,,სამარცხვინოა, რომ ქვეყანაში ელექტრონული რეცეპტი ვერ დავამკვიდრეთ. რეცეპტული ჯგუფის წამლები მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით უნდა გაიცემოდეს”- ვატო სურგულაძე
აუდიტის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის მაჩვენებელი მაღალია და საერთო რაოდენობის 67%-ს შეადგენს.მხოლოდ 2022-2023 წლებში, რეცეპტს დაქვემდებარებული წამლების ურეცეპტოდ გაცემისთვის ჯამში 1,822,100 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა.
ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტმა ვატო სურგულაძის შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია ეს ფაქტები სათანადოდ მოიკვლიოს და თითოეულ აფთიაქში რეცეპტს დაქვემდებარებული წამლების გაყიდვა აკონტროლოს.
როგორც სურგულაძე “კომერსანტთან” ამბობს, დღეს ქვეყნის მასშტაბით რეცეპტის ბაზასა და ინტერნეტზე ხელი ყველა ექიმს მიუწვდება, ამიტომ ისინი ვალდებული არიან, ელექტრონული რეცეპტები გამოწერონ. კონტროლის მექანიზმად შესაძლოა განიხილებოდეს ადმინისტრაციული ჯარიმაც.
ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი განსაკუთრებით მწვავედ აფასებს ანტიბიოტიკების უკონტროლო და ურეცეპტოდ გაყიდვებს. მისი თქმით, ასეთმა ქცევამ, შესაძლოა საზოგადოება მასობრივ რეზისტენტობამდე მიიყვანოს და პაციენტებზე საჭიროების დროს, ანტიბიოტიკმა ვეღარ იმოქმედოს.
„ქვეყანაში ძალიან ელემენტარული ელექტრონული რეცეპტი ვერ დავამკვიდრეთ, არადა ყველა აფთიაქს აქვს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა.
დღეს, შეგიძლიათ შეხვიდეთ ნებისმიერ აფთიაქში, ქსელურში ან უბნის იყოს თუნდაც და ანტიბიოტიკი ყოველგვარი რეცეპტის გარეშე იყიდოთ. ანტიბიოტიკების ასეთი გაყიდვა და მისი თვითნებური მიღება, რეზისტენტულობის განვითარებას იწვევს, რაც ძალიან საშიშია. რეალურად რომ გჭირდებოდეს ანტიბიოტიკი აღარ მუშაობს, რადგან ბაქტერიებმა და სხვა მიკროორგანიზმებმა უკვე შეიმუშავეს იმუნიტეტი ამ ავადმყოფობის წინააღმდეგ.
ანტიბიოტიკი, ძალიან რთული მედიკამენტია, ის უნდა მიიღებოდეს შესაბამისი დანიშნულებით, დოზით და რეკომენდაციით. მე რომ დამჭირდეს, შეიძლება ამ ანტიბიოტიკმა ჩემზეც არ იმუშაოს.
ამ საკითხის მოგვარებას პოლიტიკური ნება სჭირდება, ადამიანები, რომლებმაც იციან, რა და როგორ უნდა გააკეთონ.
პირობითად, მე ვიცი, რომელ აფთიაქში რამდენი ანტიბიოტიკი დევს. შევდივარ ამ აფთიაქში და თუ ურეცეპტოდ ვიყიდი, ელექტრონულ ბაზაში აღინიშნება, თუ რომელი ნომერი რეცეპტი იყო გამოწერილი.
ასევე შეცდომა იყო, როცა აფთიაქებში დასვეს ექიმები, რომლებიც ადგილზე წერდნენ რეცეპტებს, ეს დანაშაულია. მხოლოდ ოჯახის ექიმმა ან საავადმყოფოს ექიმმა, რომელსაც ისტორიაში ჩანაწერი აქვს გაკეთებული, უნდა გამოწეროს რეცეპტი. ამით ასევე გავზრდით ოჯახის ექიმებთან მიმართვიანობას და მოვშლით მიდგომას, რომ ვიღაც როგორც კი თავს ცუდად იგრძნობს, მიდის და ანტიბიოტიკს ყიდულობს.
სამარცხვინოა, როცა 21-ე საუკუნეში ურეცეპტოდ, შეგიძლია ნებისმიერი მედიკამენტი იყიდო. ამ პრობლემის მოგვარებას სამინისტროს პოლიტიკური ნება სჭირდება, შეიძლება დაწესდეს ადმინისტრაციული ჯარიმებიც.
მედიკამენტები, რომლებიც რეცეპტულ ჯგუფშია, მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით უნდა იყიდებოდეს. დღეს, ყველაზე მაღალმთიან სოფლებშიც კი აქვთ ინტერნეტთან წვდომა და აქვთ პროგრამა, სადაც შეუძლიათ ელექტრონული რეცეპტი გამოწერონ“,- აღნიშნა ვატო სურგულაძემ კომერსანტთან“ ინტერვიუში.
