სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2024 წელს, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2.565 მლნ ლარით შემცირდა. ხოლო 2024 წლის განმავლობაში საქართველოს დერეფანი 512 665-მა სატვირთომ გადაკვეთა, 2023 წელს კი 519 996 ტრაილერმა.
სატვირთო ავტომობილებით გადაზიდვების შემცირებას რამდენიმე მიზეზი აქვს, რომელთა შორის არის ტარიფები, საბაჟო პროცედურების ტემპი და რაც ყველაზე მთავარია, კასპიის ზღვის მიმართულებით, საბორნე გადაზიდვების გააქტიურება.
გარდა ამისა, კომპანია Berley GEO TRANS-ში „კომერსანტს“ უთხრეს, რომ ტვირთგადაზიდვის სფეროში ლოგისტიკური კომპანიები და ფიზიკური პირები გამოჩნდნენ, რომლებიც ტვირთებს ეძებენ და ყოველგვარი გადასახადების გადახდის გარეშე გადააქვთ. ხშირ შემთხვევაში, ისინი ტრაილერის და ტვირთდაზღვევის გარეშე მოძრაობენ. ასევე, გართულებულია საბაჟო კონტროლიც.
„2024 წელს ჩემთან იყო მოსული სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები, განვიხილეთ საკმაოდ ბევრი პრობლემა. საუბარი ასევე გვქონდა ტვირთების ბრუნვაზეც. საქართველოდან აზერბაიჯანული ნომრებით იღებენ ტვირთს, მაგრამ ჩვენ იმათ ბაზარზე ვერ შევდივართ. ბევრი პრობლემაა თურქეთის გადაზიდვებზე, ასევე ევროპაში გადაზიდვებზე. თურქებს ევროპიდან მოაქვთ ტვირთები, იგივე ტვირთი საქართველოდან ბევრად იაფად გააქვთ.
ფიზიკური პირები დადიან თურქეთში, აგროვებენ ტვირთებს. ამ პირებს არც საწყობი აქვთ, არც დაზღვევა აქვთ გაკეთებული, მათ შორის არც მანქანის დაზღვევა. იქიდან იღებენ ტვირთს, მაგალითად მე თუ მომაქვს 2700 დოლარად, მაგათ 1900 დოლარად მოაქვთ, რადგან ეს პირები თავად არიან მძღოლები, მენეჯერიც და ბუღალტერიც. მე თუ ხარჯები მაქვს, მას არ აქვს. როცა ვეკითხები, ასე ყველანაირი დაზღვევის და რეგულაციის დაცვის გარეშე რატომ დადის, მეუბნებიან: „მე და ჩემი მანქანა“. მას უღირს ეს საქმე, რადგან ჩემსავით მძღოლს 700 დოლარს არ უხდის.
კიდევ ბევრი პრობლემაა, რომლის გამოც საქართველოში სატრანსპორტო კომპანიები მეორეხარისხოვანი გახდნენ. შუალედურ რგოლში მოგებაზე ლოგისტიკური კომპანიები გადიან. ხსნიან ოფისებს, ქირაობენ მძღოლებს და ეძებენ ტვირთებს. ჩვენ ნელ-ნელა თამაშიდან გავდივართ. ბაზრიდან გავდივართ ისეთი კომპანიები, ვისაც ოფისიც გვაქვს, სტაბილურად დასაქმებული კადრებიც, სტამბოლში საწყობიც გვაქვს, ბათუმსა და ხოფაში ოფისები. ნელ-ნელა ბაზარზე ისეთი ლოგისტიკური კომპანიები დარჩებიან, რომელსაც არც დაზღვევა აქვს, არც საწყობი და არც არაფერი. უბრალოდ ტვირთებს ყიდულობენ და გადააქვთ.
ადრე საზღვარზე 15 წუთში თუ გამოვდიოდით, ახლა ყველაფერი დაშლილია, საათ-ნახევარს ვუნდებით. ეს შეფერხებები ძირითადად ქართულ საბაჟოზე გვაქვს“,- აღნიშნა GEO TRANS-ის წარმომადგენელმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
