ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 1-ლი მარტის შემდეგაც გაგრძელდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ლევან სილაგავამ განუცხადა.
მისი თქმით, ამაზე სამინისტროსთან მოლაპარაკებები უკვე შედგა, კონკრეტული დადგენილება კი, როგორც მისთვის არის ცნობილი, მოგვიანებით გამოქვეყნდება.
„ამ საკითხზე მოლაპარაკებები დასრულებულია. უახლოეს მომავალში იქნება დადგენილება მისი გაგრძელების შესახებ. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პროექტში ასეა, რომ ის საქართველოში ახალი მოსავლის აღებამდე, ივნისამდე გაგრძელდება“, – ამბობს ლევან სილაგავა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საქართველოში ფქვილის იმპორტი 49%-ით შემცირდა.კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 70 866 ტონა (18.539 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი შემოვიდა, 2023 წელს – 137 695 ტონა (37.410 მლნ აშშ დოლარის).
ამასთან, გასულ წელს იმპორტირებული ფქვილის უდიდესი ნაწილი, 96% რუსეთიდან შემოვიდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს რუსეთიდან 68 301 ტონა (16.916 მლნ აშშ დოლარის) ფქვილის იმპორტი განხორციელდა, თუმცა ეს 2023 წელთან შედარებით, განახევრებული მაჩვენებელია. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ შემოღებული საიმპორტო გადასახადია, რომელიც რუსულ პროდუქტზე ქართველი მეხორბლეებისა და ადგილობრივი წისქვილების ხელშეწყობის მიზნით დაწესდა.
უფრო კონკრეტულად, აღნიშნული ბაჟი 2023 წლის ივნისიდან მოქმედებს და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან, 250 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გადაწყვეტილება ჯერ 2024 წლის 1-ელ მარტამდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, ბოლოს კი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა. რაც შეეხება გადასახადის მოცულობას, კვლავ ტონაზე 250 ლარი იქნება.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
