ბოლო დღეებში, მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომ მათ წინააღმდეგ შედგენილი საჯარიმო ქვითრები შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდებზეა ატვირთული ისე, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იციან. ბევრი მათგანი შიშობს, რომ შესაძლოა გამოეპაროთ გასაჩივრების ვადა.
საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით დარღვევისთვის დაჯარიმებულ მოქალაქეებზე, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას გულისხმობს. სწორედ ამ მუხლით აჯარიმებს შსს დემონსტრანტებს, როცა ამტკიცებს, რომ აქციაზე გზა ისე გადაიკეტა, რომ ამისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანები არ იყვნენ.
ამ სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია 5000-ლარიანი ჯარიმა, ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა. ეს მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე – 2024 წლის 29 დეკემბერსავე, სხვა არაერთ რეპრესიულ კანონთან ერთად კოდექსში შეტანილ ცვლილებებს მოაწერა ხელი. იქამდე ეს მუხლი მხოლოდ 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა.
ამავე თემაზე: 5000-ლარიანი ჯარიმა 19-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს და კონსტიტუციის დარღვევაა – ქურდოვანიძე
“ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, რა ხდება და როგორ უნდა მოახერხონ მოქალაქეებმა რეპრესიული ჯარიმების გადახდის ვალდებულების მაქსიმალურად გაჭიანურება.
ერთ-ერთი, ვინც დაჯარიმების შესახებ შსს-ს საიტის მეშვეობით შეიტყო, ექიმი მაკა ტაბატაძეა. ის მეუღლესთან, ლევან სამადაშვილთან ერთად ხშირად მონაწილეობს პროევროპულ საპროტესტო აქციებში.
20 თებერვალს მან აღმოაჩინა, რომ მისი და მისი მეუღლის სახელზე ოთხი 5000-ლარიანი სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი. 21 თებერვლის განმავლობაში კი კიდევ ორის შესახებ მიიღო ინფორმაცია. ჯამში, შსს-მ ცოლ-ქმარი 6-ჯერ დააჯარიმა – 3-3-ჯერ თითოეული – რაც 30 000 ლარია.
ოჯახმა, რომელიც 3 არასრულწლოვანს ზრდის, არ იცის როგორ უნდა გადაიხადოს ეს თანხა, თუ ამის აუცილებლობის წინაშე დადგებიან. თუმცა, ჯერჯერობით, მათი ნერვიულობის საგანი ისაა, რომ ჯარიმების გასაჩივრების ვადა არ გაეპაროთ.
მაკა და ლევანი დააჯარიმეს 14, 16 და 19 თებერვალს, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე გზის სავალი ნაწილის “გადაკეტვისთვის”. მაკა გვიყვება, რომ მათი მოტივი არასდროს ყოფილა გზის გადაკეტვა და ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მხოლოდ მას შემდეგ გადადიან, როცა ის ბუნებრივად იკეტება.
“გზის გადაკეტვაში არასდროს მოგვიღია მონაწილეობა. ყველა ჯერზე მაშინ გადავდივართ გზაზე, როცა უკვე გადაკეტილია. თან, ახალგადაკეტილზეც არა. გადადიან და შემდეგი მე ვიქნები – ეგრეც არ იყო. კარგა ხნის მერე შევერიეთ ხალხს. ერთხელ ტელევიზიის მარშს მოვყევი, იმ დროს გადაიკეტა და ქუჩაც არ გადამიჭრია. ბასლეინიდან გადავედი ტროტუარზე პარლამენტის წინ. მესამე შემთხვევა, ბათუმში ბავშვები რომ გარდაიცვალნენ იმის მეორე დღე იყო. ქაშუეთთან ვიყავით. ხალხის მარშიც მოვიდა, გზა გადაკეტა და ალბათ, 20 წუთის მერე ჩვენც შევერიეთ ხალხს”, – ამბობს მაკა.
მისთვის გამოწერილი ჯარიმის შესახებ შსს-დან მას რამდენიმე დღის წინ შეატყობინეს და სთხოვეს, სამართალდარღვევის ოქმის ჩასაბარებლად განყოფილებაში მისულიყო. მაკამ ამაზე უარი უთხრა და სთხოვა, ოქმი გაეგზავნათ, რაზეც დათანხმდნენ.
ამის შემდეგ დაურეკეს მაკას მეუღლეს, ლევანს. თუმცა, ზარებს აღარ უპასუხეს. ჩათვალეს, რომ პოლიციელებთან კომუნიკაციის შეფერხება გაახანგრძლივებდა მათთვის ოქმის ჩაბარების ვადებს და ამით დროს მოიგებდნენ. მას შემდეგ, რაც ზარები გაგრძელდა, მაკამ იურისტთან კონსულტაციის გავლა გადაწყვიტა. დარეკა პარტია “ფედერალისტების” იურიდიული კონსულტაციის ცხელ ხაზზე [0322 – 420 – 737], სადაც ინფორმაციის გადამოწმება შსს-ს საიტზე შესთავაზეს. აღმოჩნდა, რომ მაკა და მისი ქმარი 2-2-ჯერ იყვნენ დაჯარიმებულები. 21 თებერვალს, თითოეულს კიდევ თითო 5000-ლარიანი ჯარიმა დაემატათ. ოჯახი 6-ვე მათგანის გასაჩივრებას აპირებს.
“პირველად დამირეკეს მე, 17-ში, ან 18-ში. ვუპასუხე და მეუბნება, რომ ვარ დაჯარიმებული 14 თებერვლის აქციაზე. დაჯარიმებული ხართ და მობრძანდით ოქმის ჩასაბარებლადო. მე ვუთხარი, ვერ მოვალ და გამომიგზავნეთ-მეთქი და კარგიო. რამდენიმე წუთში იგივე ნომერი რეკავს ჩემი მეუღლის ნომერზე. ასე ვიცოდით ჩვენ, რომ თუ არ უპასუხებ და რაც უფრო გვიან ჩაიბარებ, უფრო კარგია – დროს იგებ. გუშინ, 20 თებერვალს, რეკავს იგივე ნომერი. არც მე ვუპასუხე და არც მეუღლემ. 21-ში რატომღაც, გადავწყვიტეთ და ადვოკატთან დავრეკე – რამე არ გაგვეპაროს, ყველაფერია მოსალოდნელი-მეთქი. არანაირი ფოსტა, არაფერი, ჩვენ სახლში არ გამოჩენილა. იურისტმა მითხრა, გადავამოწმებო. აღმოჩნდა, რომ ორივეს ჯამში 5 სამართალდარღვევის ოქმი გვაქვს შედგენილი. მეექვსეზე დაურეკეს ჩემს მეუღლეს რამდენიმე წუთის წინ. ვკითხეთ, რატომ არის საიტზე ოქმი, რომელიც ჯერ არ ჩაგვბარებია-მეთქი და მობრძანდით და დეტალები აქ გაარკვიეთო”, – უყვება მაკა “ნეტგაზეთს”
ჯარიმების შესახებ ინფორმაცია ორ საიტზე ქვეყნდება – ერთი უშუალოდ შსს-ს ვებ-გვერდია, ხოლო მეორე არის – protocols.ge, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეგიძლიათ.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შსს-ს, რათა გაერკვია, რატომ ქვეყნდება სამართალდარღვევის ოქმები და/ან საჯარიმო ქვითრები ვებ-გვერდებზე, რა შემთხვევაში იტვირთება ინფორმაცია თითოეულ მათგანზე, ნიშნავს თუ არა ინფორმაციის გამოქვეყნება იმას, რომ ადრესატმა ის ჩაიბარა, ზოგადად, როგორ ახდენენ მოქალაქეთა ინფორმირებას დაჯარიმების შესახებ და ა.შ. უწყება ინფორმაციის დაზუსტებას დაგვპირდა, თუმცა პასუხები არ გაუციათ.
უწყების ვებ-გვერდზე, სადაც საჯაროდ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრები იტვირთება, ვკითხულობთ, რომ ის ჩაბარებულად ითვლება მისი გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ.
“გაცნობებთ, რომ თუ სამართალდამრღვევისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარება ვერ ხერხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, საჯარიმო ქვითარი საჯაროდ გამოქვეყნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ვებგვერდზე. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში, საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს”, -წერია ვებ-გვერდზე.
იგივე წერია თავად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. 290-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, “საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს”.
როგორ ადასტურებს უწყება, რომ მოქალაქის ინფორმირება “ვერ ხერხდება” და ქვითარი საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს?
შსს-სგან ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა პრაქტიკა განგვიმარტეს იურისტებმა. უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში შსს-ში მუშაობდა, ამბობს, რომ ამის მტკიცება უწყებას ორნაირად შეუძლია:
“პირველი – თუ პოლიციელები მივიდნენ მისამართზე და სახლში არავინ დახვდათ, ხომ შეადგენენ ოქმს?! მეორე – ფოსტით თუ ხდება, ფოსტა უკან დაუბრუნებს შსს-ს და ეტყვის, რომ ვერ მოხდა ადრესატთან ჩაბარებაო”, – ამბობს ხატიაშვილი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, იურისტი ნიკა სიმონიშვილი ვარაუდობს, რომ შსს, შესაძლოა, არ იცავდეს კანონს, რომლის მიხედვითაც ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნებამდე მისი პირადად ჩაბარების მცდელობა ევალებათ.
“უნდა ჰქონდეთ რამე დოკუმენტაცია, მაგრამ, დიდი ალბათობით, მოიტყუებიან. მსგავსი პრაქტიკა გვინახავს – იტყუებიან, რომ ვითომ მიიტანეს ოქმი, არ ჩაიბარა ადრესატმა და ამიტომ გამოაქვეყნეს. ფოსტით თუ აგზავნიან, ფოსტა ამ დოკუმენტს ადგენს ხოლმე. თუ პოლიციელი უნდა მოსულიყო, ამ შემთხვევაში, პოლიციელმა უნდა შეადგინოს რაიმე ოქმი. დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. თუმცა, თუ სასამართლო იმ სტანდარტით წავიდა, როგორც სხვა სამართალდარღვევაზე მიდის ხოლმე, რომ პოლიციელების ჩვენებებს აპრიორი სანდოდ მიიჩნევს, მაშინ, არ ვიცი რა შეფასება შეიძლება მივცე”, – აცხადებს სიმონიშვილი.
იმის მიუხედავად, როგორ სცადა შსს-მ მოქალაქის ინფორმირება მისი დაჯარიმების შესახებ, ან სცადა თუ არა ეს საერთოდ, ცხადია, რომ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ქვითარი ავტომატურად არ გულისხმობს მოქალაქისთვის მის ჩაბარებას. შესაბამისად, გასაჩივრებისთვის დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა მხოლოდ საიტზე გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ დაიწყება. ეს იმ შემთხვევაში, თუ იქამდე ოქმი/ქვითარი პოლიციელებმა პირადად არ ჩაგვაბარეს, ან ფოსტით არ გამოგვიგზავნეს. ამ შემთხვევაში, გასაჩივრების 10-დღიანი ვადა სწორედ ამ დღიდან აითვლება. მაშინაც, თუ პოლიციელების მიერ სახლში მოტანილ ოქმს არ მივიღებთ და მასზე ხელს არ მოვაწეროთ, მათ მიერ ოქმის შინაარსის გაცნობა ავტომატურად ითვლება ჩაბარებად.
გოგა ხატიაშვილი, რომელიც იცავს ერთ-ერთი დაჯარიმებული მოქალაქის ინტერესებს, გვიყვება, რა პასუხი მიიღო მან შსს-სგან. მისი თქმით, უწყებაში მას განუმარტეს, რომ საიტი protocols.ge არის უბრალოდ საჯარიმო ქვითრების ბაზა და ქვითრის იქ ატვირთვა არ ნიშნავს ჩაბარებას. მისი ინფორმაციით, ქვითრის/ოქმის ჩაბარება ორი ფორმით ხდება – ხელზე მიწოდება, ან ფოსტით გაგზავნა.
“მაგალითად, საიტზე გადამოწმებისას, ერთმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ მისი საჯარიმო ქვითარი იყო ატვირთული. დარეკა შსს-ში და ჰკითხა, ეს შეეფასებინა თუ არა ჩაბარებად. იქ უთხრეს, რომ ეგ ჩაბარება არ არისო, ფოსტაში გვაქვს გაგზავნილი თქვენი სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისად, მოგივაო. რეკომენდაცია რაც მაქვს, არის ის, რომ თუ საიტზე ნახავენ საჯარიმო ქვითარს, დარეკონ საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზზე [0322 41 42 42] და იქ გადაამოწმონ პერსონალურად, მათი სამართალდარღვევის ოქმს რა ბედი ეწია”, – გამარტავს ხატიაშვილი.
უფლებადამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, გაასაჩივრონ ყველა ჯარიმა. მათი შეფასებით, ჯარიმების მნიშვნელოვანი ზრდა რეპრესიული პოლიტიკის შედეგია, რომლის მიზანი საპროტესტო მუხტის ჩახშობაა. გასაჩივრებით კი სისტემას, რომელიც ისედაც უამრავ რესურსს ხარჯავს ამგვარი რეპრესიული პოლიტიკის გატარებაზე, კიდევ უფრო გაურთულდება რეპრესიული მუშაობა.
მაგალითად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ მხოლოდ 21 თებერვალს, სამოქალაქო ორგანიზაციების იურიდიული დახმარების ცხელ ხაზზე 150-მდე მოქალაქემ დარეკა 5000-ლარიანი ჯარიმის შესახებ კონსულტაციის მისაღებად. ეს ჯამში 750 000 ლარია.
რაც შეეხება გასაჩივრების ინსტრუქციას, ამის შესახებ დეტალური ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე:
· გზამკვლევი იურისტისგან: რა უნდა ვქნა, თუ პოლიციამ 5000-ლარით დამაჯარიმა გზის გადაკეტვის მუხლით
