სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინელ ოფიციალურ პირებს კრიტიკული მინერალების შესახებ ორმხრივად მომგებიანი შეთანხმება შესთავაზა
სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში ევროკომისარმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომ კიევში ვიზიტისას ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, უკრაინელ ოფიციალურ პირებს ორმხრივად მომგებიანი შეთანხმება შესთავაზა უკრაინის კრიტიკული მინერალების შესახებ.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, უკრაინის წიაღისეული სიმდიდრე, მათ შორის მანგანუმი, ტიტანი, გრაფიტი და ლითიუმი, დაძაბული მოლაპარაკებების საგანი გახდა კიევსა და ვაშინგტონს შორის. ევროკომისარმა განაცხადა, რომ კიევში ვიზიტისას მან უკრაინელ ოფიციალურ პირებს სხვა პოტენციური გარიგება შესთავაზა.
„30-დან 21 კრიტიკულად მნიშვნელოვანი მასალა, რომელიც ევროპას სჭირდება, შეიძლება, უკრაინის მიერ იყოს მიწოდებული ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობის ფარგლებში“, – განაცხადა სეჟურნემ შეხვედრის შემდეგ, რომელიც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე გაიმართა.
„ასეთი შეთანხმების დამატებითი ფასეულობა, რომელსაც ევროპა კიევს სთავაზობს, ისაა, რომ ჩვენ არასდროს მოვითხოვთ გარიგებას, რომელიც არ არის ორმხრივად მომგებიანი“, – აღნიშნა ევროკომისარმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, „მიმდინარე ან მომავალ კვირაში“ თეთრ სახლში შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკის წიაღისეული რესურსების გამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად.
