აშშ-ს ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი გამოცემა Financial Times-ში უკრაინასთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე სტატიას აქვეყნებს, სათაურით “ეკონომიკური პარტნიორობა უკრაინელ ხალხსა და აშშ-ს გადასახადის გადამხდელს დაიცავს”.
ბესენტი აღნიშნავს, რომ ტრამპის მიერ ზელენსკისთვის წარდგენილი ეკონომიკური პარტნიორობა არასწორ ჭრილში არის წარმოჩენილი და სურს, “ნათელჰყოს, თუ როგორ ახეირებს ეს პარტნიორობა” როგორც აშშ-ს, ისევე უკრაინას.
მინისტრი წერს, რომ ტრამპი ამერიკელი და უკრაინელი ხალხის ინტერესების თანხვედრაში მოყვანას ცდილობს და ხაზს უსვამს, რომ ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკური უსაფრთხოება ერთმანეთთან დაკავშირებულია. ბესენტი განმარტავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული პარტნიორობა რუსეთს გაუგზავნიდა გზავნილს, რომ აშშ-სთვის უკრაინის სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია და ამით გრძელვადიან მშვიდობას საფუძველს ჩაუყრიდა.
“პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზებულ პარტნიორობას ამერიკელი ხალხის ინტერესები და უკრაინელი ხალხის ინტერესები თანხვედრაში მოჰყავს. პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ ეროვნული უსაფრთხოება ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან ერთად ვითარდება და ომის შემდგომი უკრაინა რაც უფრო წარმატებული და უსაფრთხო იქნება, უკრაინელი და ამერიკელი ხალხი მით უფრო იხეირებს. ეს ეკონომიკური პარტნიორობა საფუძველს ჩაუყრიდა გრძელვადიან მშვიდობას ამერიკელი ხალხისთვის, უკრაინელი ხალხისთვისა და რუსეთის მთავრობისთვის ნათელი გზავნილის მიწოდებით, რომ აშშ-სთვის უკრაინის სამომავლო სუვერენიტეტი და წარმატება მნიშვნელოვანია”. – წერია სტატიაში.
აშშ-ს ფინანსთა მინისტრის თქმით, ტრამპის მიერ შეთავაზებული გეგმა გულისხმობს, რომ უკრაინის მთავრობის მიერ ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი უკრაინის გრძელვადიანი განვითარების ფონდისთვის იქნება გამოყოფილი – მისი ინვესტიციების მართვის უფლება კი აშშ-ს ექნება.
“[…] შეთავაზება არის, რომ უკრაინის მთავრობის მიერ ბუნებრივი რესურსებიდან, ინფრასტრუქტურიდან და სხვა ქონებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდისთვის იყოს გამოყოფილი, რომლის მომავალ ინვესტიციებში აშშ-ს ეკონომიკური და მართვის უფლებები ექნება. ამ სტრუქტურასა და ურთიერთობას შემოაქვთ გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კორპორაციული მმართველობისა და იურიდიული ჩარჩოების მაღალი სტანდარტები, რომლებიც უკრაინაში ომის შემდგომ ზრდისთვის მძლავრი კერძო ინვესტიციების მოსაზიდად არის საჭირო”. – წერს ბესენტი.
სტატიაში ბესენტი ხაზს უსვამს, რომ შეთავაზებულ გარიგებაში “აშშ გრძელვადიანი პარტნიორია”, მომავალი შემოსავალი კი “ხელახლა დაბანდდება საკვანძო სექტორებში”, რომლებიც უკრაინის რესურსების ზრდაზე იქნება ორიენტირებული.
“ამ შეთანხმების პირობები ასევე უზრუნველყოფს, რომ ქვეყნები, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტის თავდაცვაში არ მონაწილეობდნენ, ამ რეკონსტრუქციით ან ამ ინვესტიციებით ვერ იხეირებენ”. – წერია სტატიაში.
ბესენტი წერს, რომ ეკონომიკურ მართვაში აშშ-ს ჩართულობა კორუფციას ხელს შეუშლის, უკრაინის განვითარებას შეუწყობს ხელს და რუსეთს გაუგზავნის გზავნილს, რომ აშშ-ს უკრაინის კეთილდღეობაში ინვესტიცია აქვს დაბანდებული.
“აშშ-ს ჩართულობა კორუფციისა და ინსაიდერული გარიგებებისთვის სივრცეს არ დატოვებდა. როდესაც კიევში ვიყავი, მრავალ ამერიკულ კომპანიას შევხვდი, რომლებიც უკრაინაში წლებია, რაც მუშაობენ. ასევე, კიდევ უფრო მეტს ველაპარაკე მათ, ვინც მზად არიან, უკრაინის ეკონომიკას სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დროს დაეხმარონ. ამ პარტნიორობის პირობები ამერიკულ ნიჭს, კაპიტალსა და მაღალ სტანდარტებსა და მართვას მოუყრის თავს, რათა უკრაინის აღორძინება დააჩქაროს და რუსეთს ნათელ გზავნილს უგზავნის, რომ აშშ გრძელ ვადაში თავისუფალ და კეთილდღეობის მქონე უკრაინაში ინვესტიციას აბანდებს”. – წერს ბესენტი.
ბესენტი სტატიაში განმარტავს, რომ შეთავაზებული პარტნიორობა აშშ-ს მხრიდან უკრაინის ფიზიკური რესურსების მფლობელობას ან მისთვის ვალების დამატებას არ გულისხმობს. აშშ-ს ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, რომ მსგავსი ზეწოლა “არც ამერიკულ და არც უკრაინულ ინტერესებს წინ არ წაწევდა”.
“მოდით, ასევე ცხადად ვთქვათ, თუ რა არ არის ეს. აშშ უკრაინაში ფიზიკური ქონების მფლობელი არ გახდება და არც ახალ ვალებს დაუმატებს უკრაინას. ამ ტიპის ეკონომიკური ზეწოლა, მართალია, სხვა გლობალური აქტორების მიერ გამოიყენება, თუმცა არც ამერიკულ და არც უკრაინულ ინტერესებს წინ არ წაწევდა. იმისთვის, რომ გრძელ ვადაში უფრო მეტი ღირებულება შეიქმნას, აშშ-მ ინვესტიცია უკრაინელ ხალხთან ერთად უნდა ჩადოს, რათა ორივე მხარეს ჰქონდეს სტიმული, რაც შეიძლება მეტით იხეიროს”. – წერს ბესენტი.
მინისტრი ასევე ხაზს უსვამს, რომ “აშშ-ს მხარდაჭერამ შესაძლებელი გახადა უკრაინელი ხალხის ისტორიული და გამბედავი თავდაცვა”.
“აშშ-სა და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის გარეშე, დღეს უკრაინის პოზიცია, საუკეთესო შემთხვევაში, სახიფათო იქნებოდა. აშშ-ს მხარდაჭერამ შესაძლებელი გახადა უკრაინელი ხალხის ისტორიული და გამბედავი თავდაცვა და, შედეგად, ახლა უკრაინისთვის სამშვიდობო შეთანხმებისა და ევროპაში სტაბილურობის აღდგენის პირას ვართ”. – წერს ბესენტი.
ცნობისთვის, ზელენსკიმ უარი თქვა ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნაზე, ომის დაწყებიდან, 3 წლის განმავლობაში აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების “ასანაზღაურებლად”, უკრაინას 500 მილიარდი დოლარის ღირებულების იშვიათი წიაღისეული გადაეცა აშშ-სთვის.
ზელენსკიმ 15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინა აშშ-სთან მინერალების შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მზად არ იყო. მისივე თქმით, დოკუმენტი უკრაინისთვის წიაღისეულის სანაცვლოდ რაიმე უსაფრთხოების გარანტიების მიცემას ან რაიმე მსგავსს არ ითვალისწინებდა.
თუმცა, 21 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკული და უკრაინული მხარეები მუშაობდნენ, რათა წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მიეღწიათ.
ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, უკრაინასთან წიაღისეულზე წვდომის შესახებ გამარტივებული შეთანხმების დადებას ცდილობს, რათა ის სწრაფად იქნეს მიღწული, ხოლო კონკრეტული პირობები შემდგომი მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბდეს, მაგალითად, წიაღისეული რესურსების რა ნაწილი გადაეცემა აშშ-ს.
