რადგან პანდორას ყუთი გახსნილია, ხელს შევუწყობთ, რომ ეს ყუთი არასდროს დაიხუროს – კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი: გადაიხადა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა 7 ნოემბრის დარბევის შემდგომ თანხა პოლიციაში? დაურიგა თუ არა მისმა ფონდმა პოლიციელებს პრემიები, რომლებმაც 7 ნოემბერს დაგვარბიეს, მერე წავიდნენ და „იმედი“ დაარბიეს? – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ კითხვას უპასუხა.
გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ „ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია დაუსჯელი, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსახურებოდა“.
„ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, შესაბამისად, ამ პროცესში მონაწილეობას ვერანაირად ვერ მოვიღებთ. ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანია ჯერ კიდევ დაუსჯელი, რომელიც ამ სისტემას ემსახურებოდა. ამ ბევრ ადამიანში იგულისხმებიან მოსამართლეები, პროკურორები, პარლამენტის წევრები, ახლანდელი დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ბატონი რიჟვაძე, მამამისი „ზონდერი“, რომელიც ადამიანებს წამლებს უდებდა. მაგალითად, ცოტნე ანანიძე მამამისის ცრუ ჩვენებით არის გასამართლებული. ასევე, [დაუსჯელია] აჭარის უმაღლესი საბჭოს ბევრი წევრი, საკრებულოს წევრები, მერები, რომლებიც წინა სისტემაში იყვნენ.
საგამოძიებო კომისიაში სამი ადამიანია – შარმანაშვილი, რომელიც სააკაშვილმა წარადგინა ელჩად 2011 წელს; ალუდა ღუდუშაური, რომელიც კუდ-სა და სისტემის ადვოკატი იყო, რომელიც თავიდან ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობის სისტემის ნაწილი იყო და ასევე, ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც ვანო მერაბიშვილის ბევრი პოლიციელის უფროსი იყო ბევრი წლის განმავლობაში. 7 ნოემბრის შემდეგაც ამ პოლიციაში მუშაობდა. სავარაუდოდ, 7 ნოემბერსაც აქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე, ძალიან ბევრი ადამიანი ხან ნარკოტიკს რომ უდებდნენ, აუბედურებდნენ და ა.შ. აი, ამ პოლიციის ნაწილი იყო.
ეს კომისია იძიებს არჩევნებს, მე მაინტერესებს თეა წულუკიანი გამოიძახებს კახი კახიშვილს და ეტყვის, როგორ შეიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ სია 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის? ამ საკითხებზე ჩვენ კომენტარს ყოველთვის გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია. პროცესი ხომ არის, მედია საკითხი ხომ დგება, თქვენ კითხვას ხომ სვამთ? ამ კითხვებს პასუხს ყოველთვის გავცემთ. ასევე, დავსვამთ კითხვებს: მაგალითად, სააკაშვილმა როგორ აიღო საჩხერეში, ჭორვილაში 55%-ზე მეტი? ეს კითხვა უნდა დადგეს ამ „კომისიაში“. ძალიან საინტერესოა, როგორ გაიმარჯვა სააკაშვილმა ჭორვილაში, სადაც ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების გარეშე ბუზი არ დაფრინავს, პირდაპირი მნიშვნელობით. რადგან ეს პანდორას ყუთი გახსნილია, ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ ეს პანდორას ყუთი არასდროს დაიხუროს. კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. გადაიხადა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა 7 ნოემბრის დარბევის შემდგომ თანხა პოლიციაში? დაურიგა თუ არა ბიძინა ივანიშვილის ფონდმა პოლიციელებს პრემიები, რომლებმაც 7 ნოემბერს დაგვარბიეს, მერე წავიდნენ და „იმედი“ დაარბიეს? თეა წულუკიანმა გასცეს პასუხი: როგორ აიღო მიხეილ სააკაშვილმა 55-%-ზე მეტი 2008 საპრეზიდენტო არჩევნებზე ჭორვილაში“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
რაც შეეხება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს წვდომა იმ ვიდეოკამერებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა. მისივე თქმით, ივანიშვილი „პირადად უყურებს, ვის რა პლაკატი უჭირავს“ აქციაზე.
„როდესაც ორგანიზებული პოლიცია სადღაც არის ჩართული, ამას ოპერატიულად აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი. მეტსაც გეტყვით, არ გამოვრიცხავ, იმ ვიდეოკამერებზე, რომლებიც ახლა მათ რუსთაველზე დაამონტაჟეს, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს წვდომა. ეს ჩემი პირადი ვარაუდია, თავს არავის ვახვევ, მაგრამ ვიცი რა მისი ბუნება, ვიცი რა მისი ასეთი გატაცება, ზოგადად ამ გადაღებების… თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, მას ამის ვიზუალიზაცია სჭირდება. არ მჯერა, რომ ის ეყრდნობა მხოლოდ იმას, ვიღაც რაღაც ინფორმაციას რომ მიუტანს. ახლა ის უშუალოდ არის ჩართული ამ პროცესების მართვაში, ნუ მისი გადმოსახედიდან. ის უშუალოდ ნერვიულობს, დარწმუნებული ვარ, პირადად უყურებს, ვის რა პლაკატი უჭირავს. იქ ძალიან დიდი სისტემაა უკვე დამონტაჟებული. ამის რესურსი აქვს იმიტომ, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია და ამას არავინ აკონტროლებს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
