გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი, რომელიც მომავალ კვირას შეერთებულ შტატებს ეწვევა, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგების გეგმას წარუდგენს, – ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საუბარია 30 000-ზე ნაკლებ ევროპელ ჯარისკაცზე და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, დეტალურად განმარტავს, თუ როგორ შეუძლიათ ევროპულ ჯარებს აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიცვან.
The Telegraph-ი წერს, რომ დასავლელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, რომლებიც გეგმას იცნობენ, სტარმერი ასევე მოუწოდებს ტრამპს, შეინარჩუნოს აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავები და რაკეტები აღმოსავლეთ ევროპაში იმისთვის, რომ „ლეტალური ძალით უპასუხონ, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის პირობებს დაარღვევს“.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის დროს კირ სტარმერი ხაზს გაუსვამს, რომ აშშ-ის ინტერესებშია, მონაწილეობა მიიღოს ომის დასრულების შემდეგ რუსეთის მესამედ შეჭრის თავიდან აცილებაში.
„ბრიტანულ-ფრანგული გეგმის მიხედვით, 30 000-ზე ნაკლები ევროპელი ჯარისკაცი განლაგდება უკრაინის ქალაქებში, პორტებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა ატომური ელექტროსადგურები, ამჟამინდელი ფრონტის ხაზისგან შორს. ომით განადგურებულ ქვეყანაში გაცილებით დიდი ძალების განლაგების ნაცვლად, მისია დაეყრდნობა „ტექნიკურ მონიტორინგს“, მათ შორის სადაზვერვო, სათვალთვალო და რეკოგნოსირების თვითმფრინავებს, დრონებსა და თანამგზავრებს, რათა უზრუნველყოს სრული სურათი იმის შესახებ, თუ რა ხდება“, – წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, ოპერაციის მხარდაჭერა მოხდება საკმარისი საცეცხლე ძალით თავდასხმების გასაკონტროლებლად და გასანეიტრალებლად, რათა ხელახლა გაიხსნას უკრაინის საჰაერო სივრცე და კომერციული ფრენები შესრულდეს. ამასთან, შავ ზღვაში გაიგზავნება საზღვაო საპატრულო გემები, რათა კომერციული გემების მიმართ რუსეთის მხრიდან შესაძლო საფრთხეებს დააკვირდნენ.
„დასავლელი ოფიციალური პირების მიერ აღწერილი გეგმა ბევრად ჩამოუვარდება 200 000-კაციან სამშვიდობო მისიას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის სანაცვლოდ მოითხოვა. მაგრამ იმის გამო, რომ გერმანია, ესპანეთი და იტალია ეწინააღმდეგებიან სამშვიდობო მისიის განლაგებას, ევროპის ვარიანტები უკრაინის მომავლის უზრუნველსაყოფად შეზღუდული ჩანს“, – წერს The Telegraph-ი.
ევროპელმა ოფიციალურმა პირმა The Telegraph-ს განუცხადა, რომ ნატო-ს ასევე მოუწევს დისკუსიის გახსნა მე-5 მუხლის შესახებ, რომლის თანახმადაც ალიანსის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს.
„მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მოლოდინი, რომ პუნქტი გავრცელდება უკრაინაში დისლოცირებულ ევროპულ ჯარებზე, ზოგიერთი ქვეყანა დაჟინებით მოითხოვს, რომ გავრცელდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი გადაწყვეტს თავდასხმას მათ ტერიტორიებზე, ამ განლაგების გამო“, – წერს The Telegraph-ი.
