საქართველოში სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია საუბარი. დოკუმენტში გაწერილი საბჭოს მოვალეობები და მისი შექმნის მიზნები. ამასთან, აღნიშნულია, რომ დადგენილება 2026 წლის აპრილიდან ამოქმედდება.
უფრო დეტალურად, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საბჭო იქმნება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც „მონაწილეობს მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის მომზადებაში, მასზე რეკომენდაციების გაცემის მიზნით, აგრეთვე წყლის რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების მიზნით, უზრუნველყოფს შესაბამისი სააუზო უბნის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო უწყებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობას“.
ამასთან, საბჭო იქმნება ტერიტორიული პრინციპით, თითოეული მდინარის აუზის/სააუზო უბნისთვის.
როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, საბჭო დაკომპლექტდება არაუმეტეს 30 წევრისგან, რომელთა შემადგენლობაში იქნებიან: სამინისტროსა და სხვა კომპეტენტური ორგანოების (მათი ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოების ჩათვლით) თანამშრომლები, შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები; ასევე, შესაბამისი მდინარის სააუზო უბნის ტერიტორიაზე ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების (წყალმომარაგების საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიები, ჰიდროენერგოგენერაციის კომპანიები და ა. შ.) წარმომადგენლები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ წყლის რესურსების მდგომარეობაზე, მსხვილი წყალმომხმარებლები, წყალმომხმარებელთა ასოციაციები და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ამასთან, საბჭო შედგება თავმჯდომარის (რომელსაც ნიშნავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი), მოადგილისა და საბჭოს წევრებისგან.
დოკუმენტის მიხედვით, საბჭო უფლებამოსილია, შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები და დაამტკიცოს მათი შემადგენლობა, როგორც წესი, საბჭოს წევრების წინადადების საფუძველზე. როგორც დადგენილებაში ვკითხულობთ, საბჭოს წევრები საკითხებს საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად განიხილავენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ დოკუმენტის თანახმად, საბჭოს წევრობა ანაზღაურებად საქმიანობას არ წარმოადგენს.
მისი ფუნქციები კი, შემდეგნაირად განისაზღვრება:
მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის განხილვა და მასთან დაკავშირებით წინადადებების/რეკომენდაციების სამინისტროსთვის წარდგენა;
მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის მომზადების პროცესში კონსულტაციების ჩატარება, წინადადებების/რეკომენდაციების და დასკვნების მომზადება;
მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის ღონისძიებათა პროგრამის განხილვა, აგრეთვე, გარემოსდაცვითი მიზნების დადგენისა და ღონისძიებების პრიორიტეტიზაციის პროცესში მონაწილეობა;
მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შესრულების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა;
და ა.შ.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
