საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულმა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა განგაშის სიგნალი ჩართო. მისიის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ შემაშფოთებელი და აუხსნელია გადაუდებელი ჩარევების დაგვიანება და სამუშოების შესრულების გეგმის არარსებობა.
უკვე წლებია, მეცნიერები ხელისუფლებლას აფრთხილებენ, რომ გელათი საფრთხეშია, თუმცა ამ დრომდე საკონსერვაციო პროგრამა არ არსებობს.
“ანგარიში ძალიან კრიტიკულია და მიანიშნებს იმ სერიოზულ ხარვეზებს, არაკოორდინირეულ მოქმედებას, გაუხსნელობას საზოგადოების მიმართულებით და სპეციალისტების არჩართულობას. ტაძრის გადარჩენისთვის ალტერნატიული გზები პროექტირების კუთხით არ მომხდარა, კონსტრუქციების მოწყობისთვის. ხან სარკმელი ზიანდება მხატვრობასთან ერთად, მოინგრა რამდენიმე სეგმენტში, ახლა კიდევ გუმბათის ამ ჩაშენებულ ნაწილს თავის მხატვრობიანად მოუწია მორღვევა. კონტრუქციის გამო რღევა მიდის რაღაც სეგმენტების,” – ამბობს სპეციალისტი.
გთავაზობთ მოძრაობა “გადავარჩინოთ გელათის მონასტრის” სოცქსელში გავრცელებულ პოსტს.
“გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა 18 თებერვალს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების რეაქტიული მონიტორინგის მისიის ანგარიში (World Heritage Centre/ICOMOS/ICCROM Reactive Monitoring Mission Report) გამოაქვეყნა (მისია განხორციელდა 2024 წლის 23-27 სექტემბერს). ანგარიში ვრცელია. ყურადღებას ვამახვილებთ იმ არსებით და შემაშფოთებელ მონაკვეთებზე, რომლებიც გელათის კონსერვაციის პროცესის მართვისა და მხატვრობის კონსერვაციის მიმართულების საკითხებს ეხება.
ანგარიშში არაერთგზის არის მკაფიოდ ხაზგასმული საკონსერვაციო პროცესის მართვის გამოსწორების აუცილებლობა და აჩვენებს კომიტეტის ყველა რგოლის სისუსტეს – საბჭოების ჩათვლით.„ორივე საბჭოს წევრების პრეზენტაციებზე დასწრებისა და სხვადასხვა საკონსერვაციო და კვლევის პროგრამების ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ მისია აღნიშნავს პროფესიული გადაწყვეტილების მიმღები ხელმძღვანელობის საჭიროებას ისეთ არსებით საკონსერვაციო პრობლემებთან დაკავშირებით, როგორიცაა ჩარევების პრიორიტეტების, რიგითობის და ხასიათის განსაზღვრა ყველა ეტაპზე და ერთ მთლიანობად მათი სათანადო კომბინირება…. გადაწყვეტილების მიღების პროცესი სარეაბილიტაციო სამუშაოების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვითაც და მათი ზოგადი კოორდინაციაც მკაფიოებასაა მოკლებული“.მისიის ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მხარის კვალიფიციური და თანმიმდევრული მუშაობის გარეშე, მხოლოდ უცხოელი ექსპერტების ეპიზოდური ჩართულობა და სახელი ვერ გახდება პროცესის წარმატების საწინდარი, ანუ – ის, რაც არაერთგზის გვითქვამს ბოლო წლების განმავლობაში.მონიტორინგის მისიის ანგარიშში მკაფიოდ იკვეთება მხატვრობის მიმართულების მთავარი პრობლემები:„შემაშფოთებელია, რომ გადაუდებელი ჩარევების განხორციელება გვიანდება. ამ დაგვიანების მიზეზები მისიისთვის არ იქნა განმარტებული. დამატებითი შეშფოთების საგანია გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმის ორგანიზების ეფექტურობა, საჭიროა კარგი ორგანიზება, კოორდინაცია და დაგეგმვა. შესაბამისად მნიშვნელოვანია ყოვლისმომცველი საკონსერვაციო პროგრამის ქონა… მონიტორინგის წარმოებისას, გამოყავით დრო იმისთვის, რომ გადახედოთ, გააერთიანოთ და გაიაზროთ ჩატარებული კვლევების შედეგები, რათა გამოიტანოთ დასკვნები და შეიმუშავოთ კონსერვაციის ყოვლისმომცველი პროგრამა“.სამწუხაროა, რომ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი არ მოეკიდა სერიოზულად 2023 წლის გაზაფხულის შემდეგ ჩვენს არაერთ გაფრთხილებასა და მოწოდებას მხატვრობის მიმართულებასთან დაკავშირებით. რეაქტიული მისიის მონიტორინგის ანგარიშში გამოთქმული დასკვნების იდენტური მოსაზრებები და შეფასებები მეთოდოლოგიური საკითხებისა და მიმართულების მართვის თაობაზე არაერთგზის გამოითქვა: კომიტეტის შექმნის დღიდან 8 თვის განმავლობაში სამუშაო ფორმატში, 2023 წლის დეკემბრიდან კი – საჯარო სივრცეში.სამწუხაროა, რომ კომიტეტმა 2 წლის განმავლობაში არ დაინახა იმ პრობლემების არათუ გააზრებისა და გამოსწორების, არამედ გადამოწმების საჭიროებაც კი, რაც ახლა უკვე რეაქტირული მონიტორინგის მისიამაც დაადასტურა. 2 წლის განმავლობაში გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი და მისი ყველა რგოლი მოხატულობათა ცვენას ადევნებდა თვალს და გელათის მოხატულობებისთვის ამ მთავარ საკითხზე შეშფოთებისა და ფართო კონსილიუმის მოწვევის ნაცვლად კამპანიურობით და კრიტიკული აზრის მქონეთა მარგინალიზაციის მცდელობებით იყო დაკავებული.კომიტეტის ხელმძღვანელობის მიერ შერჩეულ სპეციალისტთა დახელოვნებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ცხადია, ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ამოცანათა და პრობლემათა რანჟირებაა. უფრო მნიშვნელოვანი გელათია და ის, რომ კომიტეტისა და მისი ყველა რგოლის მიერ დამოუკიდებელი პროფესიული აზრის იგნორირებით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გელათში მოხატულობათა დანაკარგების ზრდა გამოიწვია და პროცესი ახლაც მიმდინარეა.მისიის ანგარიში, სხვა არაერთ საკითხთან დაკავშირებითაც ადასტურებს 2 წლის განმავლობაში არაერთგზის გამოთქმულის მართებულობას: გელათის კონსერვაციის პროექტში გარემოს ინჟინრის მონაწილეობისა და არქიტექტურის კომპონენტის გაძლიერების საჭიროებას და რაც მთავარია – პრობლემების კომპლექსური ხედვის საფუძველზე ჩამოყალიბებული კონსერვაციის პროგრამითა და გეგმით მუშაობისა და დამოუკიდებელი მონიტორინგის აუცილებლობას.ანგარიში ცხადყოფს გელათთან მიმართებით საქართველოს ძეგლთა დაცვის სისტემის მოშლას და გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის, როგორც მართვის უჯრედის, მუშაობის უსერიოზულეს პროფესიულ ხარვეზებს.დღევანდელი სახით საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს კანონით დაკისრებული ფუნქციების შესრულების რესურსი არ გააჩნია. საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს როლი გელათთან მიმართებით იმთავითვე ნულოვანი იყო და სამომავლოდაც უთუოდ ასეთივედ დარჩება. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მუშაობის პრინციპების ძირეული ცვლილების გარეშე სადღეისოდ არსებული პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება.ამონარიდები მისიის ანგარიშიდან იხ. ქვემოთ (ანგარიშის სრული ტექსტის ბმული იხ. კომენტარებში):
· მართვის შესახებ:
„კომიტეტის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, გელათის მონასტრის ყველა საკონსერვაციო პროექტი მუშავდება როგორც ეროვნული სამეცნიერო საბჭოს ისე საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ. თუმცა, ორივე საბჭოს წევრების პრეზენტაციებზე დასწრებისა და სხვადასხვა საკონსერვაციო და კვლევის პროგრამების ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ მისია აღნიშნავს პროფესიული გადაწყვეტილების მიმღები ხელმძღვანელობის საჭიროებას ისეთ არსებით საკონსერვაციო პრობლემებთან დაკავშირებით, როგორიცაა ჩარევების პრიორიტეტების, რიგითობის და ხასიათის განსაზღვრა ყველა ეტაპზე და ერთ მთლიანობად მათი სათანადო კომბინირება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაციების მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ გადაწყვეტილების მიღება კომიტეტში ერთობლივად ხორციელბდება, გადაწყვეტილების მიღების პროცესი სარეაბილიტაციო სამუშაოების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვითაც და მათი ზოგადი კოორდინაციაც მკაფიოებასაა მოკლებული“.
„სახელმწიფოს მხარეს (იგულისხმება გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი) მოვუწოდებთ ძეგლის დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებით უფრო მჭიდრო დიალოგისკენ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსა და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩათვლით“.
“ძეგლის 2024 წლის მენეჯმენტის გეგმის მიხედვით, “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ასრულებს ნებართვების გაცემის, მემკვიდრეობის მონიტორინგის და კონსერვაციის პროცესების ზედამხედველობის ფუნქციას”. თუმცა, მისიის ჯგუფის შეხვედრებზე დროებით კომიტეტთან და ცალკე, სამინისტროს წარმომადგენლებთან, ნათელი გახდა, რომ თანამშრომლობა ძალიან შეზღუდულია, და ეროვნული სააგენტოს როლი დაყვანილია სამუშაოების ნებართვების გაცემაზე, მათი სრულფასოვანი შესწავლისთვის გამოყოფილი დრო კი ცოტაა.
„იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებიც წარმოიშვა კონსერვაციის პროცესში, მათ შორის, ეკლესიებში მოხატულობების მყიფე მდგომარეობისა და ძეგლის ზოგად მართვაში არსებული სირთულეების ჩათვლით, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი ურჩევს მონაწილე ქვეყანას 2026 წელის განმავლობაში მიიწვიოს რეაქტიული მონიტორინგის მისია, რათა შეფასდეს საკონსერვაციო ღონისძიებების მიზანშეწონილობა, კონსერვაციის ყოვლისმომცველი პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების პროცესი, მართვის გეგმის განხორციელება, ნაბიჯები რომლებიც გადაიდგმება მართვის სისტემის და ძეგლის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“.
· კონსერვაციის პროგრამისა და გეგმის შესახებ:
„ძეგლის რეაგილიტაციისა და კონსერვაციის სამუშაოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა კონსერვაციის ყოვლისმომცველი პროგრამის შემუშავება, გეგმითა და საგზაო რუკით“.
„კონსერვაციის კომპლექსური პროექტი, რომელსაც დართული უნდა ჰქონდეს მოქმედების დეტალური გეგმა და საგზაო რუკა, სხვასთან ერთად უნდა შეიცავდეს: მდგომარეობის შეფასებას, ქმედებების პრიორიტეტებს, მეთოდოლოგიას, ჩარევების ფაზების ეტაპებს და გამოსაყენებლად შერჩეულ მასალებს“.
· მხატვრობის კონსერვაციის მიმართულების და ჯგუფის შესახებ:
“მისია აღნიშნავს მნიშვნელოვან პროგრესს მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგსა და არა-ინვაზიურ კვლევებში. ჩატარებული სამუშაოს მაღალი ხარისხი და სამეცნიერო დონე წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია, რაც ქართველ კონსერვატორთა პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს. ეს კვლევები ფიზიკური ჩარევების შემუშავებისა და განხორციელების საფუძველს ქმნის.პრიორიტეტულია შესწავლის შედეგების (მოხატულობის ტექნიკის, მარილების არსებობის, გარემოს მონაცემების და ა.შ.) კონსერვაციის პროგრამაში გაერთიანება. ამის პარალელურად უნდა გაგრძელდეს ფიზიკური ჩარევების დაწყებული პროგრამა, რომელიც მოიცავს კრიტიკული ადგილების გადაუდებელი სტაბილიზაციას და ზოგადი სტაბილიზაციის ღონისძიებების ჩამოყალიბებას. თუმცა მისია შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ფიზიკურმა ჩარევებმა არ მოიცვა კედლის მხატვრობის ის მონაკვეთები, რომელთა მიმართაც ჩარევები წინა ეტაპებზე განხორციელდა და რომლებიც შეფასდა 2022 წლის მისიის მიერ. გადაუდებელი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ყველა მონაკვეთზე, სადაც ფერწერული ფენისა და/ან მოსამზადებელი ფენების დეზინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთების დაკარგვის საფრთხეს შეიცავს. დამოუკიდებლად იმისა, მათზე ჩარევა ადრე განხორციელებულა თუ არა”.
„ფერწერულ ფენაზე არის ძალიან ბევრი მეტად მყიფე მონაკვეთი, რომლებიც შესაძლოა დაიკარგოს დაუყოვნებლივი ჩარევის გარეშე. მისიის ჯგუფისთვის ცნობილი გახდა, რომ იმ არეებზე, სადაც რესტავრატორთა წინა ჯგუფმა იმუშავა, ფერწერულ ფენაზე ჩარევა არ იგეგმება. ამგვარი გადაწყვეტილების მკაფიო მიზეზი არ არის მითითებული და ის მისიისთვის გაურკვეველი დარჩა მათ შორის, მოწოდებული ანგარიშების გაცნობის შემდეგაც.თუმცა არსებობს გადაუდებელი ჩარევები, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნას განხილული და განხორციელებული, მიუხედავად იმისა თუ რა იყო დაზიანების წყარო, შემცირდა ის თუ აღმოიფხვრა. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია საუკეთესო გზით მოქმედება, გასათვალისწინებელია ზედაპირის განმეორებითი დამუშავების შესაძლებლობა, ასევე ისიც, რომ გაუარესების პროცესი შესაძლოა ვერ შეჩერდეს. ამ კონტექსტში მეტად საგანგაშოა დოკუმენტში „მოქმედების გეგმა კედლის მხატვრობის კრიტიკული არეებისთვის, 2023 წლის 1-23 დეკემბერი“ გაკეთებული განცხადება, რომ „მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია რაიმეს გაკეთება ფერწერული ფენის აქერცვლის პრობლემის შესამცირებლად (ამ ეტაპზე ყოველგვარი ჩარევა, სავარაუდოდ, მეტ ზიანს მოიტანს)“.
„მიმდინარე სამუშაოები, რომლების მთავარ ტაძარის მოხატულობათა გადასარჩენად ტარდება უკიდურესად რთულია. ენერგიისა და დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება სამეცნიერო კვლევებს და ჩასატარებელი ღონისძიებების მეთოდოლოგიის შესწავლას. თუმცა შემაშფოთებელია, რომ გადაუდებელი ჩარევების განხორციელება გვიანდება. ამ დაგვიანების მიზეზები მისიისთვის არ იქნა განმარტებული. დამატებითი შეშფოთების საგანია გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმის ორგანიზების ეფექტურობა, საჭიროა კარგი ორგანიზება, კოორდინაცია და დაგეგმვა. შესაბამისად მნიშვნელოვანია ყოვლისმომცველი საკონსერვაციო პროგრამის ქონა.“
„ნუ დააყოვნებთ გადაუდებელ ჩარევებს ფერწერულ და მოსამზადებელ ფენებზე, რომლებიც არამყარ მდგომარეობაშია და გარკვეულ მონაკვეთებზე ჩამოცვენის/ ვარდნის რისკს შეიცავს.· მონიტორინგის წარმოებისას, გამოყავით დრო იმისთვის, რომ გადახედოთ, გააერთიანოთ და გაიაზროთ ჩატარებული კვლევების შედეგები, რათა გამოიტანოთ დასკვნები და შეიმუშავოთ კონსერვაციის ყოვლისმომცველი პროგრამა, და მიყვეთ ამ ნაბიჯებს:· სწრაფად გადაიკითხედ სხვადასხვა კვლევები, შესაძლოა თემების მიხედვით (მაგ., ინფილტრაციის წარმომავლობა, წვიმის წყლის გადაყვანა და შეგროვება, შედარებითი ტენიანობის მაჩვენებლები მაკროკლიმატი/მიკროკლიმატი და სხვ.)· ცალ-ცალკე შეაჯამეთ დასკვნები· განსაზღვრეთ პრიორიტეტები, წარმოადგინეთ გადაწყვეტილებები· გააერთიანეთ გადაწყვეტილებები შესაძლო ღონისძიებების სრულ ქრონოლოგიურ სიაში· დასკვნები გააფორმეთ კონსერვაციის გეგმის სახით, რომელსაც დაერთვება ღონისძიებების ქრონოლოგიური ჩამონათვალი· წარმოადგინეთ კონსერვაციის ყოვლისმომცველი პროგრამა, გეგმით და საგზაო რუკით მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში, საკონსულტაციო ორგანოების განსახილველად“.
„მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები მინდობილი აქვს ქართულ ჯგუფს, რომელსაც ორი რესტავრატორი ლელა ნინოშვილი და მარიამ საღარაძე ხელმძღვანელობენ (led by). მათ სამეცნიერო ხელმძღვანელობას (under scientific direction) უწევს ორი ბრიტანელი სპეციალისტი კურტოს ინსტიტუტიდან, სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე. მიუხედავად იმისა, რომ მისიის გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა ადგილზე გაეცვალა მოსაზრებები ლელა ნინოშვილთან და ონლაინ შეხვედრაზე მარიამ საღარაძესთან, მისიის ზოგიერთ შეკითხვას პასუხი ვერ გაეცა. სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე მიუწვდომლები იყვნენ დისტანციური შეხვედრისთვისაც კი. მისიას წარუდგინეს მხოლოდ რიკერბის წინასწარ ჩაწერილი ვიდეომიმართვა, რომელიც შეიცავდა ზოგად ინფორმაციას სამუშაოებსა და ზედაპირების მდგომარეობის შესახებ, მცირე დეტალებით კრიტერიუმებისა და სამომავლო საკონსერვაციო გეგმებისადმი ზოგადი მიდგომების თაობაზე“.შედარებისთვის იხ. პასაჟი მოზაიკის მიმართულების შესახებ: „დროებითმა კომიტეტმა ასევე წამოიწყო მთავარი ეკლესიის მოზაიკის დაცვის ყოვლისმომცველი პროგრამა, რომელსაც ხელმძღვანელობს(led by) ცნობილი მოზაიკების რესტავრატორი იტალიიდან, რობერტო ნარდი და მისი მაღალკვალიფიციური გუნდი რომის არქეოლოგიურ კონსერვაციის ცენტრიდან.”
