დასაქმების სააგენტოების ნაწილში აცხადებენ, რომ კომპანიების მიერ გამოცხადებული ვაკანსიების კლების ტენდენცია ნარჩუნდება.
როგორც Hr.ge-ში BMG-ის განუცხადეს, გასული წლის ბოლო კვარტლის ტენდენცია მიმდინარე წლის დასაწყისშიც გაგრძელდა და ამ მიმართულებით კლება იანვარ-თებერვალშიც ფიქსირდება.
სააგენტოს გაყიდვების დირექტორის, ინგა შახბაზიანის თქმით, გამოცხადებული ვაკანსიების ყველაზე მკვეთრი შემცირება კვლავ ჰორეკა სექტორში ფიქსირდება, სადაც კომპანიები ახალ კადრებს ნაკლებად ეძებენ.
“2024 წელს გამოცხადებულ ვაკანსიებში ჯამში 2%-იანი კლება გვქონდა, განსაკუთრებით ბოლო კვარტალში, ამ პერიოდში 8%-ით შემცირდა ვაკანსიების რაოდენობა. იანვარში პოზიტიური სიგნალები გვქონდა, თუმცა წინა წლის იანვართან შედარებით მაინც უფრო ნაკლები რაოდენობის ვაკანსია დავდეთ. თებერვალში იანვართან შედარებით მცირე მატებაა, ამ დროისთვის 4000-მდე ვაკანსიაა განთავსებული. თუმცა თუ ასე დასრულდა თებერვალი, 8%-იანი კლება გვექნება წინა წელთან შედარებით. თუმცა იმედს არ ვკარგავთ, რომ მომავალი კვირა უფრო აქტიური იქნება. ყველაზე მეტად ჰორეკა სექტორს გაუჭირდა, სასტუმროების და კვების სექტორში გამოცხადებულ ვაკანსიებში 40%-იანი კლება გვაქვს. კომპანიების უმეტესობის პასუხი ასეთია – რა ახალი კადრი, ძველების შენახვას ძლივს ვახერხებთ. ახლა აპრილს ელოდებიან, რომ ამ სეზონზე შედარებით გააქტიურდებიან ობიექტები”, – განაცხადა ინგა შახბაზიანმა.
ამასთან, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ვაკანსიების კლების პარალელურად, გაზრდილია სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა.
“ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ორ თვეში სამუშაოს მაძიებელთა ინტერესი მომატებულია. Hr.ge-ზე სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაციაც ხდება, სადაც უკვე 170 ათასი სამუშაოს მაძიებელია დარეგისტრირებული და ყოველდღიურად იზრდება ეს რიცხვი. აქამდე საშუალოდ დღიურად 30-დან 60-მდე რეგისტრანტი გვყავდა ხოლმე, დღეს ეს რიცხვი გაზრდილია და დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვაქვს. არის დღეები როდესაც 100 ახალი ადამიანიც რეგისტრირდება და ძველებიც აახლებენ თავიანთ მონაცემებს. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ ვთქვათ, თავად სამუშაოს მაძიებელთა ინტერესი მომატებულია. ასევე თავად კომპანიები გვეუბნებიან, რომ წინა პერიოდთან შედარებით ბოლო ორ თვეში გამოცხადებულ ვაკანსიებზე ბევრად მეტი CV შესდით“, – აღნიშნა ინგა შახბაზიანმა.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 13.9%-მდე შემცირდა. წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 2.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
