საქართველოს ბაზარზე სასტუმროების ქსელი ყოველწლიურად იზრდება. ტენდენცია 2024 წელსაც შენარჩუნდა. Galt & Taggart-ის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 1 200-მდე სასტუმრო ოპერირებდა. მღავალფეროვან არჩევენთან ერთად ბაზარი მომხმარებლებს სხვადასხვა კლასის მომსახურებს სთავაზობს. სასტუმროების კლასიფიკაცია ვარსკვლავების რაოდენობის მიხედვით ხდება. რაც უფრო მეტ ვარსკვლავს ფლობს სასტუმრო, მით უფრო უკეთეს სერვისს სთავაზობს მომხმარებელს.
,,კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად აკმაყოფილებენ საქართველოში არსებული მაღალი კლასის სასტუმროები საერთაშორისო მოთხოვნეს. რამდენად შეესაბამება მათთვის მინიჭებული ვარსკვლავების რაოდენობა გაწეულ მომსახერებასა და შეთავაზებულ სერვისებს. საკითხზე ჩვენ სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია DNT Group-ის თანადამფუძნებელს დავით მესხს ვესაუბრეთ. ჩვენი რესპონდენტი აცხადებს, რომ საქართველოში თითქმის ყველა სასტუმრო ვარსკვლავებს თვითნებურად იწერს და მინიმუმ ერთს იმატებს. დავით მესხი აცხადებს, რომ საერთაშორისო სტანდარტებით შეფასების შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო რეალურად 4-იანის კატეგორიას მიეკუთნება.
,,საქართველოში, რომ აიღოთ 500 სასტუმრო 500-ვეს პლუს ერთი ვარსკვლავი თვითნებურად აქვს მინიჭებული. ანუ თუ სასტუმროს საერთაშორისო დონეზე 5 ვარსკვლავი უზის საშუალოდ 4 ვარსკვლავიანი გამოდის. ვისაც 4 აქვს 3 გამოდის. რეალური საერთაშორისო სტანდარტით რომ შეფასდეს, თითო ვარსკვლავი ყველას მოაკლდება. ამას სასტუმროების ადგილობრივი მენეჯმენტი აკეთებს. ყოველგვარი შეფასების გარეშე, ნებისმიერს შეუძლია სასტუმროს თითნებურად მიანიჭოს ვარსკვლავი. უბრალოდ თუ არარეალურია ეს შენთვისვე უარესი ხდება. მოლოდინი მეტია და რევიუებს ცუდს გიწერენ.’’- აცხადებს დავით მესხი.
სასტუმროების სწორად კლასიფიკაციაზე და რეგულირებაზე ქვეყანაში დღეს არავინ არის პასუხისმგებელი. შესაბამისად, საქართველოში სასტუმროების სავალდებულო სერტიფიცირება არ მოქმედებს და ვარსკვლავების მინიჭება კანონით არ რეგულირდება. დავით მესხი იხსენებს, რომ წლების წინ სასტუმროების სწორი კლასიფიკაციის მცდელობა იყო. ამ მიზნით საქართველოში უცხოური კომაპნიაც ჩამოიყვანეს, თუმცა მინიჭებული ვარსკვლავების რაოდენობით უკმაყოფილო ბიზნესები კომპანიის წინააღმდეგ წავიდნენ და ის ბაზრიდან გავიდა.
„ადგილობრივ ბაზარზე ადრე შემოიყვანეს უცხოური კომპანია, რომელსაც ვარსკვლავები საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ოფიციალურად უნდა მიენიჭებინა. მაგრამ, როცა ამ კომპანიამ სასტუმროებს მიანიჭა ვარსკვლავები მოხდა ასეთი რამ, იქ იყო 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელსაც 4 მიანიჭა. მთავრობასთან დაახლოებული პირები იყვნენ და არ მოეწონათ ეს ამბავი და საერთოდ, ეს კომპანია გაუშვეს ქვეყნიდან. რეალურად ნება არ არის, რომ ვარსკვლავების მინიჭების საკითხი დარეგულირდეს საქართველოში. რეალურად ეს ბევრს არაფერს არ წყვეტს. მომხმარებლის შეფასებითა და ფასით ისედაც ჩანს სასტუმროს კლასი და დონე. თბილისში სასტუმროს რომ აქვს 5 ვარსკვლავი მინიჭებული, ადამიანი შედის და ხედავს, რომ არც აუზი აქვს და არც რაღაც განსაკუთრებული სერვისები, წინასწარ იცის, რომ მაღალი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. ფოტოებიდან და შეფასებებიდან ისედაც აქვს ინფორმაცია.”- აცხადებს დავით მესხი.
ვარსკვლავების რაოდენობა სერვისების ერთობლიობას ასახავს. ეს კლასიფიკაცია, პირველ რიგში, გულისხმობს სერვისს და მეორე რიგში – ფუფუნებას. სასტუმროებისათვის ვარსკლავების მინიჭების იდეა ტურისტული წიგნების გამომცემელს კარლ ბედეკერს ეკუთნის. იდეა მან სავარაუდოდ ჯონ მიურეის „მოგზაურთა გზამკვლევებიდან“ აიღო. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში სასტუმროების და რესტორნების შეფასებისთვის ერთ ან ორ ვარსკვლავს იყენებდნენ. მას შემდეგ ინდუსტრია მნიშვნელოვნად გარდაიქმნა და დღეს სასტუმროებს მომხმარებლისთვის შეთავაზებული სერვისის ხარისხის შესაფასებლად ხუთი ვარსკვლავიც არ ჰყოფნით.
