სად შეიძლება თოვლის დნობამ მეწყერი გაააქტიუროს?

საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსები ინტენსიურ თოვას 27 თებერვლის ჩათვლით ელოდებიან. ამასთანავე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი 3 მარტიდან კვლავ ამინდის გაუარესებას პროგნოზირებს.
დიდთოვლობამ პრობლემები უკვე შექმნა გურიისა და აჭარის რეგიონებში. დიდთოვლობის შედეგად მოქალაქეთა ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ვრცელდება ინფორმაცია 2 გარდაცვლილის შესახებ. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათ ნაწილს არ მიეწოდება გაზი, დენი და წყალი, არ აქვთ წვდომა მედიკამენტებსა და საკვებზე. ზოგიერთ სოფელში ადგილზე ვერ ახერხებს მისვლას სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ვერ ახერხებენ სტიქიის ზონაში მცხოვრებ ახლობლებთან დაკავშირებას.
მოქალაქეებმა ადგილობრივების დასახმარებლად მოხალისეობრივი ჯგუფი შექმნეს. ამასთანავე, დასავლეთ საქართველოში მოქალაქეთა დახმარების პროცესში ერთვება თავდაცვის ძალებიც.
გარდა მიმდინარე სტიქიისა, უხვი თოვლის შემდგომი პერიოდი რისკებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, შემდეგ კვირებში თოვლის დნობამ რისკ-ზონებში შესაძლოა, მეწყრული პროცესების გააქტიურებას შეუწყოს ხელი.
„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გეომორფოლოგი გიორგი დვალიშვილი აღნიშნავს, რომ ამ რისკის წინაშე დგას გურიის, სამეგრელოსა და მაღალმთიანი აჭარის მთაგორიანი ტერიტორიები, თუმცა ეს რისკები არ ვრცელდება საქალაქო ტიპის დასახლებებზე.
„ბათუმში, ფოთში, ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურის დიდ ნაწილში საქალაქო დასახლებაში რელიეფი არ არის პოტენციური რისკის შემცველი. რაც შეეხება მაღალ ზონას, არამარტო აჭარა და გურია, ასევე საყურადღებოა სამეგრელო და იმერეთიც – იქ რისკის ფაქტორი მაღალია. როდესაც დიდთოვლობის შემდეგ თოვლი დნება, ჩადის გრუნტში, გრუნტი იწყებს მოძრაობას და დაცურებას სიმძიმის ძალის მიხედვით – ეს ქმნის „ხელსაყრელ“ პირობებს მეწყრული პროცესების განსავითარებლად და რისკ-ფაქტორები იზრდება. ამ რეგიონში არის ამის ბუნებრივი პირობა, ამ ბუნებრივ პირობას თუ ადამიანიც ხელს შეუწყობს, და უწყობს სამწუხაროდ, რისკი იზრდება.
ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ასეთი ხანგრძლივი ნალექი თოვლის სახით დასავლეთ საქართველოს დიდ ტერიტორიაზე დიდი ხანია არ ყოფილა. ისტორიას რომ გადავხედოთ, 1987-1989 წელს ბევრად უფრო მეტი ნალექი მოვიდა ქვეყანაში, ზოგ ადგილებში თოვლის საფარი 2-3 მეტრზეც იყო. ამ პროცესებს უკავშირდება ის, რომ 1989 წლის 17 აპრილს საქართველოში მოხდა ყველაზე დიდი მეწყერი, ხალთის ხეობაში, ხულოს ტერიტორიაზე განვითარდა და მოჰყვა დიდი მსხვერპლი.
მეორე საკითხია ის რომ, 1989 წელთან შედარებით, ბევრი დასახლებული პუნქტი აღარ არის ტრანსფორმირებული და შეიცვალა გარემო. გარემოს შეცვლაში მე ვგულისხმობ იმას, რომ მიგრაციული პროცესები გაიზარდა, თუ 1989 წელს რომელიმე მთიან სოფელში 500 ოჯახი ცხოვრობდა, დღეს ცხოვრობს 200-100 ოჯახი. მოსახლეობის მთიდან წამოსვლამ გამოიწვია ტერიტორიის ათვისების საკითხის შემცირება. ასევე, ბევრ ადგილას ჯაგნარი გახდა ადგილები, ბუნებრივად ამოვიდა ხეები და ფერდობები ბუნებრივად გამაგრდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მოვუფრთხილდეთ და არ ვიფიქროთ იმაზე, რომ მოწყვლად რეგიონებში რისკი მოიმატებს“ , – აღნიშნავს გიორგი დვალიშვილი.
როგორც გეომორფოლოგი განმარტავს, თოვლის დნობის შემდეგ, მეწყრული პროცესების ჩასახვის წინაპირობაა მაგალითად, ხეების დეფორმირება, სახლსა და საკარმიდამო მიწებზე ბზარების გაჩენა. მისი თქმით, თითოეული მოქალაქე უნდა იყოს ფრთხილად, მსგავსი ნიშნების შემთხვევაში უნდა მიმართონ შესაბამის სამსახურებს და შეძლებისდაგვარად გაერიდონ ტერიტორიას.
„ახლა ჩვენ რომ ჩამოვთვალოთ, გურიისა და აჭარის 500 დასახლებული პუნქტიდან რამდენში შეიძლება იყოს მეწყრის რისკი, არ იქნება გამართლებული, რადგან რისკის შემცველობა ასე არ დგინდება, დგინდება მრავალმხრივი კომპონენტით. წინა საუკუნეში ძირითადად ხის სახლები იყო აჭარასა და გურიაში, დღესაც არის შემორჩენილი ასეთი ტიპის სახლებმა, ხის სახლებმა შესაძლოა, ამ თოვლს ვერ გაუძლოს და ჩაინგრეს, სამწუხაროდ, ასეთი პრეცედენტები გვაქვს. საქმე ეხება ათასობით სახლს, ათასობით სახლს ვერავინ მთელ სამყაროში ვერ დააკვირდება.
მოსახლეს, რომელიც იქ ცხოვრობს, თვითონ შეუძლია მონიტორინგი ჩაატაროს, თუ დაინახავს, რომ დნობის შემდეგ ხემ ან სახლმა დეფორმაცია განიცადა, გაჩნდა ბზარები საკარმიდამო მიწებზე, უნდა იმოქმედოს მყისიერად. აუცილებელია მსგავსი ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართოს შესაბამის სამსახურებს და მყისიერად დატოვოს ტერიტორია – ეს არის მთავარი პრევენცია.
ყველაზე მთავარი თავიდან ბოლომდე არის ადამიანი, ადგილობრივ მცხოვრებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია. დღესვე უნდა დაიწყოს იმაზე მუშაობა, რომ იცოდნენ, თუ გაჩნდა ნაპრალი ან სხვა ნიშანი, მოქალაქემ უნდა შეატყობინოს შესაბამის სამსახურებს, ან სოციალურ ქსელში დაწეროს. თუ გაჩნდა პირველი ნიშნები, იქ უკვე დაგვიანება აღარ შეიძლება, შესაძლოა, სწრაფად განვითარდეს პროცესები.
მეწყრის საშიშროება არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა პანიკაში უნდა ჩავარდეს. ეს არის ბუნებრივი კანონზომიერება. შესაძლოა, კლიმატური ცვლილებების გამო მოიმატა მსგავსმა პროცესებმა, მაგრამ ადამიანს ყოველთვის შეუძლია გადაირჩინოს თავი – ეს მეწყრის შემთხვევაში უფრო მარტივია, ვიდრე მაგალითად, ღვარცოფის შემთხვევაში. მაგალითად დიდი თოვლი რომ მოდის, იმას ვერაფერს ვერ უზამ, მაგრამ ლღობის პროცესში შესაძლოა, პროცესებზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიიდან გარიდება“, – ამბობს გეომორფოლოგი.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი