ჩვენთვის მიუღებელია უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს ქვეყნების ჯარების განლაგება – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ნატოს ქვეყნების ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განლაგება მიუღებელია.
მისი თქმით, კრემლი შეშფოთებულია ევროპის გეგმებით ში ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კირ სტარმერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს წარუდგენს 30 000 ევროპელი ჯარისკაცის უკრაინაში გაგზავნის გეგმას ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.
„ეს ჩვენთვის შემაშფოთებელია, რადგან საუბარია სამხედრო კონტინგენტების განლაგებაზე, უკრაინაში ნატოს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტების შესაძლო განლაგებაზე. ეს სულ სხვა მნიშვნელობას იძენს ჩვენი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამიტომ ეს თემა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მისაღები არ არის უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტების განლაგება“, – განაცხადა პესკოვმა რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო TASS-თან.
კირ სტარმერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს წარუდგენს 30 000 ევროპელი ჯარისკაცის უკრაინაში გაგზავნის გეგმას ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ ცნობას ბრიტანული გაზეთი ტელეგრაფი ავრცელებს მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ეს შეხვედრა სტარმერსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის მომდევნო კვირას, ვაშინგტონში გაიმართება.
ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, თუ უკრაინასა და რუსეთს შორის ტრამპის ლიდერობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდება, როგორ დააზღვიონ საფრთხე, რომ პუტინმა ცოტა ხანში ისევე არ შეუტიოს უკრაინას.
ამავე ინფორმაციის თანახმად, სტარმერი შესთავაზებს ტრამპს, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები და რაკეტები, რომლებიც ევროპაშია ბაზირებული, მზადყოფნაში იყოს მოყვანილი, თუ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეულ შეთანხმებას დაარღვევს.
რაც შეეხება ზემოხსენებულ 30 000-მდე ჯარისკაცს, ისინი “ტელეგრაფის” თანახმად განთავსდებიან უკრაინის ქალაქებში, პორტებსა და სხვა კრიტიკულ ადგილებში მათ შორის ბირთვულ ელექტროსადგურებთან. მათ დაევალებათ “ტექნიკური მონიტორინგი” იმისა თუ რა ხდება ადგილზე.