ირლანდიის უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, “შინ ფეინმა”, 21 თებერვალს განაცხადა, რომ გამოტოვებს წმინდა პატრიკის დღეს ტრადიციულ ვიზიტს აშშ-ში, თეთრ სახლში, ღაზის სექტორის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებისადმი პროტესტის ნიშნად.
როგორც AFP-ი იტყობინება, პარტიის ლიდერმა მერი ლუ მაკდონალდმა დუბლინში თქვა, რომ არ შეუძლია ვაშინგტონში ჩასვლა, „სანამ პალესტინელ ხალხს მასობრივი განდევნის საფრთხე ემუქრება“.
ტრამპის წინადადებამ, აშშ-მა კონტროლი დააწესოს ღაზაზე და პალესტინელები სამუდამოდ გაასახლოს სხვა ადგილზე, აღშფოთება გამოიწვია მსოფლიოში.
„ჩვენ ვალდებული ვართ ვიმოქმედოთ, როცა ვფიქრობთ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ცდება, თანაც პალესტინის შემთხვევაში – კატასტროფულად“, – თქვა მაკდონალდმა ჩრდილოეთ ირლანდიის პირველ მინისტრთან, თანაპარტიელ მიშელ ო’ნილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ირლანდიის სამთავრობო და ოპოზიციური პოლიტიკოსები ტრადიციულად მიწვეული არიან ხოლმე თეთრ სახლში წმინდა პატრიკის დღეს – ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, რომელიც 17 მარტს აღინიშნება. ეს შეკრება პოლიტიკური კონტაქტების საბაბად მიიჩნევა. მაგრამ ტრამპის კომენტარი „პალესტინელი ხალხის ღაზიდან ძალადობრივი განდევნის შესახებ არ შეიძლება უგულებელვყოთ“, – თქვა ო’ნილმა, რომელიც ამავე დროს არის პროირლანდიური ერთობის პარტიის ვიცე-პრეზიდენტი.
შინ ფეინის გადაწყვეტილება, უარი თქვას ვაშინგტონში ვიზიტზე, ზეწოლაა ირლანდიის ტიშეხზე (პრემიერ-მინისტრი), მიხოლ მარტინზე, რომელიც მოელიან, რომ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდება, მაგრამ მიწვევა ჯერ არ მიუღია.
ირლანდია ღაზის კონფლიქტში ისრაელის მოქმედების მკაცრი ოპონენტია და პალესტინელების ერთ-ერთი აქტიური დამცველია ევროკავშირში.
