გამოცემა Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას რუსეთის მიერ დაწყებული ომის 3 წლისთავზე, 24 თებერვალს, გაეროში წარსადგენი ყოველწლიური რეზოლუციის გაწვევა მოსთხოვა, მის ნაცვლად კი თავისი ვერსიის წარდგენა სურს.
გამოცემა თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს რეზოლუცია უკრაინელებისთვის “შოკისმომგვრელი” იყო, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, რომ არ გაეწვია არსებული რეზოლუცია, რომელიც რუსულ აგრესიას გმობს.
Washington Post-ის თანახმად, უკრაინაში მიაჩნიათ, რომ აშშ-ს მიერ შემუშავებული რეზოლუცია რუსეთის პასუხისმგებლობის გამოხატულების შეზღუდვას ცდილობს.
WP-სთან საუბრისას თანამდებობის პირმა თქვა, რომ ვაშინგტონმა წარდგენილ რეზოლუციას გადახედა და “გარკვეული ცვლილებები მოითხოვა, რათა ის დაესუსტებინა”, მათ შორის დოკუმენტში “პრორუსული” ენის შეტანა მოითხოვა. წყაროს თქმით, შემდგომ ვაშინგტონმა თავისი რეზოლუცია წარადგინა და კიევს თავისი ვერსიის გაწვევა მოსთხოვა.
“მათი რეზოლუცია ძალიან მოკლეა და სრულიად ახალი ენითაა შედგენილი. სხვა ქვეყნების მრავალი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს უფრო მეტად პუტინის დაშოშმინებისკენ მოწოდებას ჰგავს, ვიდრე მშვიდობისკენ მოწოდებას”. – თქვა წყარომ.
გარდა ამისა, როგორც წყარომ გამოცემასთან საუბრისას თქვა, ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯი მიუთითებს, რომ ისინი ცდილობენ, “გაეროში ყველა შესაძლო პროცედურას თავი აარიდონ”, უკრაინისგან ტექსტის ნებაყოფლობით გაწვევას მოითხოვენ, რათა სხვა ქვეყნებს აშშ-ს ტექსტის მხარდაჭერისკენ უბიძგონ.
“შესაძლო ცუდი რაღაცების მრავალ ნიშანს ვხედავთ, მაგრამ შოკისმომგვრელია, რომ ზეწოლას [უკრაინაზე] ცდილობენ და არა რუსებზე”. – თქვა თანამდებობის პირმა.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ აშშ-მ “გაეროში წარადგინა მარტივი, ისტორიული რეზოლუცია, რომლის მხარდაჭერისკენაც ყველა წევრ სახელმწიფოს მოვუწოდებთ, რათა მშვიდობის გზა გავკაფოთ”.
“ამ რეზოლუციის მხარდაჭერით, ვადასტურებთ, რომ კონფლიქტი საშინელია, რომ გაეროს მისი დასრულებისთვის დახმარება შეუძლია და რომ მშვიდობა შესაძლებელია”. – წერია განცხადებაში.
