„თუ რუსეთიდან იქნება დამატებითი შეზღუდვები, სხვა ქვეყნებიდან საწვავის იმპორტის ჩანაცვლება შესაძლებელია და კომპანიები ამისთვის მზად არიან“ – ირაკლი ლექვინაძე
თუ იქნება ასევე დამატებითი შეზღუდვები რუსეთიდან მხრიდან, ქართული კომპანიები მზად არიან, რომ ბაზრის ჩანაცვლება მოახდინონ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ბაზარი უკვე დივერსიფიცირებულია, კერძოდ, თუ ადრე საწვავის თითქმის 80% რუსეთიდან შემოდიოდა, დღეს მისი წილი მაქსიმუმ 50%-მდე შემცირდა.
„რუსული საწვავი ბულგარეთიდან იმპორტმა ჩაანაცვლა“
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 1.595 მლნ ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა. აქედან რუსეთიდან იმპორტმა 698.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტის 43.7% იყო. მეორე ადგილზე – 221.1 ათასი ტონით ბულგარეთი იყო, რაც მთლიანი იმპორტის დაახლოებით, 14%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება 2023 წელს, მაშინ ბულგარეთი იმპორტიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზე იყო. კერძოდ, იმ წელს საქართველომ ბულგარეთში 109.1 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა, რაც მთლიანი იმპორტის 7.7%-ს შეადგენდა, რუსეთის წილი კი, 54.4%-ი იყო, მაშინ ჩრდილოეთიდან საქართველომ 771.4 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა. მთლიანად კი 2023 წელს საქართველოში 1.418 მლნ ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.
„რუსეთიდან საწვავის მაქსიმუმ 50%-ის იმპორტი ხორციელდება. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის წილი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. რუსული საწვავი ბულგარეთიდან იმპორტით ჩანაცვლდა. შედეგად, იმპორტის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ბულგარეთი, მესამე ადგილზე კი რუმინეთი. ევროპული საწვავი რომ ავიღოთ, დაახლოებით 35%-40%-მდეა მისი წილი ქართულ ბაზარზე.
ასევე გამოჩნდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი და ბელარუსი. ეს უკავშირდება იმას, რომ რუსულმა საწვავმა, რომელსაც წინა წლებში ჰქონდა მნიშვნელოვანი საფასო უპირატესობა, რაც ტონაზე 400 დოლარსაც კი უტოლდებოდა, ეს კი მნიშვნელოვანი ფასთაშორის სხვაობას იძლეოდა. იყო პერიოდი, როდესაც რუსული საწვავის წილი მთლიან იმპორტში 80%-მდეც იყო. თუმცა დღეს ეს შეცვლილია, იმიტომ, რომ საფასო უპირატესობა უკვე აღარ არსებობს. თუ რუსეთიდან იქნება დამატებითი შეზღუდვები, სხვა ქვეყნებიდან საწვავის იმპორტის ჩანაცვლება შესაძლებელია და კომპანიები ამისთვის მზად არიან“, – განაცხადა ლექვინაძემ „საქმეში“.
ამასთან, ლექვინაძემ სააგენტოს მიერ საწვავის ბაზრის მონიტორინგზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს საწვავის ბაზარი არის დაბალკონცენტრირებული, რადგან 3 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი დაახლოებით 44%-ია. 5 კომპანიის წილი არის 62%.
„ამ ნაწილში დომინანტი ეკონომიკური აგენტი არა გვყავს, ასეთის შემთხვევაში კიდევ უფრო ყურადღებით ვუყურებთ ჩვენ ბაზარს, რომ არ მოხდეს ამ საკითხის არასათანადოდ გამოყენება, თუმცა ამ ნაწილში ეს არ გვაქვს. 2024 წლის მონიტორინგის შუალედურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ მთლიანობაში ბაზარი პასუხობს იმ სტანდარტებს, რასაც კონკურენტული ბაზარი ჰქვია. თუმცა მონიტორინგი გრძელდება, შემდგომ კვარტლებსაც შევხედავთ და თუ დავინახავთ, რომ არის გარკვეული საკითხები, რომელიც კითხვის ნიშნებს აჩენს კონკურენციის ხარისხთან დაკავშირებით, ჩვენ პირველ რიგში, ინდუსტრიისგან მივიღებთ განმარტებებს“, – განაცხადა ლექვინაძემ.
bpn.ge
