თემურ ქათამაძე შიმშილობის ძალიან მნიშვნელოვან ვადაზეა. მივმართეთ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს და სახალხო დამცველს, მაგრამ ამ ეტაპამდე, სამედიცინო დოკუმენტაციის დონეზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდიან. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ვფლობთ მასთან პირადი შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების საფუძველზე, – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა, მარიამ გაბროშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
იურისტის განმარტებით, თემურ ქათამაძე 36-ე დღეა შიმშილობს და კლინიკაში გადაყვანაზე უარს აცხადებს.
„დღესაც ვესაუბრე ბატონ თემურს. როგორც ჩვენც გამოვაქვეყნეთ მისი წერილი, 15 თებერვალს გადაიყვანეს კლინიკა „ჰელსიკორში“, მას სურდა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენა, რაზეც უარი უთხრეს და დააბრუნეს დროებითი მოთავსების ცენტრში. ამასთან დაკავშირებით ის გამოთქვამს პროტესტს და ამის შემდეგ უკვე უარს ამბობს იმ მინიმალური სასიცოცხლო პარამეტრების შემოწმებაზეც, რასაც ამ დღეებში იტარებდა იზოლატორში. უარი კლინიკაში უთხრეს. როგორც ჩანს, ექიმები მიიჩნევდნენ, რომ მისი დამატებითი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ იყო, მიუხედავად შიმშილობის 30 დღისა, რაც იმ პერიოდში გვქონდა. ახლა უკვე 36-ე დღეა შიმშილობს და ისევ დროებითი მოთავსების იზოლატორშია ეს ადამიანი და უარსაც ამბობს გადაყვანაზე.
თავად თავს მაინც მხნედ გრძნობს. როდესაც მიკავშირდება, შეიძლება ითქვას, აქეთ მამხნევებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი [მეთვალყურეობა], რადგანაც შიმშილობის ძალიან მნიშვნელოვან ვადაზეა ეს ადამიანი. ამასთან დაკავშირებით მიმართულიც გვაქვს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტისთვის და სახალხო დამცველისთვის, მაგრამ ამ ეტაპამდე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდიან. ბოლო ცნობებით, მხოლოდ 9 თებერვლის ჩათვლით გვაქვს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ამის შემდეგ უკვე აღარ მოუწოდებიათ ინფორმაცია. ამდენად, არც ის ვიცით, როდესაც კლინიკაში გადაიყვანეს, რა გამოკვლევები ჩაუტარეს, როგორც იყო მისი შედეგები და ა.შ.
თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ვფლობთ, რა თქმა უნდა, მასთან პირადი შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების საფუძველზე, მაგრამ სამედიცინო დოკუმენტები 9 თებერვლის შემდგომ არ მოგვწოდებია“, – განაცხადა მარიამ გაბროშვილმა.
შეგახსენებთ, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.
