პარლამენტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ სახელწოდებით FARA-ს სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი პროექტი დარეგისტრირდა, რომელშიც მათ შორის გადმოტანილია ტერმინები – „აშშ-ს პრეზიდენტი“, „კონგრესი“, „სახელმწიფო დეპარტამენტი“, „ხაზინის მდივანი“

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ – პარლამენტში ასეთი სახელწოდების კანონის პროექტი დაინიცირდა, რომელიც -ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვით თარგმანს წარმოადგენს.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ დაადასტურა, რომ ინიციატივა აშშ-ში მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანია და ის სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში დასაკონკრეტებელი იქნება.
“კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში ამ კანონისთვის არის გათვალისწინებული, ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა. მაგალითად, საქმე ეხება კანონში მოხსენიებულ „კონგრესს“, „კონგრესის ბიბლიოთეკას“, „სახელმწიფო დეპარტამენტს“, „იუსტიციის დეპარტამენტს“, „ხაზინის მდივანს“, „ოლქის გენერალურ დირექტორს“, „აშშ-ს პრეზიდენტს“ და ასე შემდეგ. არის შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების საჭიროებაც.
ასევე, კანონს მხოლოდ ერთი – “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება ახლავს თან და დანარჩენი საკანონმდებლო აქტების პროექტი თანდართული არ არის. გარდა ამისა, ჩვენ ქართულ სინამდვილეში მსგავსი საკანონმდებლო აქტი გვაქვს და თუ მიზანი აღნიშნული საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაა, ამ საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაზეც კანონპროექტი უნდა იყოს თან დართული“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის საპასუხოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ “პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, პარლამენტში ამერიკული კანონის სიტყვა-სიტყვით თარგმანის ინიცირება, რათა შემდეგ არ იყოს თარგმანში დაკარგვის მცდელობებიც კი“.
“აი, ეს არის ზუსტი თარგმანი და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გაქვთ თარგმანთან დაკავშირებით, აგერ ვართ, წარმოადგინეთ ნებისმიერი ცვლილება და უკეთესი თარგმანი.
რაც შეეხება აღმასრულებელ ორგანოებს, საჭირო იქნება დამატებით იმ ორგანოების განსაზღვრა, რომლებიც ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ამ კანონის აღსრულებაზე იქნებიან პასუხისმგებელი.
როგორც არის – პირდაპირ აშშ-ს პრეზიდენტიც კი ვთარგმნეთ, შტატებზე გავაკეთეთ მითითება და ქართულად დეპარტამენტის ხელმძღვანელიც კი ვთარგმნეთ, რათა არ იყოს ინსინუაციები, რომ რეგულაცია განსხვავებულია. ვართ ღია არგუმენტირებულად ვიმსჯელოთ, განვიხილოთ – დაზუსტდება თანამდებობის პირები და ორგანოები ქართულ რეალობასთან.
ჩვენი მიზანია, შემოღებული იყოს კანონი კონკრეტული სახდელებით თუ სასჯელებით – იმ ფორმითა და იმ ზომით, რაც აშშ-ში მოქმედებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ინიცირებას ბიუროს სხდომაზევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე , რომელმაც თქვა, რომ ინიცირებული პროექტი არის FARA-ს სიტყვა-სიტყვითი თარგმანი, ყველა სიტყვა, ყველა მძიმე და ყველა წერტილი არის აშშ-ში მოქმედი კანონის იდენტური“.
“ნებისმიერი სპეკულაცია, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რაც საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება, ამით დასრულებული იქნება“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.
“უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ სამსჯელოდ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.