სამწუხაროდ, ეს ადამიანიც არის ძალადობის თანამონაწილე და აგრძელებს ძალადობის წახალისებას, თუმცა მისი ეს მცდელობა ამ შემთხვევაში წარმატებული აღარ არის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოში, ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი კობახიძემ პაველ ჰერჩინსკის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, „ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც უკვე, თითქმის, სამი თვეა გრძელდება“.
პრემიერის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი ღიად აწარმოებდა კამპანიას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ.
„ევროკავშირის ელჩი არჩევნებში დამარცხდა და მისი მიდგომა ამ ყველაფრით არის გამოწვეული. თქვენ გახსოვთ, რომ ის ღიად აწარმოებდა კამპანიას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ. იცით, რომ არც ერთხელ დაუგმია მას ის ძალადობრივი მიტინგები, რომელიც საქართველოში იმართებოდა. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ეს ადამიანიც არის ძალადობის თანამონაწილე და აგრძელებს ძალადობის წახალისებას, თუმცა მისი ეს მცდელობა ამ შემთხვევაში წარმატებული აღარ არის. ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის, ქართულმა საზოგადოებამ იცის, თუ რამდენად „მშვიდობიანი“ იყო მიტინგები, რომელიც საქართველოში ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში იმართებოდა. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მთლიანობაში როგორი რეაგირება ჰქონდა ამ ყველაფერზე ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ მოვახერხეთ და აღკვეთეთ ის ძალადობა, რომელსაც შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა. მთავარი მიზანი იყო ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, რაც ბუნებრივია, ქართულმა სახელმწიფომ არ დაუშვა“,-განაცხადა კობახიძემ.
