რას ნიშნავს EU-ის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის? – ნიკოლოზ შურღაიას შეფასება

14 დეკემბრის შემდეგ რაც ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადა, BM.GE შეეცადა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ბიზნესის შეფასებები მოესმინა. ქვეყნისთვის დადებითი გადაწყვეტილების შესახებ რესპონდენტების დიდი ნაწილის შეფასება, რა თქმა უნდა, დადებითია. „იდენტობის განმსაზღვრელი“, „ცვლილებების მომტანი“, „ინვესტიციების მომზიდველი“ და ა.შ.
რას ნიშნავს EU-ის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსთვის? – ეს კითხვა BM.GE-მ ყოფილ ბანკირს, დღეს კი ,,საქართველოს დამლაგებელთა გილდიის“ თავმჯდომარეს ნიკოლოზ შურღაიას დაუსვა, რომელიც ამბობს, რომ 14 დეკემბერს ცხადი გახდა, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველო ისეთი მიიღოს როგორიცაა, თუმცა ქართულმა საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელსაც ამ წარმატების მნიშვნელობა არ ესმის ეს უნდა გააცნობიეროს და ცვლილებებისთვის მზაობა უნდა შეიქმნას. ნიკოლოზ შურღაია მიიჩნევს, რომ კანდიდატის ქვეყნის სტატუსი ნიშნავს ამაღლებულ თავდაცვას და მჭიდრო ეკონომიკურ კავშირს ევროპასთან.
„ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას რამდენიმე ნაწილად დავყოფ: პირველ რიგში ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვირწმუნოთ, რომ ევროპას ჩვენ ვუნდივართ და ვუყვარვართ და უნდათ, რომ მათი ნაწილი გავხდეთ. დიდი სიხარულია, იმის ცოდნა, რომ ქვეყნის 80%-ს სურს ევროპის ნაწილად ყოფნა, მაგრამ 20%-ს არ უნდა, ან ყოყმანობს, რადგან ეშინია. მათ ჰგონიათ, რომ ეს რაღაც ისეთს შეიცავს, რაც ჩვენს წესებს შეგვაცვლევინებს. ეს არ არის სწორი დაშვება. ვისაც ჰგონია, რომ ჩვენ ქვითკირის სახლებში დავიბადეთ და ძალიან მაგრები ვიყავით, მოვუწოდებ წაიკითხოს იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კანონი“, რომელიც 1912 წელსაა დაწერილი. ავტორი ძალიან წუხდა, რომ ძალიან სიღარიბე იყო და ქვითკირის სახლებში კი არ ცხოვრობდნენ, არამედ ადამიანებს საქართველოს ყველა რეგიონში, ქართლში, კახეთში, სვანეთში და ა.შ. პირუტყვთან ერთად უწევდა ცხოვრება და ეს ჩვეულებიდან გამომდინარე ხდებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ევროპისკენ მიმავალი ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ და კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ასე რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმის, რომ ევროპის ნაწილი გავხდეთ. ჩვენ უნდა შევიცვალოთ, ისე ევროპელები ვერ გავხდებით.
მეორე ფაქტორი ის, არის რომ ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი თავდაცვის ზრდისთვის. ჩვენ ძალიან სახიფათო რეგიონში ვცხოვრობთ და სახიფათო მეზობელი გვყავს. ეს ჩვენი თავდაცვისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა.
ეკონომიკის მხრივ, ეს არის შესაძლებლობები ვიყოთ ამ ბაზართან უფრო ახლოს, ინტეგრირებულნი და გავზარდოთ თანდათან ჩვენი ექსპორტი, მეტი ინვესტიციები შემოვიდეს. ამ სტატუსის ქონა მეტი სტაბილურობის და განჭვრეტადობის საშუალებაა იმისთვის, რომ საქართველო საერთაშორისო ინვესტორებმა დაინახონ. ქვეყნებს შორის ამ მხრივ დიდი კონკურენციაა, შესაბამისად ჩვენ მომავალში შეიძლება ვიყოთ აღქმული, როგორც საინტერესო ქვეყანა, რომელიც საინვესტიციოდ მიმზიდველი იქნება.
როგორც სკოლაში შესულ ბავშვს შეუძლია კარგად ისწავლოს და ამის შემდეგ ცხოვრების კარები გაეხსნება და თუ არ ისწავლის ეს კარები ვერ გაეხსნება, ჩვენც ასევე უნდა შევიცვალოთ კარგისკენ, განათლებას მოწყურებულები, უფრო მშრომელები უნდა გავხდეთ. ასეთი საბავშვო მოთხრობაა „უსუნო ყვავილი“ – როგორ ყვავილსაც დაყნოსავ, ისეთივე სურნელი აგივაო. თუ ჩვენ ევროპის ნაწილი ვიქნებით განათლების და სიყვარულის ნაწილი ვიქნებით, და არა აგრესიის და ჩაგვრის. ჩვენ უნდა გვინდოდეს, უკეთესები გავხდეთ.
თუ ვინმე შიშობდა, რომ ევროპას ჩვენ არ ვუნდოდით, ახლა დავინახეთ, რომ ჩვენი არასრულყოფილების მიუხედავად ევროპა სიხარულით გვიღებს კარს და ჩვენ ბევრი საამაყო რამ მიგვაქვს, ისტორია მიგვაქვს“, – განმარტავს შურღაია.
კითხვაზე – ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვის მეტი პასუხისმგებლობა ენიჭება, იმ დათქმების შესრულებაში, რომელიც ქვეყანას ევროპული ქვეყნების ოჯახში ადგილს უზრუნველყოფს, ნიკოლოზ შურღაია თვლის, რომ თითოეულ მოქალაქეს იქნება ეს ხელისუფალი თუ რიგითი ადამიანი, ამ გზაზე თავისი როლი აკისრია.
„ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ეს საქმე ჩვენი გასაკეთებელია. მუხრან მაჭავარიანს აქვს ასეთი ლექსი „ ვითარცა მტკვარი“, რომელშიც ასეთი სიტყვებია „და დღეს ვახტანგის ნაქონი სისხლით, და დღეს შოთაის ნაქონი სისხლით, და დღეს სულხანის ნაქონი სისხლით“, დღე ჩვენ ვართ ეს სისხლი – მე, თქვენ, თქვენი მკითხველი და მაყურებელი, რომლებმაც მიიღო ეს სისხლი და რომელიც მომავალ თაობაზე გადავა. ჩვენ რას გავაკეთებთ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ჩვენი პასუხისმგებლობაა ვაღიაროთ, რომ ეს ჩვენი გასაკეთებელია“, – აცხადებს შურღაია.