მამის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებული დანაშაულს აღიარებს – შემზარავი დანაშაული და საქმის მასალები “კურიერი P.S.-ის” რეპორტაჟში

ჩანაწერში, 28 წლის სანდრო ინაური -საკუთარი მამის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას აღიარებს. ჰყვება, რომ მძინარე მშობელი სასიკვდილოდ კონფლიქტის შემდეგ გაიმეტა. ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს, მკვლელი არც იმას მალავს, რომ მტკიცებულებები გააქრო და მამის ცხედარი გადამალა.
გორი, სოფელი ქორდი, დაახლოებით დილის 4 საათი – 68 წლის უშანგი ინაურს საძინებელში ეძინა, როდესაც საკუთარმა შვილმა, სანადირო თოფი, სავარაუდოდ, კეფაზე მიაბჯინა და ერთი გასროლით მოკლა. სანამ სოფელი გაიღვიძებდა, სანდრო ინაურმა ცხედარი ბრეზენტის ნაჭერში გაახვია და, სხვა სისხლიან მტკიცებულებებთან ერთად, ავტომობილის საბარგულში დამალა. კვალის წაშლის მიზნით, დაალაგა სახლიც. ამასობაში გათენდა – დამნაშავე მეზობელს ესტუმრა.
სანდრო ინაური თბილისისკენ მამის ცხედართან ერთად დაიძრა. “კურიერი P.S-მა” სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც მოიპოვა. ჩანს, რომ დამნაშავე გზად, ერთ-ერთ სოფელში მტკიცებულებების ნაწილს ურნაში ყრის.
ცოტა ხანში, სანდრო ინაური ავტომობილით ავჭალაში, აგარაკზე ადის. ცხედარს ეზოში მალავს. მალევე უკან ბრუნდება, მიდის სახლთან ახლოს, საბურთალოზე, და რეცხავს ავტომობილს.
იმავე დღეს, სანდრო ინაურის ავტომობილი თბილისში, ელიავას ბაზრობასთან ახლოს ფიქსირდება. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ აქ ეძებს ადამიანს, რომელიც ავჭალაში, აგარაკზე, მიწის ამოთხრაში დაეხმარება. ხარჯებზეც უთანხმდება. სავარაუდოდ, დამნაშავე, ამ დროს მამის ცხედრის დამარხვასა და კვალის საბოლოოდ გაქრობას აპირებს.
რამდენიმე საათში, სანდრო ინაური სოფელ ქორდში ბრუნდება და, გზად, 112-ში რეკავს. ოპერატორს ატყუებს, რომ მამა დაიკარგა.
სანდრო ინაური ქორდში დაბრუნდა და მამის ძებნის პროცესში მეზობლებთან ერთად ჩაერთო. მალევე, ადგილზე პოლიცია მივიდა, გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.
2-დღიანი ძებნის შემდეგ, პოლიცია დამნაშავეზე სისხლის კვალმა გაიყვანა, რომელიც სანდრო ინაურის ავტომობილის საბარგულში შენიშნეს.
აღმოჩნდა, რომ დანაშაულის კვალი დამნაშავემ ბოლომდე ვერც მკვლელობის ადგილიდან წაშალა. კედელზე ძილში მოკლული უშანგი ინაურის ბიოლოგიური მასალა და სისხლის წვეთები აღმოაჩინეს. მალევე იპოვეს იარაღიც. სანდრო ინაურს, უმძიმესი ბრალდებით, ბორკილები დაადეს.
ცხედარი და მტკიცებულებები სანდრო ინაურმა სამართალდამცველებს თავად აჩვენა. შვილმა, მამის მკვლელობის მოტივად, ჯერ ბოლო კონფლიქტი დაასახელა, ახლა კი, ცვლის შინაარსს და აპირებს, რომ ბედი ნაფიც მსაჯულებს მიანდოს.
ანგარებით მკვლელობა – ადვოკატისგან განსხვავებით, ამაში თითქმის დარწმუნებულია დაზარალებული – მოკლულის და, რომელსაც, ამ ეტაპზე, კამერებთან გამოჩენა არ სურს. ამ მოტივზე მუშაობს ჯერ კიდევ მიმდინარე გამოძიება.
28 წლის სანდრო ინაურის საქმეზე, გამოძიება დასასრულს უახლოვდება. რამდენიმე კვირაში, საქმის განხილვას გორის რაიონული სასამართლო დაიწყებს. მძინარე მამის მკვლელობაში ბრალდებულს, ვერდიქტს, სავარაუდოდ, ნაფიცი მსაჯულები გამოუტანენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 16-დან 20-წლამდე მდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილი მკურნალობას კი არ უნდა გადიოდეს, ის ციხიდან უნდა იხდიდეს ფულს და უყურებდეს, როგორ მკურნალობენ სხვა პატიმრები, რომლებმაც მისი ციხე გაიარეს – რომელ ღირსების შელახვაზეა ლაპარაკი, რომ გადაწყვიტონ, დააშარდონ თუ არ დააშარდონ პატიმარს?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: ჩვენი ორგანიზაციის წევრმა, გიორგი სიხარულიძემ, რომელიც 17-18 წლის იყო, საკნიდან გამოსულმა რომ დამინახა, თვალი ჩამიკრა და გამამხნევა, ამის გამო, ჩემს თვალწინ სცემეს სამაგალითოდ, ამაზე დარდობო?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!