ჰერჩინსკიზე უნდა ვთქვა, რომ ეგ საქართველოში პროკურორი, საქართველოს განმკარგულებელი და ის ადამიანი არ არის, რომელსაც შიდა პროცესებში ჩარევის უფლება აქვს – [ჰერჩინსკიმ] თავისი პოლიტიკური გემოვნება გამოავლინა, რაც ასევე არასწორი, არადიპლომატიური და ხშირ შემთხვევაში ძალიან ხეპრულია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ჰერჩინსკის არ აქვს უფლება, ორგანიზება გაუკეთოს გარკვეულ პოლიტიკურ აქციებს და ჩაერთოს ისევე, როგორც ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა.
„ჰერჩინსკიზე უნდა ვთქვა, რომ ეგ საქართველოში პროკურორი, საქართველოს განმკარგულებელი და ის ადამიანი არ არის, რომელსაც შიდა პროცესებში ჩარევის უფლება აქვს. [არ აქვს უფლება] შეკრიბოს ის ხალხი, რომელიც წარმოუდგენია, თითქოს ევროპული ინტერესების გამტარებლად და მით უმეტეს, რომ ორგანიზება გაუკეთოს გარკვეულ პოლიტიკურ აქციებს და ჩაერთოს ისევე, როგორც ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა. შალვა პაპუაშვილი კანონმდებელია და თავის დასკვნებს პოლიტიკურ შეფასებებს აძლევს მიმდინარე პროცესებს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, მაგრამ ჰერჩინსკის ერთი მოსწონს, მეორე არა. თავისი პოლიტიკური გემოვნება გამოავლინა, რაც ასევე არასწორი, არადიპლომატიური და ხშირ შემთხვევაში ძალიან ხეპრულია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამავე თემაზე საუბრისას, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „ეს არის “დიფ სთეითის” გავლენა და პაველ ჰერჩინსკი ერთადერთი არ არის“.
„პაველ ჰერჩინსკი ერთადერთი არ არის. ჩვენ დავინახეთ ხელისუფლებები, შვედეთის პარლამენტის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, გერმანიის პარლამენტის ერთ-ერთი ლიდერი, ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ემსახურება კონკრეტულ გეგმას, რომ თავისი გავლენები შეინარჩუნოს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში და ეს ვერ მოხდება თუ აქ არ იქნება ხელისუფლება, რომელიც ცალ ფეხზე დგას და ყურმოჭრილი ემსახურება ნებისმიერ მითითებას, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ინტერესების ძალიან ფართო სპექტრთან, ვინაიდან ახლა მიმდინარეობს გარკვეული პოზიციების დაპირისპირება, რომელიც ყოფს ამ პოლიტიკურ პროცესებს ომისა და მშვიდობის მიმართულებით. ვფიქრობ, სწორედ ეს არის „დიფ სთეითის“ გავლენა და პაველ ჰერჩინსკი ერთადერთი არ არის. თვითონ ევროკავშირის ფორმატებიდან წარმოიდგინეთ, რამდენი რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ ევროპარლამენტმა, სადაც ეს ჯგუფი, პაველ ჰერჩინსკის მოკავშირეები, არიან გაერთიანებული. მოკავშირეები იმ თვალსაზრისით, რომ მათ გააჩნიათ კონკრეტული ამოცანა. ამ ამოცანას განსაზღვრავენ, სცენარს წერენ და ძალიან ბევრი ორგანიზაცია გამოვლინდა, ვინც ფულს იღებს სწორედ იმაში, რომ ეს გეგმა განახორციელოს. ჩვენ რასაც ვლაპარაკობდით რამდენიმე წლის წინ, ის გამოვლინდა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას.
მისი თქმით, სანქციების დაწესება ერთსულოვნებას მოითხოვს, სამწუხაროდ, ეს ერთსულოვნება არ არსებობს.
„როგორც უკვე დიდი ხანია ვამბობთ, ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც უკვე, თითქმის, სამი თვეა გრძელდება. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე ვმუშაობთ. ევროკავშირის შემთხვევაში სანქციების დაწესება ერთსულოვნებას მოითხოვს. სამწუხაროდ, ეს ერთსულოვნება არ არსებობს. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ერთსულოვნებას არ უერთდებიან, მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელობა ცდილობს. ვიცი, რომ არის მცდელობა საქართველოში იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან. დღეისთვის, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება არ არსებობს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
