უკრაინაში ომის დასასრული, სამწუხაროდ, არის იმის გამეორება, რაც 2008 წელს ვნახეთ, როცა ომიდან რვა თვის თავზე, ამერიკამ და რუსეთმა თავიანთი ურთიერთობები ისე გადატვირთეს, თითქოს, დედამიწაზე არაფერი მომხდარა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა აშშ-ის რეზოლუციის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც “ქართული ოცნების” წევრები ამბობდნენ, რომ “ეს კინო ნანახი გვქონდა”, ეს ომის დასასრულსაც ეხებოდა.
მახაშვილი ამბობს, რომ სამწუხაროდ, იგივე განმეორდა, რაც 2008 წელს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.
“ამერიკის შეერთებულ შტატებს რეზოლუციაში რა უნდა ჩაეწერა, ეს ალბათ, შეგვიძლია, ამერიკას ვკითხოთ, მაგრამ ჩვენი მიზანი, რის გამოც რეზოლუციას მხარს ვუჭერთ, არის მისი მთავარი არსი – მშვიდობისკენ მოწოდება. ომის დაწყებისთანავე, ჩვენი მთავარი მოწოდება მშვიდობისკენ იყო, რადგან უკრაინის მშვიდობა მხოლოდ უკრაინაში მშვიდობა არ არის, ეს მშვიდობას მთლიანად რეგიონში ნიშნავს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რეზოლუციას კენჭისყრაზე მხარს დავუჭერთ. რეზოლუციას რამდენიმე თანაინიციატორი ჰყავს და ჩვენ პირველები ვიყავით. ვინ დაუჭერს მხარს, ეს კენჭისყრაზე გამოჩნდება.
ზოგადად, სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან და ბევრი რამის თქმა შეგვიძლია. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს კინო ნანახი გვქონდა, ეს მხოლოდ იმას არ ეხებოდა, რომ ჩვენი სამწუხარო გამოცდილებით, ჩვენი ბუჩა, მარიუპოლი გვქონდა გაგრის თუ თამარაშენის სახით. ჩვენ ეს ნაგლოვი გვქონდა და ვიცოდით, რა ტრაგედია დატრიალდებოდა უკრაინაში. როცა ვამბობდით, რომ ეს ყველაფერი ნანახი გვქონდა, ეს ომის დასასრულსაც ეხებოდა. ეს დასასრული, სამწუხაროდ, არის იმის გამეორება, რაც 2008 წელს ვნახეთ, როცა ომიდან რვა თვის თავზე, ამერიკამ და რუსეთმა თავიანთი ურთიერთობები ისე გადატვირთეს, თითქოს, დედამიწაზე არაფერი მომხდარა. შეიძლება, ეს ვიღაცისთვის არასასურველია და დღესაც გვესმის, რომ წარმოუდგენელ სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ სინამდვილეში, ვინც საერთაშორისო ურთიერთობების ანა-ბანა იცის, აქ არაფერი წარმოუდგენელი არ არის. დიახ, მიუღებელია და ზოგ შემთხვევაშიც ამორალურიც, მაგრამ ეს არის რეალობა და სწორედ ამიტომ ვსაუბრობდით, რომ ემოციები გვერდზე უნდა გადაგვედო და გადაწყვეტილებები პრაგმატულად უნდა მიგვეღო. სამწუხაროდ, იგივე განმეორდა, რაც 2008 წელს და ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ რთული, თუმცა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო,” – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ორშაბათს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, შესაძლოა, კენჭი უყარონ აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სწრაფად დასრულებას ითხოვს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციის კანონპროექტში, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება, ნათქვამია, რომ ის „ითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას“ და გლოვობს „ადამიანთა ტრაგიკულ დაღუპვას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში“. ამასთან, გამოცემის ცნობით, აშშ-ის რეზოლუციაში არ არის მითითებული, თუ ვინ დაიწყო ომი და არ მოიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს კრემლის მიმართ.
„მას ერთი თანასპონსორი ჰყავს – საქართველოს მთავრობა, რომლის კავშირები მოსკოვთან ბოლო დროს დათბა“, – წერს The Wall Street Journal-ი.
