სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, ვასილ კაკაშვილი ამბობს, რომ კომენტატორ სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დაზარალებული ქალის მიმართვის საფუძველზე მიმდინარეობდა.
გამომძიებელი ამბობს, რომ საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონოდ მოპოვებას.
“დაზარალებული მიუთითებდა პიროვნებაზე, ვისთანაც ჩავატარეთ ჩხრეკა, ასევე მეტადან მოსული ინფორმაცია ემთხვევა იმ მისამართს, საიდანაც ყალბი ექაუნთის გამოყენებით პიროვნება უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტო-მასალას. ბრალდებაზე არაა საუბარი, ეს იყო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩავატარეთ სასამართლოს განჩინების საფუძველზე და ამოვიღეთ კომპიუტერული ტექნიკა”- თქვა გამომძიებელმა.
სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე საათის წინ მივიდნენ.
ცნობილაძე ამ ყველაფერს მის სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს და ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, ის მაინც ყოველდღე გავა აქციაზე და თავის პოზიციას დააფიქსირებს.
“მაქსიმუმი, რაც ჩემგან ამოიღეს არის, რომ ნახონ არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები. შანტაჟის მეთოდია, ყველამ ძალიან კარგად იცის და კიდევე ერთხელ ვიტყვი, რომ მაინც ყველა შემთხვევაში ყოველ დღე ვიდგები აქციებზე, ყოველდე გავაპროტესტებ და სრულიად გასაგებია, რა უშლით ნერვებს”- აცხადებს სანდრო ცნობილაძე.
