ვიდეომასალა გარდა იმისა, რომ ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას ტელეფონიდანაა ამოღებული, არანაირად არ კავშირდება მასთან, – ასე ეხმაურება პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე პროკურატურის მიერ წარდგენილ ვიდეოს, რომელშიც პროკურორის განმარტებით, ბრალდებული იმ მაისურს წვავს, რომელიც მას ე.წ. მოლოტოვის სროლისას ეცვა.
ადვოკატის თქმით, ვიდეოში არათუ კვარაცხელია, საერთოდ ადამიანი არ ჩანს, ამასთან, ვიდეოს თანმდევ ხმაზეც ექსპერტიზა ჩატარებული არაა.
„რამდენიმე ვიდეოა, დაახლოებით, ათამდე, სადაც აქციაზე გადაღებული პატარა კადრები ჩანს. ერთი ვიდეოა, სადაც ცეცხლი უკიდია რაღაც ნაჭერს და სხვა არაფერი ჩანს, არც ანზორ კვარაცხელია.
ვიდეოჩანაწერში საერთოდ პიროვნება არ ჩანს, როცა ბრალდების მხარე ამბობს, ანზორ კვარაცხელია რას ამბობს, უკვე ტყუილია. რაც შეეხება ხმას, რომელიც ამ ვიდეოს თანმდევია, არ ვიცი დამონტაჟებულია თუ არა, ექსპერტიზა არ არის ჩატარებული. ადამიანი ამბობს, რომ მაისური ნადგურდება, რადგან პრობლემა არ შეიქმნას.
აღნიშნული ვიდეო გარდა იმისა, რომ ანზორ კვარაცხელიას ტელეფონიდანაა ამოღებული, არანაირად არ კავშირდება მასთან. არც ჩანს კვარაცხელია და არც სხვა პირი არ ჩანს, მხოლოდ ის ჩანს, რომ ცეცხლი უკიდია რაღაც მატერიას. ვინ საუბრობს ამას ვერ გავიგებთ. ამასთან დაკავშირებით ექსპერტიზა არ არის, ეს ვიდეო ჩემთვისაც დღეს გახდა ცნობილი”,- განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
