საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ მისი გამოსვლის მთავარი თემა რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის წარმოება იყო.
ამის შესახებ მან ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის ახალი ხედვაა – არჩევნების მანიპულაცია და ამ კონტექსტში მან საქართველოს გარდა, რუმინეთის და მოლდოვის, ასევე უკრაინის მაგალითები მოიყვანა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთმა იცის, რომ უკრაინაში ვერ მიაღწია შედეგს და სწორედ ამიტომ, უკრაინაში არჩევნების თემას მანიპულაციისთვის გამოიყენებს.
“ძალიან საინტერესო იყო ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ერდოღანთან, აქ არის მთელი შავი ზღვის მომავალი, რომელიც ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცით, ასევე, ევროკავშირისთვის თუ რამდენად მნიშვნელოვანია, NATO-სთვის, მათაც აქვთ სტრატეგიული ხედვა შავი ზღვის და სხვათა შორის, ჩემი ერთ-ერთი თემა მიუნხენში ის იყო, რომ რუსეთს დაწყებული აქვს ჰიბრიდული ომი, სადაც არ გამოსდის სამხედრო ომები, როგორც ჩანს, ვეღარ და ჰიბრიდული ომი იმაში მდგომარეობს, რომ როგორც ჩვენთან სცადა და ჯერ ისევ ამ მცდელობის ცენტრში ვართ არჩევნების მანიპულაცია.
ანუ ჰიბრიდული პროპაგანდა და მანიპულაცია არჩევნების ერთად, არის ერთ-ერთი ახალი ხედვა და მცდელობა რუსეთის და არ არის ეს შემთხვევითი, რომ ეხება შავი ზღვის ირგვლივ ქვეყნებს, საქართველოს, რუმინეთს, მოლდოვას და უკვე ჩანს, რომ არჩევნების თემა უკრაინაში იქნება მანიპულაციის თემა, ეს იმასაც აჩვენებს, რომ რუსეთმა იცის, არ მოიგო სამხედრო ომი უკრაინაში, ვერ მიაღწია შედეგს და იმასაც აჩვენებს, რომ არაა ბოლომდე დარწმუნებული იმაში, რომ მოიგებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს ანუ არ მოიგებს ისე, როგორც თვითონ აპირებს და უნდოდა, რომ მთლიანად უკრაინა დაიბრუნოს იმ თავის ზეგავლენის ქვეშ, როგორც არსებობდა ადრე და არჩევნები მანიპულაცია, პროპაგანდა ეს ნამდვილად ნაცრისფერი ჰიბრიდული ზომები არის მისი ახალი იარაღი, რომელსაც უნდა მივაქციოთ ძალიან დიდი ყურადღება.
ჩემი თემა ერთი იყო იქ, მიუნხენში, რომ არ მოგვაქციეთ ყურადღება 2008 წელს, ახლაც იგივე ხდება, ჩვენც ვართ საცდელი ქვა ახალი სტრატეგიის და ახლა მაინც მოგვაქციეთ ყურადღება”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
