გიორგი გობრონიძე – “ევროპამ კავკასიაში ისტორიული ფანჯარა დროზე უნდა შეავსოს, თორემ სხვები დიდხანს არ დაიცდიან”
“აფხაზების შეფასებები უფრო კორექტულია…”- როგორ აღიქვეს კანდიდატის სტატუსი სოხუმსა და ცხინვალში
გიორგი ბილანიშვილი – “გაიზრდება თუ არა კავკასიაში რუსული საფრთხე?!”
რუსების მცოცავი შეტევა – სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ავდეევკაში ქუჩის ბრძოლები დაიწყო
აკაკი ასათიანი – “არაფერი არ დაუთმიათ და არც უჩუქებიათ ჩვენთვის, ჩვენ კანდიდატის სტატუსი დავიმსახურეთ”
* * *
გიორგი გობრონიძე – “ევროპამ კავკასიაში ისტორიული ფანჯარა დროზე უნდა შეავსოს, თორემ სხვები დიდხანს არ დაიცდიან”
“ობიექტურად რომ შევხედოთ, აშკარაა, რომ ევროკომისიის მოცემული 12 რეკომენდაციიდან ძალიან ბევრი პირობა ვერ შევასრულეთ. ქართველი პოლიტიკური კლასი, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური ამისთვის მზად არ აღმოჩნდა, შესაბამისად, ქვეყანაში კვლავ რჩება ძალიან ბევრი პრობლემა. ამის მიუხედავად, ეს პროცესი საქართველოსთვის წარმატებული აღმოჩნდა. უპირველესად იმიტომ, ნაბიჯები, შეიძლება მინიმალური, მაგრამ მაინც გადაიდგა; მეორე – ამ პროცესში ნათლად გამოჩნდა ქართველი საზოგადოების განწყობა – ის დიდწილად ემხრობა ევროინტეგრაციას; მესამე, რამაც ამ ორთან ერთად გადამწყვეტი როლი შეასრულა, არის ის საერთაშორისო გეოპოლიტიკური ვითარება, რაც ჩამოყალიბდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ასევე უსაფრთხოების გარემოს ტრანსფორმაცია, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო ევროპაში”, – აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ექსპერტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ევროპამ კავკასიაში ისტორიული ფანჯარა დროზე უნდა შეავსოს, თორემ სხვები დიდხანს არ დაიცდიან”.
“გამოიკვეთა, რომ თუ ევროპა არ გააქტიურდება მისთვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინტერესების მიმართულებით, მალე ამ სივრცეებს სხვა საერთაშორისო აქტორები დაიკავებენ. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება უფრო მეტად გამომდინარეობს არა საქართველოს რაღაც წარმატებული ტრანსფორმაციიდან, არამედ ევროპის საგარეო პოლიტიკური იმპერატივებისგან. ეს იყო, ალბათ, ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ევროპულმა თანამეგობრობამ გააცნობიერა, რომ უნდა იყვნენ პროაქტიურები, გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე უკრაინის მიმართულებით და ა.შ. მათ სჭირდებათ განსხვავებულად შეხედონ უსაფრთხოების გარემოს, რომელიც მნიშვნელოვნად იცვლება. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით საყურადღებო იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება. მან ბრძანა, არ უნდა დავუშვათ, რომ ვაკუუმი შეავსონ სხვებმაო. ის აცნობიერებს, რომ დღეს ღიაა ის ისტორიული ფანჯარა, რომლითაც რიგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს აქვთ საშუალება საბოლოოდ გავიდნენ რუსული ორბიტიდან და თუ ევროპამ დააგვიანა, ეს ფანჯარა დაიკეტება”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.
“ჯერ კიდევ სრულიად გაურკვეველია, როდის დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი. დღემდე შანსი 50/50-ზეა. ომის წარმოების რესურსი და ნება არ ამოუწურავს არც ერთ ქვეყანას. დღეს კიდევ უფრო ბუნდოვანია ის, თუ ვინ მოიგებს ომს – რუსეთი თუ უკრაინა. ეს არ არის ომი, რომელშიც ცალსახა უპირატესობა აქვს რომელიმე მხარეს. კი, უკრაინა კარგად ახერხებს თავის დაცვას, რასაც არავინ ელოდა, ასევე არავინ ელოდა ასეთ ჩავარდნებს რუსეთის არმიაში, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე ომმა მიიღო პოზიციური ბრძოლების სახე, რაც ნიშნავს, რომ ევროპასა და საზოგადოდ, დასავლურ თანამეგობრობას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, მოუწევთ უფრო მეტი რესურსი ჩადონ ამ ომში. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში მომავალი არჩევნების გამო უკრაინის დახმარება ერთგვარად პოლიტიკური ვაჭრობის თემად იქცა. მეტი რესურსი დასჭირდება რუსეთსაც და რაც მეტს დახარჯავს ომზე, მით უფრო ნაკლები დარჩება სხვა მიმართულებით დასახარჯად, ულიმიტო რესურსები არავის აქვს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“დღეს დასავლეთი გაცილებით მდიდარია, ვიდრე რუსეთი. ომის გახანგრძლივება, დიდი ალბათობით, დასავლეთის სასარგებლოდ იმუშავებს, წმინდად ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან რუსეთი უფრო მალე გამოიფიტება, ვიდრე დასავლეთი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამხელა ქვეყანაა რუსეთი, მაგრამ მისი ეკონომიკის მოცულობა რომ შეადაროთ ევროპულ ქვეყნებს, პატარა ზომის სახელმწიფოს ეკონომიკის მოცულობა აღემატება რუსეთისას. აქედან გამომდინარე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ომი გაგრძელდება და ეს ვაკუუმი, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი უწოდებს, კიდევ უფრო გაფართოვდება. შესაბამისად, ვიდრე არსებობს შესაძლებლობების ეს ისტორიული ფანჯარა სამხრეთ კავკასიაში, ის უნდა შეავსოს ევროპამ, თორემ თუნდაც თურქეთი თუ ირანი დიდხანს არ დაიცდიან. კარგია, რომ ევროპამ ეს გააცნობიერა. სხვათა შორის, ფორმატი “3+3” სხვა არაფერია, თუ არა საქართველოდან დასავლეთის გაგდების მცდელობა. ერთადერთი, რაც შეიძლება აერთიანებდეს კავკასიაში ირანს, რუსეთსა და თურქეთს, არის სწორედ ამ რეგიონში დასავლეთის გავლენის შესამცირებლად მოქმედება და ეს დაინახეს ევროპაში”, – ამტკიცებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
“ეს იყო მათი მთავარი მოტივი. ტვირთების გადასაზიდად კორიდორების უზრუნველსაყოფად, ენერგოუსაფრთხოებისა და სხვა ამოცანების გადასაჭრელად საქართველოსთან უნდა გაეღრმავებინათ ურთიერთობა. მე ამას ვერ ვაფასებ, როგორც დღეს თუ ხვალ ევროკავშირში შესვლის მდგომარეობას, მაგრამ ეს არის განაცხადი, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველო იხილოს თავის რიგებში. შესაბამისად, ჩვენ უნდა კარგად გავიაზროთ და გამოვიყენოთ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებისა და თანამშრომლობის გაძლიერების ახალი შესაძლებლობა და მივიღოთ მეტი სარგებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა იმდენად საქართველოს დამსახურება, რამდენადაც საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციის შედეგი, ეს არის ქართული დიპლომატიისთვის მნიშვნელოვანი წარმატება. წლების განმავლობაში ჩვენ დეკლარირებული გვქონდა დასავლური კურსი და როდესაც ჩვენი პოლიტიკის გარკვეული კომპონენტი აღწევს მიზანს, შეიძლება ითქვას, ეს საგარეო პოლიტიკის წარმატებაა. რაც შეეხება იმას, რას მოგვიტანს სტატუსი, ეს უპირველესად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს ამას ქართული სახელმწიფო, ქართველი საზოგადოება”, – მიიჩნევს გიორგი გობრონიძე.
“უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა შესაძლებლობას ახლავს რისკი და ყველა რისკს ასევე ახლავს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, მოსკოვში ძალიან არ მოეწონებათ, რომ სახელმწიფო, რომელსაც მოიაზრებდნენ უკანა ეზოდ, უცებ აღწევს ევროპასთან დაახლოების პროცესში წარმატებას. უნდა ველოდოთ, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები შეიძლება გაიზარდოს. არ ნიშნავს, რომ ეს მოხდება მყისიერად – რუსეთი დღეს დაკავებულია უკრაინით უფრო მეტად, ვიდრე დანარჩენი პროცესებით, მაგრამ რუსული საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი კვლავ არსებობს. ამაზე ილაპარაკა კიდეც პუტინმა და განაცხადა, უკრაინაში მშვიდობა მიიღწევა მაშინ, როდესაც ჩვენს დეკლარირებულ მიზნებს მივაღწევთო. მან ეს მიზნები ძალიან კარგად ჩამოაყალიბა. ეს იყო, პრაქტიკულად, ნატოს გადაყვანა 1997 წლის პოზიციებზე, რასაც ვერ მიაღწია, მაგრამ ახლა ცდილობს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს უკრაინასა და მის სახელმწიფოებრიობას. უნდა გვესმოდეს კარგად, რომ დღეს უკრაინაა ის შემაკავებელი, რომელიც გვიცავს საფრთხეებისგან და საქართველოს ნაციონალური უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა გადის უკრაინის ფრონტის ხაზზეც”, – თვლის რესპონდენტი.
“ღმერთმა დაიფაროს და, თუ რუსეთი მოახერხებს წარმატების მიღწევას, ან შეძლებს კონფლიქტის გაყინვას, რა დროსაც მას გაუჩნდება შესაძლებლობა სულის მოსათქმელად და რესურსების მოსაკრებად, ეს შეიძლება ძალიან მძიმედ აისახოს საქართველოსა და მთელ ევროპაზე. ვიდრე ეს კონფლიქტია, ჩვენ გვაქვს დრო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს კონფლიქტი, მისგან გამოთავისუფლებული რუსეთი მაინც გამოიხედავს ჩვენკენ… შეიძლება არაეთიკური იყოს ამის თქმა, მაგრამ ამ ვითარებიდან უნდა მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც და შევქმნათ თანამშრომლობის ისეთი ფორმატები, რაც მოგვიტანს გრძელვადიან უსაფრთხოებას. კანდიდატის სტატუსი ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად პანაცეა არ არის. თუ ამას არ მოჰყვა ურთიერთობების გაღრმავება, კანდიდატის სტატუსი დარჩება სტატუსად და ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები. აგერ თურქეთი 1999 წლიდან არის ევროკავშირის კანდიდატი. კანდიდატად ყოფნა არ ნიშნავს წევრობას, მაგრამ ეს სტატუსი ძალიან აშფოთებს იმ ძალებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას”, – ამბობს ექსპერტი.
“აქედან გამომდინარე, ჩვენ ამის პარალელურად გვაქვს მეორე ამოცანაც, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ შევძლოთ უსაფრთხოების ძირითადი ამოცანების ბოლომდე გადაჭრა. ეს უპირველესად გულისხმობს ეკონომიკურ უსაფრთხოებას, რაზეც დამოკიდებულია თავდაცვის შესაძლებლობები და სხვა ნებისმიერი ამოცანა. უნდა გვესმოდეს, რომ საჭიროა არა მარტო საშუალო და მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი გეგმების შემუშავება. დღეს ჩვენს ქვეყანას საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ძალიან მცირე პოტენციალი აქვს გამომდინარე იმ შეზღუდული რესურსებიდან, რაც ახლა გვაქვს. სწორედ ამის გაზრდისა და პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებისკენ უნდა იყოს მიმართული ქართული დემოკრატია, რათა ის, რაც მივიღეთ, ჩვენთვის სარგებლის მომტანი გახდეს და ისე არ აღმოჩნდეს, რომ ევროკავშირის კანდიდატობას გაგრძელება არ მოჰყვეს. მოკლედ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს რისკების დასაბალანსებლად და მიღებული შესაძლებლობებიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად. ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, მაგრამ არ უნდა დავიარხეინოთ გული, რაც გვახასიათებს ქართველებს. ჩვენი მთავარი მიზანი არის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა – ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ევროკავშირის კანდიდატობა”, – დაასკვნის გიორგი გობრონიძე.
“რაც შეეხება ზეიმს, ჯერ ერთი, არ მესმის, რა საჭირო იყო, ეს გრანდიოზული ზეიმი. კი, მნიშვნელოვანი წარმატებაა, მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ, ეს არის სამუშაოს ერთ ეტაპის დასრულება, რის მერეც კიდევ უფრო მეტი მუშაობა დაგვჭირდება. ეს არ არის ის მომენტი, როცა უნდა შევისვენოთ და ვიზეიმოთ, ეს არის მომენტი, როდესაც უნდა დავსხდეთ და დავგეგმოთ შემდგომი სამუშაო პროცესი. ეს არ არის დასრულებული საქმე, ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ შემდგომი, ძალიან შრომატევადი ეტაპი, რასაც სჭირდება კარგი დაგეგმვა და შესრულება. საერთოდ, ჩემთვის გაუგებარია ეს საუბრები ღონისძიებაზე ვიღაცის მისვლასა თუ არმისვლაზე. ეჭვი არავის შეეპაროს, ვინც არ უნდა ყოფილიყო ახლა ხელისუფლებაში, ყველა შეეცდებოდა ეს წარმატება საკუთარი თავისთვის მიეწერა. ამაში გასაკვირი არაფერია, ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ქართველი პოლიტიკური კლასი, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ვერ გამოვიდა პროვინციული მენტალიტეტიდან. არაფერი დაშავდებოდა, რომ საქართველოს სახელმწიფოს უმაღლეს წარმომადგენელს, პრეზიდენტს, ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ გამოსულიყო სიტყვით. ზოგჯერ არის მომენტები, როდესაც უნდა დავდგეთ პირად წყენაზე მაღლა. უკაცრავად პასუხია და, რაც ვნახეთ, ეს იყო გოიმური და პროვინციული მოქცევა”, – დასძენს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
“აფხაზების შეფასებები უფრო კორექტულია…”- როგორ აღიქვეს კანდიდატის სტატუსი სოხუმსა და ცხინვალში
“სოხუმსა და ცხინვალში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უფრო დადებითად აფასებენ, ვიდრე უარყოფითად. ამის შესახებ “რეზონანსს” პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ამ შეფასებებში არის გარკვეული განსხვავებებიც, თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლებები საქართველოს კანდიდატის სტატუსს პირველ რიგში აღიქვამენ, როგორც მათი უსაფრთხოების დამატებით გარანტიას. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ საკითხის განხილვისას აქცენტი ძირითადად კეთდება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომ საქართველოს წინ ელის ახალი გამარჯვება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სახით. “… უფლის ნებით ჩვენ ახლა უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში”, – თქვა ღარიბაშვილმა თავის მისალოც სიტყვაში. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში საქართველოს ევროპული მომავალი განსხვავებულად აღიქმება და ეს სოციალურ ქსელებში მათ მიერ გაკეთებული შეფასებებიდანაც ჩანს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “აფხაზების შეფასებები უფრო კორექტულია…”- როგორ აღიქვეს კანდიდატის სტატუსი სოხუმსა და ცხინვალში.
“აფხაზურ საზოგადოებაში არის გარკვეული დადებითი დამოკიდებულება, რადგან იციან, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველო მათთვის ნაკლებად საფრთხის შემცველი იქნება და რევანშის რეალიზაცია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ომის დაწყება იქნება მინიმუმზე დაყვანილი. ანუ, ისინი თავის თავს ვერ ხედავენ ჯერჯერობით ევროკავშირში, მაგრამ თავის უსაფრთხოებაზე ექნებათ მეტი გარანტიები. უფრო სიღრმისეულად ვინც ფიქრობს, ევროკავშირის წევრი საქართველო შეიძლება მათთვის საინტერესო იყოს, ვიდრე ავტორიტარული და იმპერიალისტური რუსეთი. აქამდე ევროკავშირი ფართოვდებოდა მხოლოდ ევროპული ქვეყნებით და უცებ კავკასიას შეეხო. ეს თავისთავად უნიკალური მოვლენაა, ქართველებს რომ მისცეს კანდიდატობა. სულ სხვა ერს მისცეს, რომელიც საერთოდ არ არის ევროკავშირის საზღვარზე. მოლდოვა საზღვარზეა, უკრაინა საზღვარზეა, საქართველო კი არ არის ევროკავშირის საზღვარზე. ანუ, ეს არის ქართველი ხალხის ძალიან დიდი აღიარება. გარკვეულწილად, აფხაზები ალბათ დაფიქრდნენ – ნახე, ქართველებმა რამხელა ნახტომი გააკეთეს. მე მგონი ეს ძალიან სერიოზული დადებითი ფენომენი იქნება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ოსები ასე არ ფიქრობენ. რასაც მე ვუყურებ, “ტელეგრამ” და “ფეისბუქ” არხებზე ბოღმანარევი ტექსტები იწერება ევროკავშირის მიმართ და აფხაზები უფრო კორექტულები არიან, უფრო გონივრულად აფასებენ პერსპექტივას, როგორც ზოგადად კავკასიის, ისე თავიანთ პერსპექტივასაც კი. ღარიბაშვილის განცხადებას ტერიტორიულ მთლიანობაზე აღიქვამენ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად, რომელსაც კავშირი არ აქვს ევროკავშირთან. შეიძლება წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში რუსეთმა აფხაზეთის გარკვეული ნაწილი დაუთმოს საქართველოს და ეს შეიძლება ღარიბაშვილმა ჩათვალოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენად. ღარიბაშვილი კი ჰპირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ქართველ ხალხს, მაგრამ ეს იქნება ბლეფი. ერთ წელიწადში არაფერი არ კეთდება. ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და შეიძლება ამას დავარქვათ “გარეჯი საქართველოა N2”, – დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.
გიორგი ბილანიშვილი – “გაიზრდება თუ არა კავკასიაში რუსული საფრთხე?!”
“თუ ე.წ. ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პუტინის ნათქვამით ვიმსჯელებთ, უკრაინის შესახებ რაც თქვა, იმას აჩვენებს, რომ უკან დახევას არ აპირებს. თუმცა საგარეო პოლიტიკაზე ძალიან ცოტა ილაპარაკა, უფრო შიდა პრობლემებზე იყო კონცენტრირებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი კონფერენციების დიზაინი წინასწარ კეთდება, ეს ნიშნავს, რომ ის შემთხვევითი არ ყოფილა და მას საგარეო პოლიტიკაზე ლაპარაკი არ უნდოდა. ამიტომაც ეს რეალობას არანაირად არ ასახავდა, საგარეო პოლიტიკაზე რას ფიქრობს, ამ პრესკონფერენციიდან ახალ დასკვნას ვერ გამოვიტანთ. რაც შეეხება მის ინტერესებს კავკასიაში, პოზიცია ცნობილია და ის, რომ ახლა არ უხსენებია, ბევრს არაფერს ცვლის. ჩვენთვის ახლა მთავარია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ახსნის იმ კითხვის ნიშანს, ამ რეგიონის ქვეყნებს რეალურად შეუძლიათ თუ არა გაწევრდნენ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში”, – აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ილიაუნის პროფესორი გიორგი ბილანიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გაიზრდება თუ არა კავკასიაში რუსული საფრთხე?!”
“ეს არის ძალიან დადებითი მომენტი, ისევე, როგორც ის, თუკი დავუშვათ, სომხეთი ან აზერბაიჯანი მომავალში გადაწყვეტენ ევროკავშირთან ინტეგრაციას, ჩვენ შეგვიძლია ამაში დახმარება გავუწიოთ, თუნდაც იმით, რომ გავუზიაროთ გამოცდილება. ჩვენთვის, საქართველოს იმიჯისთვის, ეს ყველაფერი ძალიან დადებითი მომენტია და პოზიტიურ ასპექტში აისახება… სტატუსი აქვს თურქეთსაც, რომელიც რეგიონში სუპერძალაა, თუმცა საქართველოს და თურქეთის საკითხი უნდა განცალკევდეს ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტექნიკურად ჩვენზე წინ არიან. ძალიან დიდი ხანია, თურქეთის ინტეგრაციის პროცესი გაჭედილია, არც თურქეთის ხელისუფლება იჩენს დიდ ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრებისთვის და არც საზოგადოებისგან ჩანს დიდი სურვილი და მისწრაფება. ჩვენ ხელისუფლებასთან კი გვაქვს პრეტენზია, მაგრამ საზოგადოებაში ძალიან განსხვავებული სიტუაციაა. უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიმართ დამოკიდებულება მაინც განსხვავებულია, ძალიან სწრაფად მიდის პროცესი წინ და იმედია, ასეც გაგრძელდება. ამიტომ მე მაინცდამაინც თურქეთთან პაკეტში არ განვიხილავდი ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ბილანიშვილი.
“ჩვენ გვირჩევნია დავეწიოთ მოლდოვასა და უკრაინას, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მოლაპარაკება და მათთან ერთად გავაგრძელოთ ინტეგრაციის პროცესი, რადგან განწყობები უკრაინის, მოლდოვის მიმართ განსხვავებულია და მათი ძალისხმევაც უფრო მეტად არის მიმართული ევროკავშირში გაწევრებაზე, ვიდრე თურქეთის. თურქეთისთვის ამ მომენტში არ არის აქტუალური ევროკავშირში გაწევრება. რაც შეეხება ჩვენი მოლაპარაკებების დაწყებას, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც გვიწერია, და ეს უკვე პერსპექტივა კი არა, მოცემულობაა – რაც უფრო სწრაფად შევასრულებთ, მით უფრო სწრაფად დავიწყებთ მოლაპარაკებას. თუ არ შევასრულებთ და ისევ იმის იმედზე ვიქნებით, რომ ასეთი გეოპოლიტიკური ვითარებაა, ან ისევ ქართველი საზოგადოება გახდება ფაქტორი იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯი გადავდგათ, დაწევის შანსი ძალიან შემცირდება და ასეთ შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, მოლაპარაკებებს ვერ დავიწყებთ”, – დაასკვნის რესპონდენტი.
“სომხეთის ინტერესი ნამდვილად გამოიკვეთა, რადგან სომხეთის ხელისუფლება რუსეთისგან ცდილობს დისტანცირებას და ასე ვთქვათ, ახალი საგარეო პოლიტიკის გატარებას. მაგრამ ამავე დროს რუსეთზე სომხეთის დამოკიდებულება ჯერ კიდევ მყარია და რუსეთის გავლენაც მძლავრია, მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღი აქ ფაქტორი აღარ არის. თუმცა ფაქტორი არის ის, რომ სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი, კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი. გარდა ამისა, ეკონომიკურად სომხეთი რუსეთზე ძალიან არის გადაჯაჭვული, ჩვენზე გაცილებით მეტად. ამიტომაც ცხადია, სომხეთის ევროკავშირისკენ სვლა ასე მარტივი არ იქნება, მით უმეტეს, სომხეთის პოლიტიკურ ძალებში მყარად არიან პრორუსულად განწყობილი ძალები. ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ის არის, რომ სომხეთს ლობირება გავუწიოთ რაღაც დონეზე, როგორც ჩვენს მეზობელს. თუმცა სომხეთი ამას თუ მოინდომებს, სხვა ლობისტებიც ეყოლება და თან საკმაოდ ძლიერი, მაგალითად, საფრანგეთის სახით, და სომხური დიასპორის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომელსაც დიდი დახმარების გაწევა შეუძლია”, – განმარტავს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი.
“სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა გაუარესებისკენ რომ წავიდეს, ამის შანსი, რა თქმა უნდა, არის, რადგან აზერბაიჯან-ყარაბაღის დამაკავშირებელ დერეფანზე შეთანხმება ჯერ კიდევ არ არსებობს. თუმცა, როგორც გაცხადდა, არის მოლოდინი, რომ ბაქო და ერევანი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, ამის ნაწილი კი შეიძლება გახდეს ამ საკითხის გადაწყვეტაც. ამიტომ ამწუთას უფრო პოზიტიური დინამიკის მოლოდინი უნდა გვქონდეს, ვიდრე ნეგატიურის, მაგრამ შორეულ მომავალში რა მოხდება, ამის თქმა მიჭირს. საქართველომ მოდერატორის როლი რომ შეასრულოს, შედარებით უფრო მძიმეწონიანი მოთამაშე უნდა იყოს და მის მიმართ ბევრად მეტი პატივისცემა არსებობდეს. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი პატივს არ გვცემენ, მაგრამ ის, რომ ჩვენ ისინი რაღაც კომპრომისზე დავითანხმოთ, რთულ ამოცანად მეჩვენება. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ, რომ საქართველო გახდეს მოლაპარაკების ადგილი, მაგრამ ის, რომ სერიოზული როლი შევასრულოთ ამ პროცესში, ეჭვი მეპარება”, – მიიჩნევს გიორგი ბილანიშვილი და შეკითხვაზე – “სტატუსი წონას არ გვმატებს?” – პასუხობს:
“წონას არ ვიცი, მაგრამ ჩვენს პერსპექტივას ზრდის. ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრი გავხდეთ და ამისთვის ბევრი რამ გავაკეთეთ და დაადასტურა ევროკავშირის გადაწყვეტილებებმა. კითხვის ნიშანი იმის თაობაზე, რომ ამ რეგიონის ქვეყანა უნდა გახდეს თუ არა ევროკავშირის წევრი, აღარ უნდა არსებობდეს…”
“რუსეთიდან საფრთხის გაზრდას არ ველოდები ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, რუსეთი მაინც კონცენტრირებულია უკრაინაზე და ასე დარჩება უახლოეს მომავალში. მეორეა ის, რომ რუსეთმაც ძალიან კარგად იცის, ამ სტატუსის მისაღებად საქართველოს ხელისუფლებას ბევრი არაფერი რომ არ გაუკეთებია და მისით უკმაყოფილო მაინცდამაინც ვერ იქნება. ამავე დროს, ჩემი აზრით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთისთვის. ჯერ ერთი, ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან ძალიან გაზრდილია, ასევე გაზრდილია ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებში და ეს პროდუქცია, დიდი ალბათობით, ისევ რუსეთში ხვდება, რომელიც სანქცირებულია და ასე ვთქვათ, ალტერნატიული გზები სჭირდება სხვადასხვა პროდუქციის მისაღებად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და არა მგონია, რუსეთმა დამოკიდებულება და პოლიტიკა შეცვალოს… რუსეთის გავლენის შემცირებას მნიშვნელობა ექნებოდა იმ პირობებში, ჩვენს პოლიტიკურ ძალებს და პირველ რიგში ხელისუფლებას პრორუსული გადახრა რომ არ ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად ასე იქნებოდა, მაგრამ ახლა რამდენად ექნება, არ ვიცი”, – დასძენს გიორგი ბილანიშვილი.
რუსების მცოცავი შეტევა – სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ავდეევკაში ქუჩის ბრძოლები დაიწყო
“უკრაინაში დონეცკის ოლქი კვლავ ყველაზე ცხელი მიმართულებაა. რუსული წყაროების ცნობით, მათ ქალაქ დონეცკთან კარგად გამაგრებული დასახლებული პუნქტი მარიინკა აიღეს, ახლა ქალაქ ავდეევკის გარეუბნებში არიან შესული და ქუჩის ბრძოლებს იწყებენ. უკრაინელები ამას ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა სირთულე რომაა, ამას უკრაინელი სამხედრო მიმომხილველებიც არ მალავენ. როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” აცხადებს, ავდეევკას უკრაინელებისათვის გარკვეული სტრატეგიული მნიშნეობა აქვს და ახლა ისინი შესაძლოა არჩევანის წინაშე დადგნენ – დატოვონ ქალაქი, თუ ბოლომდე იბრძოლონ, როგორც მარიუპოლისა და ბახმუტის შემთხვევაში. ცნობილი უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი ანდრეი ბუტუსოვი იმ პრობლემებზე ყვება, რაც ავდეევკისკენ შეექმნათ უკრაინელებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსების მცოცავი შეტევა – სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ავდეევკაში ქუჩის ბრძოლები დაიწყო.
“მტერი წინ ძალიან ნელა მიიწევს წინ. წინსვლის არეალიც მცირეა და მთლიანად ცეცხლის ქვეშაა მოქცეული. ჩვენ გარღვევის ყველა მონაკვეთს ვაკვირდებით და მტერს ეფექტურ დარტყმას ვაყენებთ. რუსების დანაკარგები ჩვანსას ბევრად აღემატება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ მცოცავ წინსვლას ვერ შევაჩერებთ. რატომ? მტერს ეს მოქმედებები დაგეგმილი აქვს, მათ ღრმად ეშელონირებული ძალები ჰყავთ და თავდასხმებს ახორციელებენ სხვადასხვა მიმართულებებზე”, – ამბობს ბუტუსოვი. გენერალი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ ავდეევკა კარგადაა გამაგრებული, ეს ქალაქი უკრაინისთვის მნიშვნელოვანია და დიდ წინააღმდეგობას რა თქმა უნდა გაუწევენ, თუმცა თუ რუსებმა მაინც აიღეს ეს მათ რაიმე სტრატეგიულ ან ოპერატიულ წარმატებას ვერ მოუტანს და ამას მხოლოდ პროპაგანდის თვალსაზრისით ექნება რაღაც მნიშნელობა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რუსებს თუ დავეყრდნობით, მარიინკა აღებულია, უკრაინელები კი ამბობენ, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ მიდის. თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო დამაჯერებელია, რომ რუსებმა აიღეს, რადგან თითქმის ბოლოში იყვნენ გასული. მარიინკა პატარა დასახლებაა და ამ შემთხვევაში არც რაიმე დიდ მასშტაბებზეა საუბარი და არც ოპერატიულ მნიშვნელობაზე. ავდეევკას მიმართულებითაც რუსები მის გარეუბანში დიდი ხანია შესული არიან. მათ სამხრეთ-დასავლეთით სამრეწველო ზონა ჰქონდათ აღებული და ჩრდილოეთითაც შესულები იყვნენ კოქსის წარმოების ქარხნის ტერიტორიაზე. ასე რომ, ბრძოლები გარეუბნებში დიდი ხანია მიდის. ეს ახალი არაა, თუმცა რუსებს გარკვეული წინსვლა აქვთ და მარიინკის გარშემო მარწუხები ვიწროვდება. უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ – გააგრძელებენ ბრძოლას მარიინკისთვის, თუ სჯობს უკან ორგანიზებულად დაიხიონ, ფრონტი გაასწორონ და მარიინკის დასავლეთით თავდაცვა მოაწყონ”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
“ბახმუტის მნიშვნელობა ემოციურ-პოლიტიკური იყო და მას არანაირი სამხედრო მნიშვნელობა არ ჰქონდა. აქ უბრალოდ რესურსების ხარჯვა იყო – მე რომ მკითხოთ, უკრაინელების მხრიდან არასწორი. ავდეევკასთან დაკავშირებით კი სიტუაცია ცოტა სხვანაირადაა. თუ არ ვცდები, ეს ქალაქ დონეცკიდან 19 კილომეტრითაა დაშორებული და უკრაინელებისთვის მას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს. მაგრამ რუსებს მისი აღება რაღაც სტრატეგიულ ოპერატიულ წარმატებას ვერ მოუტანს, ეს უბრალოდ, როგორც ყველა სხვა ელემენტარული წარმატება, გაპიარებული იქნება. ავდეევკაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული უკრაინული ბრიგადაა, რომელიც დასავლური ტექნიკით იყო შეიარაღებული. საკმაოდ ბრძოლისუნარიანი. აქ რუსული მარწუხების გამო, ყველაზე დიდი პრობლემა მებრძოლების მომარაგებაა. დღის განმავლობაში ავდეევკასთან დამაკავშირებელი გზა მუდმივად ცეცხლის ქვეშაა რუსების მხრიდან და მომარაგება ძირითადად ღამით ხდება”, – დასძენს ვახტანგ კაპანაძე.
აკაკი ასათიანი – “არაფერი არ დაუთმიათ და არც უჩუქებიათ ჩვენთვის, ჩვენ კანდიდატის სტატუსი დავიმსახურეთ”
“ჩემი თაობა მუდმივად ცდილობდა საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევას, შემდგომი თაობა კი რუსეთისგან თავის დაცვას. ვერ ვიტყვი, რომ მაშინ ქართველებს ევროპასთან უფრო მეტად დაახლოების რეალური შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. შანსი ჰქონდა ევროპას და არა ჩვენ. ჩემი თაობა მუდმივად ცდილობდა საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევას, შემდგომი თაობა კი რუსეთისგან თავის დაცვას. როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და მე და ჩემი პოლიტიკური გუნდი ხელისუფლებაში მოვედით, პირველ რიგში დასავლელ ლიდერებთან დავიწყეთ ურთიერთობის დალაგება. ზვიად გამსახურდიას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველთან, მე მქონდა შეხვედრები ავსტრიაში, ესპანეთში, უნგრეთში, შეერთებულ შტატებში… ყველგან უმაღლეს დონეზე გვმასპინძლობდნენ, ყველა მხარს გვიჭერდა, მაგრამ ამასთანავე, ყველა ფრთხილობდა”, – აცხადებს დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის პირველი თავმჯდომარე აკაკი ასათიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არაფერი არ დაუთმიათ და არც უჩუქებიათ ჩვენთვის, ჩვენ კანდიდატის სტატუსი დავიმსახურეთ”.
“რუსეთს ახლა აქვს 5000 ბირთვული რაკეტა, მაშინ უფრო მეტი ჰქონდა და ეს ყველას კარგად ახსოვდა. გაზი და ნავთობი მაშინაც კოზირი იყო რუსეთის ხელში. შესაბამისად, ძალიან რთული იყო ევროპელი ლიდერების დარწმუნება, რომ საქართველო თავიანთ ოჯახში მიეღოთ. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ევროკავშირი არა, მაგრამ ევროგაერთიანება იყო ევროპის საერთო ბაზარი და ჩვენ ჩვენი თავი იქ გვეგულებოდა, მაგრამ უზარმაზარი დაბრკოლებები გვქონდა. მაშინ ჩვენ ძალიან ბევრი შიდა პრობლემაც გვქონდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ ეტაპზე კი იყო ერი უფრო კონსოლიდირებული, მაგრამ ძალიან მალე იჩინა თავი უთანხმოებამ. სხვათა შორის, პროკომუნისტურად განწყობილი ხალხიც ბევრი იყო. რაც შეეხება ბალტიელებს, მათ არ უნდა შევადაროთ თავი. ჯერ ერთი, შუაგულ ევროპაში არიან და ყოველთვის პატარა ევროპულ ქვეყნებად მოიაზრებოდნენ. ამიტომ მიიღეს დაჩქარებული წესით ევროპულ ოჯახში. ჩვენზე მეტი ნამდვილად არაფერი გაუკეთებიათ, უბრალოდ, ერთმანეთში არ უომიათ. ჩვენი რეგიონი ცეცხლში იყო გახვეული ყარაბაღის გამო. ჩვენ ძალიან ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზის გამო ვერ მოვხვდით მაშინ ევროპულ ოჯახში”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ასათიანი.
“9 აპრილმა, ასე თუ ისე, შეცვალა განწყობები ქართველ საზოგადოებაში, თორემ მანამდე უარესი ვითარება იყო. ერთმა ცნობილმა რეჟისორმა თქვა, როგორი კარგი მეგონა საბჭოთა არმია და როგორი ცუდი ყოფილაო. როგორ ეგონა ის არმია კარგი, რომელსაც მისი ქვეყანა ჰყავდა დაპყრობილი?! აი, ასეთი განწყობები იყო ინტელიგენტთა წრეებში. სხვათა შორის, ბოლომდე ვერც 9 აპრილმა აუხილა თვალები ჩვენი საზოგადოების ნაწილს. ხან გორბაჩოვს ადანაშაულებდნენ ყველაფერში, ხან ელცინს და ხან რუს გენერლებს და იმას კი აღარ ფიქრობდნენ, საიდან იყვნენ მოსულები გორბაჩოვი, ელცინი და რუსი გენერლები. მე გაოცებული ვარ, რატომ უკვირთ პუტინის გადაწყვეტილებები. ისიც ელცინის და გორბაჩოვის მემკვიდრეა, უბრალოდ, უფრო დაბალი დონისაა, ველური, და წინამორბედებისგან განსხვავებით, იმპერიული ზრახვების დაფარვას არც ცდილობს. პრობლემა პუტინი კი არა, რუსი ხალხის იმპერიული ზრახვებია. ასეთია რუსული ბუნება – ურჩევნიათ საღორეში იცხოვრონ, ოღონდ სხვა ერები დაიპყრონ”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ეს ავადმყოფობა ძვირი დაუჯდებათ, უკვე დაუჯდათ კიდეც. პრობლემა ის არის, რომ ამასობაში ჩვენ გვაზარალებენ. თქვენ თითქოს არ დაიჯერეთ, მაგრამ მართლა ეშინოდათ მაშინდელ მსოფლიო ლიდერებს რუსეთის. ელცინზე ამბობდნენ, რომ დათვრება, შეიძლება ბირთვული იარაღის ღილაკსაც დააჭიროს ხელიო. კლინტონის ერთი მრჩეველი მემუარებში ასეთ რამეს წერს, ღამის ოთხი საათიც რომ ყოფილიყო, ელცინს რომ დაერეკა, ის ფეხზე წამოვარდებოდა. ერთხელ ვკითხე, ასე რატომ გეშინიათ მისი-მეთქი და მიპასუხა, ჩამოყალიბებული ლოთია, გალეშილზე არ წამოუაროს და ბირთვული რაკეტები არ გამოუშვას ჩვენკენო. მე, თედო პაატაშვილი, მერაბ ურიდია და თამაზ გამყრელიძე სენატის ასი წევრიდან 50 კაცს შევხვდით, მათ შორის ბაიდენიც იყო. ბაიდენი და რამდენიმე სენატორი გვიჭერდნენ მხოლოდ მხარს, დანარჩენები ფრთხილობდნენ, ბოლოს ერთმა პირდაპირ გვითხრა, ჩვენ გვირჩევნია ერთი გორბაჩოვი მართავდეს მთელ ამ სივრცეს, ვიდრე 15 რესპუბლიკას ცალ-ცალკე ვდიოთო. ყველა საკუთარი გადმოსახედიდან უყურებდა რუსეთს და სანამ შუა ევროპაში არ გააჩაღა ომი, მანამდე არ შეიწუხეს თავი”, – ამბობს დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის პირველი თავმჯდომარე.
“იგივე განმეორდა, რაც ჰიტლერთან დაკავშირებით მოხდა, ყველა კოჭს უგორებდა, სანამ საფრანგეთს არ დაესხა თავს. მანამდე დაუდებდნენ ხელშეკრულებას, ჰიტლერი დაარღვევდა, მერე კიდევ დაუდებდნენ, კიდევ დაარღვევდა და ა.შ. სანამ 70 მილიონი კაცი არ შეიწირა, მანამდე არ გამოფხიზლდნენ. ასეა ახლაც, პუტინს უგორებენ კოჭს და ამ ყველაფერს საწყალი უკრაინელი ხალხი ეწირება. გახსოვთ, ობამას გადატვირთვის პოლიტიკა? ბუში არ იყო, რომ თქვა, მე მას თვალებში ჩავხედე და წესიერი კაციაო?! მართლა დაიჯერეს, რომ კა-გე-ბეს მაიორი (გენერალიც კი არ იყო) უცებ კარგი ბიჭი გახდა?! პუტინმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი რომ აღადგინა, მაშინ ვკითხე ჩემს ამერიკელ მეგობრებს, არაფერს არ გეუბნებათ ეს ამბავი-მეთქი? იცით, რა შინაარსის არის ჰიმნის ტექსტი? – ძმურ ხალხთა ოჯახი სამუდამოდ შეკრა დიდმა რუსმა ხალხმაო. როგორ შეიძლება ამაში მინიშნება ვერ დაინახო. მერკელი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე რომ ყოფილიყო, ამის მერე თავის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას რუსეთზე დამოკიდებულს გახდიდა?! მანამდე გარეწარმა შრიოდერმა მილიონ-ნახევარი ევროს გამო განყოფილების გამგედ დაანიშვნინა თავი პუტინს. რა მხარდაჭერა უნდა გვქონოდა ისეთი ევროპისგან, რომელსაც ასეთი ადამიანები მართავდნენ?!” – იხსენებს აკაკო ასათიანი.
“ჩვენ კანდიდატის სტატუსი დავიმსახურეთ, არაფერი არ დაუთმიათ და არც უჩუქებიათ ჩვენთვის. საუკუნეების განმავლობაში ვაკლავდით თავს აზიურ ურდოებთან ბრძოლას, ბოლო 30 წელი რუსულ ურდოს ვებრძვით. უკრაინა ახლა ებრძვის რუსეთს და ძალიანაც მამაცურად, ჩვენ 30 წელია ვებრძვით. მანამდე რა იყო, იმას აღარ მოვყვები. “ქართულ ოცნებას” უკიჟინებენ, სანქციები დაუწესე რუსეთსო და თავად ვაჭრობენ. იმ თვითმფრინავებსა და ჭურვებში, რომლებითაც რუსები უკრაინელებს ხოცავენ, უცხოური წარმოების ჩიპები აღმოჩნდა. საიდან? ე.ი. თავად სამხედრო წარმოების ნედლეულსაც ყიდიან რუსებზე, ნავთობსაც და გაზსაც და მე მეუბნებიან, წიწმატი და ღვინო არ გაიტანო რუსეთშიო. ჩვენს წინაპრებს კარგად აქვთ ნათქვამი, “ისეთმა ფურმა ჩამწიხლოს, ჩემზე მეტს რომ იწველისო”. ჩვენ ჩვენი შეცდომები გვეყოფა, უაზრო ულტიმატუმები და პრეტენზიები არ არის საჭირო. რუსეთში იმპორტირებული ღვინოებიდან ქართული ღვინო მეორე ადგილზეა, იცით პირველი ადგილი ვის უჭირავს? იტალიას! შესანიშნავი პრემიერი ჰყავთ, ძალიან მომწონს მეცოლა, მაგრამ თუ მას შეაქვს რუსეთში ღვინო, ჩვენ რატომ გვიშლიან? სულაც არ ვაპირებ “ოცნების” ქებას, მაგრამ ყველაფერში კი არ ტყუის ეს ხალხი”, – მიიჩნევს რესპონდენტი.
“ბალტიელები რომ ასეთი მამაცნი არიან დღეს, ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ნატოს ქოლგის ქვეშ არიან და ევროკავშირის ფინანსებიც აქვთ?! ჩვენ კი მარტო ვართ დარჩენილი, სადღაც ზღვის გადაღმა! კიდევ კარგი, ახლა მაინც არ დაგვტოვეს სტატუსის გარეშე. ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევდა ქართველ ხალხში. “ქართულ ოცნებას” ახლა მართლა მოუწევს რეფორმების გატარება – ჩვენ ვითხოვეთ ევროპულ ოჯახში შესვლა, ისინი გვეუბნებიან, კი ბატონო, მობრძანდით, მაგრამ ჩვენ ოთახში შესვლამდე ფეხზე ვიხდითო, შენ ვერ ეტყვი, არ გავიხდი ფეხზე, დივანზე უნდა ვიარო ტალახიანი ფეხებითო. ჩვენ უკვე კანდიდატის სტატუსი გვაქვს, სავარაუდოდ, 2030 წელს ევროკავშირის წვერიც გავხდებით. ჩვენ მოგვიწევს რეფორმების რეალურად გატარება, ვალდებულების შესრულება. სულ რომ არ გვინდოდეს ევროკავშირში შესვლა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს რეფორმები”, – დასძენს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.