23 თებერვალს ბეირუთში ათი ათასობით პირი დაესწრო ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას დაკრძალვის ცერემონიას – თითქმის ხუთ თვეში მას შემდეგ, რაც ნასრალა იმსხვერპლა ისრაელის საჰაერო იერიშმა, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა ამ, ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებას.
ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს აშშ, ხოლო ევროკავშირს “შავ სიაში” შეყვანილი ჰყავს მხოლოდ მისი სამხედრო განშტოება და არა პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ლიბანის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს. ჰეზბოლა აკონტროლებს სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს.
ნასრალა ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჰეზბოლას ისრაელთან კონფლიქტში და მისი ლიდერობის პირობებში ჯგუფმა რეგიონული გავლენაც გააძლიერა. ნასრალას მკვლელობა მნიშვნელოვანი გარღვევა იყო ისრაელისთვის, დასუსტებულ ჰეზბოლასთან კონფლიქტში.
თუმცა ჯგუფის ამჟამინდელი ლიდერი, ნაიმ ყასემი – რომელმაც დაკრძალვის მონაწილეებს გასაიდუმლოებული ადგილიდან, ვიდეოჩანაწერით მიმართა – აცხადებს, რომ ჰეზბოლა კვლავ “ძლიერია”.
ისრაელის არმია დიდწილად გასულია ლიბანის სამხრეთიდან, თუმცა მისი საჰაერო ძალები განაგრძობენ დარტყმებს, მათი თქმით ჰეზბოლას პოზიციებზე მთელი ლიბანის მასშტაბით, სამხედროები კვლავ განთავსებულნი არიან გორაკების ხუთ მწვერვალზე, საზღვრის გასწვრივ.
ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ლიბანის სამხრეთსა და აღმოსავლეთში 23 თებერვალსაც განახორციელეს დარტყმები, მათ ბეირუთსაც ორჯერ გადაუფრინეს დასაფლავების ცერემონიის მსვლელობისას – რის გამოც ხალხმა დაიწყო სკანდირება ლოზუნგისა “სიკვდილი ისრაელს”.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა პლატფორმაზე X დაწერა, რომ თვითმფრინავები, რომლებიც “ჰასან ნასრალას დაკრძალვის თავზე დაფრინავდნენ, ავრცელებდნენ მკაფიო მესიჯს: ვინც ისრაელს განადგურებით ემუქრება და თავს ესხმის, ეს იქნება მისივე დასასრული. თქვენ დაკრძალვებში გაიწაფებით – ჩვენ გამარჯვებებში”.
დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობდნენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაყჩი, ერაყის დელეგაცია, რომელიც მოიცავდა შიიტ პოლიტიკოსებს და იემენის ჰუთების წარმომადგენელი დელეგაცია.
