ლავროვი იმეორებს, რომ 3+3 ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კვლავ აცხადებს, რომ 3+3 ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა. ამის შესახებ ს სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს ინფორმაციას.
“თავიდანვე ყველა თანხმდებოდა, რომ გვაქვს „სამი პლუს სამი“ ფორმატი. გვესმის საქართველოს ეჭვები და პოზიციის ნიუანსები, მაგრამ საქართველოს წარმომადგენლებისთვის ადგილი ყოველთვის იქნება ამ ფორმატის შეხვედრების დარბაზში“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მსგავსი განცხადება გააკეთა 2024 წლის ოქტომბერშიც. მისი სიტყვებით, 3+3 შეხვედრის მონაწილეებმა მორიგ ჯერზე გაუსვეს ხაზი, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა.
„ჩვენ მორიგ ჯერზე, ჩვენ ამას ვაკეთებ ყოველთვის, როცა ამ ფორმატში ვიკრიბებით, დავადასტურეთ, რომ საქართველოსთვის ამ პლატფორმის კარი ყოველთვის ღია რჩება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები შეძლებენ სამუშაოში ჩართვას“, – თქვა მაშინ ლავროვმა.
გასული წლის 29 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა მზადყოფნაზე, დაეხმაროს საქართველოს თავის “მეზობლებთან”, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან”, დაახლოებაში. მოგვიანებით, საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ “2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება.”
ფორმატი „3+3“ გულისხმობს თანამშრომლობას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროებში.
საქართველოს ოფიციალური პოზიცია თავიდანვე იყო, რომ არ აპირებდა ამ პლატფორმაში მონაწილეობას.
ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2021 წელს მოსკოვში გაიმართა, მეორე – 2023 წელს თეირანში, მესამე კი თურქეთში.
მოლაპარაკებების ამ ფორმატში საქართველოს ჩართვას თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუც ეცადა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადრე განაცხადეს, რომ რუსეთთან რაიმე სახის ერთობლივ ფორმატზე საუბარი ვერ იქნება, სანამ მოსკოვს ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20%.