისიამ თავის თავზე აიღოს ეს თანხები. ამ თემაზე გუშინ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრე.
რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა არ უნდა დახარჯოს ძალისხმევა და ენერგია, რომ დაგვარწმუნოს სანქციების საჭიროებაში, რადგან ეს პრინციპის საკითხია, არ არსებობს მიზეზი, რომ რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი დასანქცირდეს, პატრიოტიზმის ან კონსერვატულობის გამო. არ არსებობს მიზეზი, რომ პოლიციის თანამშრომლები მოხვდნენ სიაში, რადგან, ბრიუსელის აზრით, ისინი საქართველოს ხელისუფლების ინსტრუქციებს მიჰყვებიან“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
