შუახნის მამაკაცი დაიღუპა გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში. არსებული ინფორმაციით, ის მეზობელს ეხმარებოდა სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში და ნგრევას ემსხვერპლა.
სახელმწიფო რწმუნებლმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უბედური შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საცხოვრებელი სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდისას დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი. გზებზე დიდთოვლობის გამო გართულებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გადაადგილება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკათში დიდთოვლობის შედეგად სახურავი ჩაენგრა სახლს, რომელიც ხანდაზმული მამაკაცს ეკუთვნის. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დაზუსტებული ინფორმაცია მას შემდეგ ექნებათ, რაც დილით სპეცტექნიკა გზის გასაწმენდად წავა და მას სამაშველო ჯგუფი გაჰყვება. კოკათი გურიის რეგიონის იმ სოფლებს შორისაა, რომლებიც ხუთდღიანი თოვის შედეგად გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
მიიუხედავად რეგიონული ხელისუფლების განცხადებებისა, რომ სტიქიის პირველივე დღიდან შექმნილია საგანგებო შტაბი და მოქალაქეთა პრობლემების მოსაგვარებლად ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს, გურიაში დიდთოვლობის გამო გარესამყაროს მოწყვეტილი და რთულ მდგომარეობაშო მყოფი ბევრი მოქალაქე ხელისუფლების უყურადღებობას უჩივის.
ფორუმი
