The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსეთის მიერ დაწყებული ომის მესამე წლისთავის წარსადგენი უკრაინული რეზოლუციისგან ალტერნატიული აშშ-ს რეზოლუციის თანასპონსორი ქვეყანა, მხოლოდ საქართველოა.
WSJ წერს, რომ უკრაინის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიღებული რეზოლუციების მსგავსია, ომის მიზეზად რუსეთს ასახელებს და წელს მშვიდობიანი გადაწყვეტის მოწოდებას შეიცავს, რომელიც რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გასვლას ეფუძნება. ხოლო, აშშ-ის რეზოლუციის პროექტში არ არის მითითებული, ვინ დაიწყო ომი და არ შეიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს კრემლის მიმართ.
გამოცემას ევროპელმა დიპლომატებმა უთხრეს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 193 ქვეყნიდან 100-ზე მეტი ქვეყანა მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის რეზოლუციას. მათივე განცხადებით, აშშ-ის პროექტს რუსეთი დაუჭერდა მხარს, თუმცა მოსკოვმა მასზე შესწორება შეიტანა.
რუსეთის მიერ შემოთავაზებული შესწორება აშშ-ს ურჩევს, ტექსტში დაემატოს, რომ ომის გადაჭრის გზამ უნდა მოიცვას კონფლიქტის „ძირეული მიზეზების“ განხილვა – ტერმინი, რომელსაც რუსეთი იყენებს ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოების აღსანიშნავად ცივი ომის შემდეგ. გამოცემის წყაროების თქმით, ეს შესწორება მიღებული არ არის.
დიპლომატების თქმით, აშშ-მა პარასკევს უკრაინელ ოფიციალურ პირებს სთხოვა, რომ რეზოლუცია უკან გაეწვიათ, თუმცა კიევმა ეს მოთხოვნა უარყო. ამავდროულად, ბრიტანელმა და ფრანგმა წარმომადგენლებმა ვაშინგტონს სთხოვეს, შეეცვალა საკუთარი პროექტი, თუმცა აშშ-მა ეს არ გააკეთა.
დოკუმენტში, რომელიც WJS-მა იხილა, აშშ-ის დიპლომატებმა ევროპელ კოლეგებს განუცხადეს, რომ ვაშინგტონი უკრაინის რეზოლუციას მხარს არ დაუჭერს, თუ ის წარსდგება, და მოუწოდეს ევროპელებს, დაარწმუნონ კიევი, რომ საკუთარი პროექტი უკან გაიწვიოს.
„ჩვენ მოვუწოდეთ უკრაინას, რომ გაიწვიოს საკუთარი პროექტი და შეუერთდეს ჩვენს რეზოლუციას, რომელსაც შეუძლია კონსენსუსით მიღება და რომელიც ერთი მარტივი იდეის გარშემო არის შექმნილი: ომის დასრულება. ჩვენ ვგეგმავთ უკრაინის პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას და ვამზადებთ მოკლე და მარტივ ტექსტს, რომელსაც, ჩვენი აზრით, გაეროს ყველა წევრი ქვეყანა, მათ შორის უკრაინა და რუსეთი, დაეთანხმება. გთხოვთ, შეუერთდეთ ჩვენს ძალისხმევას, რათა უკრაინამ თავისი პროექტი უკან გაიწვიოს“ – ნათქვამია აშშ-ის მიერ ევროპულ დედაქალაქებში გაგზავნილ წერილში.
წყაროებმა აღნიშნეს, რომ ბოლო დღეებამდე აშშ ევროპულ ქვეყნებთან ერთად მუშაობდა უკრაინის პროექტზე და მხოლოდ მცირე შესწორებებს სთავაზობდა.
WSJ წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა უარყო ბრალდებები, რომ აშშ-ის რეზოლუცია მოსკოვის სასარგებლოდ არის შედგენილი და აღნიშნა, რომ მისი მიზანი რაც შეიძლება სწრაფად მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევაა. „ამერიკული რეზოლუცია არის ახალი გზა წინსვლისთვის,“ — განაცხადა ოფიციალურმა პირმა. „ჩვენი წინადადება მარტივია და გაეროს საწყის პრინციპებს ეყრდნობა. მშვიდობა შესაძლებელია, და სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი ფოკუსი.“
გამოცემის წყაროების თქმით, აშშ-ის რეზოლუციის პროექტი შეიძლება ორშაბათს, ომის მესამე წლისთავზე, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს კენჭისყრაზე დადგეს. ასევე, აშშ-ს და უკრაინის რეზოლუციის პროექტები შეიძლება გენერალური ასამბლეის კენჭისყრაზე ერთდროულად წარდგეს.
22 თებერვალს, Washington Post-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას რუსეთის მიერ დაწყებული ომის 3 წლისთავზე, 24 თებერვალს, გაეროში წარსადგენი ყოველწლიური რეზოლუციის გაწვევა მოსთხოვა, მის ნაცვლად კი თავისი ვერსიის წარდგენა სურს.
WP-მა თანამდებობის პირზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ს რეზოლუცია უკრაინელებისთვის “შოკისმომგვრელი” იყო, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, რომ არ გაეწვია არსებული რეზოლუცია, რომელიც რუსულ აგრესიას გმობს.
Washington Post-ის თანახმად, უკრაინაში მიაჩნიათ, რომ აშშ-ს მიერ შემუშავებული რეზოლუცია რუსეთის პასუხისმგებლობის გამოხატულების შეზღუდვას ცდილობს.
WP-სთან საუბრისას თანამდებობის პირმა თქვა, რომ ვაშინგტონმა წარდგენილ რეზოლუციას გადახედა და “გარკვეული ცვლილებები მოითხოვა, რათა ის დაესუსტებინა”, მათ შორის დოკუმენტში “პრორუსული” ენის შეტანა მოითხოვა. წყაროს თქმით, შემდგომ ვაშინგტონმა თავისი რეზოლუცია წარადგინა და კიევს თავისი ვერსიის გაწვევა მოსთხოვა.
“მათი რეზოლუცია ძალიან მოკლეა და სრულიად ახალი ენითაა შედგენილი. სხვა ქვეყნების მრავალი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს უფრო მეტად პუტინის დაშოშმინებისკენ მოწოდებას ჰგავს, ვიდრე მშვიდობისკენ მოწოდებას”. – თქვა წყარომ.
გარდა ამისა, როგორც წყარომ გამოცემასთან საუბრისას თქვა, ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯი მიუთითებს, რომ ისინი ცდილობენ, “გაეროში ყველა შესაძლო პროცედურას თავი აარიდონ”, უკრაინისგან ტექსტის ნებაყოფლობით გაწვევას მოითხოვენ, რათა სხვა ქვეყნებს აშშ-ს ტექსტის მხარდაჭერისკენ უბიძგონ.
“შესაძლო ცუდი რაღაცების მრავალ ნიშანს ვხედავთ, მაგრამ შოკისმომგვრელია, რომ ზეწოლას [უკრაინაზე] ცდილობენ და არა რუსებზე”. – თქვა თანამდებობის პირმა.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ აშშ-მ “გაეროში წარადგინა მარტივი, ისტორიული რეზოლუცია, რომლის მხარდაჭერისკენაც ყველა წევრ სახელმწიფოს მოვუწოდებთ, რათა მშვიდობის გზა გავკაფოთ”.
“ამ რეზოლუციის მხარდაჭერით, ვადასტურებთ, რომ კონფლიქტი საშინელია, რომ გაეროს მისი დასრულებისთვის დახმარება შეუძლია და რომ მშვიდობა შესაძლებელია”. – წერია განცხადებაში.
წყარო: tabula.ge
